თბილისის ავტოშოუ

22-24 ოქტომბერს, თბილისის ექსპო ცენტრის მე-11 პავილიონმა უმასპინძლა თბილისის საერთაშორისო ავტოშოუს, რომელზეც საქართველოში მომუშავე ავტოდილერებმა მათ ხელთ არსებული ახალი ავტომობილები გამოფინეს.
სამწუხაროდ, შოუზე ავტომობილები მხოლოდ ორმა კომპანიამ – GT მოტორსმა და იბერია ბიზნეს ჯგუფმა გვიჩვენა. ამასთან, მულტიბრენდული იბერია მხოლოდ ერთი მარკით – კორეული კიათი იყო წარმოდგენილი, GT მოტორსმა კი საზოგადოებას თავისი სამივე ბრენდის – ფორდის, ლენდ როვერის და სუძუკის ავტომობილები უჩვენა.
დილერების გარდა, თავიანთი პარტნიორი კომპანიების პროდუქცია იმავე GT მოტორსმა, იბერია ტექ ავტომოტივმა (იბერია ბიზნეს ჯგუფში შედის) და თეგეტა მოტორსმა გამოფინეს. მათ პავილიონებში ზეთებს, საბურავებს, სხვადასხვა მაკომპლექტებლებს, სათადარიგო ნაწილებსა და სპეცტექნიკას ნახავდით.
თბილისის ავტოშოუს მთავარი მოვლენა ის იყო, რომ სუძუკის ავტომობილები GT მოტორსის პავილიონში იდგა. როგორც ამ კომპანიის გაყიდვების მენეჯერმა დემურ აფციაურმა განაცხადა, 1 ოქტომბრიდან, იაპონური კომპანიის ოფიციალური ქართველი დილერი სწორედ GT მოტორსია, რომელიც გაყიდული ავტომობილების სრულ საგარანტიო და გარანტიის შემდგომ მომსახურებას განახორციელებს.
ჯერჯერობით, სუძუკის ავტომობილების ყიდვა GT მოტორსის იმავე შოურუმში იქნება შესაძლებელი, სადაც ფორდის და ლენდ როვერის მანქანები დგას. ახლო მომავალში კი იაპონური ბრენდის მოდელებისთვის სრულიად ახალი შოურუმი და მისი სრული ინფრასტრუქტურა ამოქმედდება.
დემურ აფციაურის თქმით, GT მოტორსი მყიდველს, სპეციალურად ქართული ბაზრისთვის მომზადებულ ავტომობილებს, მათს საგარანტიო მომსახურებას და ორიგინალურ იაპონურ სათადარიგო ნაწილებს სთავაზობს. საგარანტიო პირობები 3-წლიან უფასო მომსახურებას გულისხმობს როგორც ძრავსა და ტრანსმისიაზე, ასევე სავალ ნაწილსა და ნებისმიერ კვანძზე, რომლებიც ავტომობილის გამართულობას უზრუნველყოფს. გარანტია იმ სათადარიგო ნაწილებსა და სერვისზეც ვრცელდება, რომლებსაც GT მოტორსი თავის კლიენტურას სთავაზობს.
ამავე კომპანიის პავილიონში თავს იწონებდა ლეგენდარული ფორდ მუსტანგის GT ვერსია, ასევე ლეგენდარული ლენდ როვერ დიფენდერი, ფორდ კუგა, რომელსაც ერთი მყიდველი იქვე გამოუჩნდა, ორი გრანდიოზული რეინჯ როვერი და ფორდის და ლენდ როვერის კიდევ რამდენიმე ავტომობილი. სამწუხაროდ, ვერ ვიხილეთ უახლესი ფორდ ფიესტა, რომელზეც მთელს მსოფლიოში ისეთი დიდი მოთხოვნილებაა, რომ GT მოტორსი მის ჩამოყვანას მხოლოდ ნოემბერში შეძლებს. ასევე მოგვიანებით ჩამოიყვანენ უახლეს ფორდ ფოკუსსაც.
რა შეიძლება ითქვას თბილისის „საერთაშორისო” ავტოშოუზე? მან აშკარად ერთი დილერის დიდი შოურუმის შთაბეჭდილება დატოვა. სხვა დილერებს თავიანთი პროდუქციის გამოტანა რომც სდომოდათ, მათ გაცილებით პატარა პავილიონებში მოუწევდათ ფართობის დაქირავება. ეს კი, მათს ინტერესებში აშკარად არ შედიოდა. ესეც რომ არა, დილერების უმეტესობა ამბობს, რომ გამოფენაზე ფართის დაქირავება მეტისმეტად ძვირი ჯდება.
მოკლედ, თუ თბილისის ავტოშოუს ორგანიზატორებს სურთ, რომ გამოფენა მომავალში მაინც წარმატებული გახდეს და ბევრი დამთვალიერებელი მიიზიდოს, დამატებითი პავილიონების მოწყობა მოუწევთ. ამას კი სოლიდური ინვესტიცია დასჭირდება...

კომენტარები