JAZZეიმი თბილისში

უეინ ჰენდერსონი
რეალური მაკოი და დიდი პატარები

როდესაც მაკოი ტაინერის კვარტეტი თბილისის მეცამეტე ჯაზფესტივალის გასახსნელად სცენაზე გამოვიდა, ყველანი იმ საპარიკმახეროში აღმოვჩნდით, რომელშიც ედი მერფი რამდენიმე ხანშიშესულ დალაქს ერთდროულად ასახიერებს ფილმში „მოგზაურობა ამერიკაში”. 

სავარძელში ჩავჯექი, წინსაფარი გამიკეთეს და ჭორაობაც დავიწყეთ. ჭორაობა ცოტა ძველ ამბებზე, მელოდიურად, მშვიდად. თავიდან თითქოს მოსაწყენადაც და ის იყო, თვლემამ გამიელვა თავში, რომ გარი ბარტცმა ძალიან საინტერესო ისტორია წამოიწყო საქსოფონით. მერე რიგრიგობით ყველა დაიქოქა და საპარიკმახეროში ყოფნაც სახალისო გახდა. ერთ მომენტში კი ტაინერმა ისეთი ტემპი აკრიფა, რომ ძლივს გავყევი, ძლივს ვასწრებდი აღფრთოვანებას, ძლივს მესმოდა, რისი თქმა უნდოდა. ის კი არ ჩერდებოდა – „მე, ბად პაუელი და თელონიუს მონკი ჯონ კოლტრეინთან ავედით ჩაიზე...” „გამიხარდა, მეოთხე გრემი რომ მომცეს...” მერე უცბად ოთხივემ ერთად დაიწყო და ყველაფერი თავის ადგილას დადგა – გახურებული მოხუცების დინამიური მონათხრობი უკვე ძალიან კარგი მოსასმენი იყო.

და ამ დროს ამ ჰარმონიაში ძალიან უხეში ჰანგები შემოიჭრა – ერთმანეთში აზელილი ტელეფონის ზარის (რატომ არ თიშავენ?) და ცხარე ცრემლით მომტირალი 3-4 წლის ბავშვის (რა უნდოდა იქ?). მომენტალურად თბილისში დავბრუნდი, სულ სხვა ხარისხის ჭორაობაში. იმ ბავშვის პატრონი თითქოს თვალებით მეკითხებოდა: „იცი, რა მითხრა მერაბის მძახალმა?..”

ამერიკაში, კეთილი მოხუცების გარემოცვაში დაბრუნება ვეღარ მოვასწარი. ტაინერის კვარტეტმა გამოსვლა დაამთავრა. ტაინერის კვარტეტი ბისზე არ გამოუძახიათ.
სამაგიეროდ კრისტიან სკოტის კვინტეტი გამოიძახეს ორჯერ. ერთხელ გამოვიდნენ, მეორედ – აღარ. თანამედროვე ჯაზის მთავარი ხულიგანის და მისი ბრწყინვალე, ძალიან აგრესიული ბენდის გამოსვლამდე ნაცნობმა მომიყვა, თუ რა ცუნამი მოაწყვეს ამ ახალგაზრდებმა ზაფხულში როტერდამში. ამჯერად ცუნამი არ გამოვიდა. რატომღაც მხოლოდ ერთსაათიანი გამოსვლა არასაკმარისი აღმოჩნდა ამისთვის.

ძველი თაობის სოლიდური, კლასიკური კომპოზიციების შემდეგ სკოტმა ნამდვილი ენერგეტიკული საგიჟეთი მოაწყო და მხოლოდ ორი პაუზა გააკეთა: პირველად ჯგუფის წევრები წარმოადგინა და მოგვიყვა, რომ პიანისტი ლოურენს ფილდსი და კანადელი გიტარისტი მეთიუ სტივენსი ბერკლიში სწავლისას გაიცნო, რომ კრისტოფერ ფანის ბასის მოსასმენად საგანგებოდ ჩავიდა ბალტიმორში, სადაც ხუთი საათის განმავლობაში ერთად უკრავდნენ და როცა სკოტმა ბენდში გადასვლა შესთავაზა, უარი მიიღო. მერე გაირკვა, რომ ეს ხუმრობა იყო – ფანი, რასაკვირველია, სკოტთან წავიდა. ისევე, როგორც დრამერი ჯემაირ უილიამსი, რომელიც სკოტმა და მისმა ტყუპისცალმა ბავშვობაში უბანში გააჩერეს, გაარკვიეს, რომ შეყვარებულთან მიდიოდა პირველი კოცნის დასაგემოვნებლად და: „მე და ჩემი ძმა საზიზღარი ბავშვები ვიყავით, მან ჯემაირი გააკავა და მე ვაკოცე. ეს მისი პირველი კოცნა იყო. ვერ გვიტანდა, მაგრამ მერე დავმეგობრდით”.

