ქართული ყველის სახლი

ქართული ყველი
რა არის და სად არის ქართული ყველის სახლი?

ქართული ყველის სახლი თავდაპირველად გახლდათ იდეა, შემდეგ შევიმუშავეთ კონცეფცია, რომელიც დიდი ხანი ქაღალდზე არსებობდა. დღეს ქართული ყველის სახლი რეგისტრირებული ორგანიზაციაა, რომელიც ფერმერებთან თანამშრომლობს და დაინტერესებულია ახალ ფერმერებთან პარტნიორობით. ვფიქრობ, უკვე ძალიან მალე, ყველის სახლს საკუთარი სივრცე ექნება და დახურულ შენობაში დაიდებს ბინას, სადაც მომხმარებელი ყველის დაგემოვნებასა და შეძენას შეძლებს.

ყველის ხარისხს ვინ აკონტროლებს?

იმისთვის, რომ მომხმარებელი ხარისხიანი პროდუქტით უზრუნველვყოთ, ჩვენ ასოცირებული ფერმერებისგან, შესაბამისობის სერტიფიკატის გარდა, ვითხოვთ ბიოლოგიურ მეურნეობა ელკანას სერტიფიკატს ან ელკანასთან ასოცირებულ წევრობას.

წინანდალში ტაბულას პრეზენტაციაზე, ჰაერში ტრიალებდა რიცხვები: ოცდახუთნაირი ქართული ყველი, ოთხმოცამდე სახეობა, ამ რიცხვებმა პრესაში და სატელევიზიო რეპორტაჟებშიც გაჟონა. მაინც რამდენი სახეობის ყველი გვაქვს საქართველოში?

რიცხვებს ამ შემთხვევაში ნაკლებ მნიშვნელობას ვანიჭებ. შესაძლოა, ეს იყოს 80 ან 200. კარგად მოგეხსენებათ, რომ ბაზა ყველა ყველს ერთი აქვს, ნებისმიერი ყველის თავდაპირველი სახე ნედლი ყველია. საბოლოო პროდუქტს თავდაპირველი სახისგან განასხვავებს დავარგების წესი, ანუ ის, რასაც ტექნოლოგიას ვუწოდებთ. ის, რომ საქართველოში ფართოდ მოიხმარენ იმერულს, სულგუნს, გუდას და ქართულ, ე.წ. ქარხნულ ყველს, არ ნიშნავს, რომ ყველის სხვა სახეობები არ გვაქვს. სოფლის მეურნეობის სამინისტროში ყველის 14 სახეობას იცნობენ. მე პირადად მაქვს ნაპოვნი დაახლოებით 34 სახეობის ყველი, მაგალითად მეგრული კაზლა ყველი, მეგრული გუდა, რომელიც ორი სახეობით არის, მეგრული ჭაჭმოდებული ყველი, რაჭული სოკოს ყველი, ღების ქვაყველი, არის ქვაყველის იმერული ვერსიაც, საფერავის ყველი.

ჩვენ გავსინჯეთ ქართული პარმეზანი, ქართული გაუდა, ხომ არ არის შესაძლებელი საქართველოში ევროპული ყველის წარმოება განვითარდეს?

ქართულ რძეს ბევრი საუკეთესო თვისება აქვს, საქართველოში კარგი ალპური ზონა გვაქვს. ჩემთვის აღმოჩენაა ხიზაბავრის ფერმა, სადაც ფერმერები მესხი კათოლიკეები არიან და საქონელს 2200 მეტრის სიმაღლეზე აძოვებენ. მათ ჰყავთ იტალიელი მეგობარი, რომელმაც პარმეზანის ტექნოლოგია ასწავლა. ეს ყველი ახალგაზრდა, ქართული პარმეზანია, თუმცა გემოთი ისე განსხვავდება, რომ იმავე იტალიელმა ტექნოლოგმა ფერმერებს ურჩია, ყველს ახალი სახელი დაარქვან. ასე რომ, ეს პროცესი დაწყებულია და უცხოური ტექნოლოგიით ყველს საქართველოში უკვე აწარმოებენ. იგივე შეიძლება ითქვას სოფელ სალთას ფერმაზე წალკის რაიონში, სადაც ქართული გაუდა იწარმოება.

რა არის საჭირო იმისთვის, რომ ყველის ეს სახეობები ფართოდ გავრცელდეს, ანუ მომხმარებლამდე მივიდეს?

პირველ რიგში, ამაზე უნდა ვისაუბროთ, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა გაიგოს, რომ საქართველოში ყველის მრავალფეროვნება არსებობს. ჩვენ ალბათ ვერ გავაკეთებთ მასობრივ და ხელმისაწვდომ ყველს, ასეთი ყველი ბაზარშია. თუმცა ეს იქნება განსაკუთრებული, ტექნოლოგიის მკაცრი დაცვით მიღებული ყველი, რომელსაც ყველის სახლში შევთავაზებთ, როგორც მომხმარებელს, ასევე რესტორნებს.

როგორ გესახებათ ყველის სახლის მომავალი?

როგორც ყოველთვის, ვაგრძელებ კვლევას, ფერმერებთან, ეთნოგრაფებთან და მწყემსებთან თანამშრომლობას. მწყემსებსა და მწველავებს აქვთ პირველი შეხება ყველთან, ხშირად არანაკლებ საინტერესოა მათი მიგნებები. ვფიქრობ, ახალი რეცეპტების აღმოჩენას მოხმარდება ჩემი დარჩენილი ცხოვრება და პროცესში კიდევ ბევრ საინტერესო ყველს მივაგნებ.

 

 

კომენტარები