მეორე პაუზა ბოლო კომპოზიციის წინ იყო: „პოლიციელებმა გამაჩერეს, მანქანიდან გადამათრიეს, შარვლის ჩახდა და მიწაზე დაწოლა მომთხოვეს, თან მითხრეს, თუ არ გავაკეთებდი, დედაჩემი მორგში მომაკითხავდა. არ გავაკეთე, სახლში ძალიან გაბრაზებული დავბრუნდი და აი, ეს დავწერე”.
სკოტის საყვირიდან გინება გაისმა. არადა, სულ რაღაც თხუთმეტი წუთით ადრე ამ გილესპისეული საყვირიდან სიყვარულის ულამაზესი ამბავი მოგვასმენინა. ეს ბიჭი გენიალურობისთვისაა გამზადებული.

ჯვაროსნები ტრიოს ჩრდილში

ფესტივალის მეორე დღეს განსაკუთრებულად ველოდი, ვიცოდი, რომ დაიენ რივზი, რასელ მელოუნი და რომერო ლუბამბო ფანტასტიკურ კონცერტს გააკეთებდნენ, მაგრამ შევცდი. ამ სამმა მუსიკოსმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ერთი შეხედვით მოწყენილობისთვის განწირულმა პროექტმა (ორი გიტარა და ვოკალი), რომელმაც ევროპული ტურნე დაიწყო, ორი საათი ხუთ წუთად აქცია და ეს სწორედ ის „ხუთი წუთია”, რის გამოც ჯაზი გვიყვარს.

ჯორჯ დიუკის ფაშფაშა ბიძაშვილმა დარბაზში ტორტი შემოიტანა და თითო ნაჭერი ყველას ჩამოგვირიგა. უგემრიელესი იყო. რივზის ხმა არანორმალურად არომატულია. თან ძალიან მსუყე. რივზის ხმას საზღვარი არ აქვს, არც ქვედა და არც ზედა. ის ხმას გავლებს და გამოგზაურებს იქ, სადაც გაუხარდება. გაოცებს, გატირებს, გაცინებს. ამიტომაც აქვს ოთხი გრემი საუკეთესო ჯაზვოკალისთვის, ამიტომაც იმღერა 2002 წლის ოლიმპიადის დახურვაზე და ამიტომაც დაინგრა კინაღამ ფილარმონია. თუმცა ამ ამბავში დაიენის აქეთ-იქით მსხდომებმაც დიდი წვლილი შეიტანეს. ბრაზილიელი ლუბამბო სხვადასხვა დროს ისეთ გრანდიოზულ ფიგურებთან ერთად უკრავდა, როგორებიც არიან: ასტრუდ ჟილბერტო, დიზი გილესპი, ელ ჯერო, გროვერ ვაშინგტონ ჯუნიორი და ჰარი ბელაფონტე, რომელთან ერთადაც დაიენ რივზი სამი წლის განმავლობაში აწყობდა ტურებს. რასელ მელოუნი კი, სანამ საკუთარ კვარტეტს შექმნიდა, უკრავდა ლეგენდარულ ჯიმი სმიტთან და რონ კარტერთან ერთად და იყო დაიანა კროლის ტრიოში. 

მთელი ეს მდიდარი ბიოგრაფია 28 ოქტომბერს გამოჩნდა უნაკლო, უმაღლესი კლასის შესრულებაში. კონცერტის დასაწყისში და ბოლოში რივზი „დოკუმენტური” კომპოზიციებით მოგვესალმა და დაგვემშვიდობა, მოგვიყვა აქაური შთაბეჭდილებების შესახებ, როგორ მოიცალა საყურეების საყიდლად (კონცერტზე ეკეთა) და როგორ უნდა, რომ აქ კიდევ დაბრუნდეს. სასწაულები აკეთეს მელოუნმა და ლუბამბომ. ნამდვილი სასწაულები. სულ ბოლოს კი, ბისზე გამოსული რივზი მიკროფონს მოშორდა და ნატურალური დარტყმა მოგვაყენა. ემოციები ზუსტად აქ ამოიწურა და მომდევნო, ჯაზ კრუზეიდერზის ისედაც მსუბუქი პროგრამა კიდევ უფრო შეამსუბუქა – გასაოცარი მოგზაურობის შემდეგ ჯვაროსნებმა ნელ-ნელა, მხიარულად დაგვიშვეს მიწაზე.

დასკვნითი ორი დღის შესახებ მომდევნო ნომერში გავაგრძელოთ.
 

 

კომენტარები