კათარზისი მიუსაფართა სახლი

გრძელი, ვიწრო ოთახი; ორ რიგად ჩაწყობილი ცამეტი რკინის საწოლი; ცენტრში – მაგიდა, ირგვლივ შემოწყობილი სკამებით. ტელევიზორი სადღაც იქვე გუგუნებს – ეს კათარზისის პანსიონატია. ამ ოთახში, დღეს ცამეტი ხანშიშესული ქალბატონი ცხოვრობს. მათ ახლა ერთმანეთისა და მომვლელების გარდა არავინ ჰყავთ. ამ ასაკში ხომ ყველაზე მნიშვნელოვანი სიმშვიდე და მზრუნველობაა. თითოეულს, ადრე სახლიც ჰქონდა და პირადი ცხოვრებაც. მაგრამ ზოგიერთმა ბინა დაკარგა, ზოგი მოტყუებით აღმოჩნდა უსახლკარო. ზოგიერთ მათგანს ოჯახში იმდენად გაუსაძლის პირობებში უწევდა ცხოვრება, რომ „კინაღამ მოკვდა” და სახლიდან საკუთარი სურვილით წამოვიდა. არიან ისეთებიც, რომლებმაც სიკვდილი გამოსავლად მიიჩნიეს – „თავის მოკვლას აპირებდა და პატრულის თანამშრომელმა ჩვენთან მოიყვანა”, – ამბობს ასოციაციის დამაარსებელი და პრეზიდენტი, ზაურ ალადაშვილი ერთ-ერთი ბენეფიციარის შესახებ.
80 წლის ლიდა ჯავახიშვილის შვილებმა მისი პანსიონატში ცხოვრების შესახებ, სატელევიზიო შოუდან გაიგეს. მართალია, დედა მოინახულეს, მაგრამ მისი სახლში წაყვანა არც უფიქრიათ. როგორც ამბობს, კათარზისის პანსიონატში გაჭირვებამ მოიყვანა – ადრე უდარდელად ვცხოვრობდიო. ლიდა და მისი მეუღლე პედაგოგები იყვნენ, ორი ქალიშვილი ჰყავდათ. წლებთან ერთად ოჯახური იდილია სადღაც გაქრა. საშინელი ყოფა ქმრის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. იმისათვის რომ მეუღლე დაესაფლავებინა, ბინა გაყიდა. ერთი ქალიშვილი თურქეთში წავიდა და ორი შვილი გასაზრდელად დაუტოვა. მეორე ქალიშვილის შვიდწევრიან ოჯახთან ერთად, ნაქირავებში გადავიდა. რამდენიმე წელიწადში აღარც ბინის და აღარც საჭმლის ფული აღარ შემორჩა. ნაცნობის დახმარებით მიტოვებულ აფთიაქში შესახლდნენ. გაუსაძლის პირობებში უწევდა ცხოვრება, ორჯერ ინსულტი დაემართა. დროებით საცხოვრებლად ბიძაშვილთან წავიდა, მაგრამ – „რამდენ ხანს შეიძლება სხვის ოჯახში იცხოვრო?!”. ახლა კი კათარზისში „თანატოლებთან” ერთად მშვიდად ცხოვრობს. კარგად იკვებება, კითხულობს და სხვადასხვა ღონისძიებას ესწრება.
გარდა ცამეტი მოხუცებულისა, რომელიც პანსიონატში ცხოვრობს, სათნოების სახლში ყოველდღიურად 385 ადამიანი იკრიბება. ჰოლში მოფუსფუსე ბებია-ბაბუები, ტელევიზორის ოთახში სერიალით გატაცებული მოხუცები, ბანქოს თამაშით გართული ბაბუები და ცხელი სადილის სუნი – ასეთია ყოველი დღე კათარზისში. ამ ადამიანებს საზოგადოების მხრიდან ზრუნვა ყველაზე მეტად სჭირდებათ, იქ ვიზიტის მთავარი მიზეზი კი, სადილია. ცხელი კერძი, რითაც მოსულ სტუმრებს ყოველდღიურად უმასპინძლდებიან. შემოწირულობებით მომზადებულმა უფასო სადილმა ხომ ოცი წლის განმავლობაში ბევრი ადამიანი შიმშილით სიკვდილს გადაარჩინა.
სოციალური დახმარების ამ ცენტრში, უფასო სასადილოს გარდა, ფუნქციონირებს – სამედიცინო კაბინეტი, აფთიაქი, მეორადი ტანსაცმლით დახმარების სამსახური, ბიბლიოთეკა, სილამაზის სალონი და ტანსაცმლის შეკეთების სამსახური. მოხუცებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ ცეკვის, სიმღერისა და თეატრალურ წრეებში. როგორც აღმოჩნდა, ყველაზე დიდი მოთხოვნა ვოკალურ ჯგუფებზეა. პანსიონატის პერსონალმა აღნიშნა, რომ მინიმალური მონაცემების მქონე მსურველები გუნდში ვერ ხვდებიან, მათ იწუნებენ ხოლმე. მაგრამ ამის მერე მეორე პრობლემა ჩნდება – შემორიგება. დაწუნებულებს, საშინელი გაბუტვა სცოდნიათ.
ესმა მჭედლიშვილი 69 წლისაა. დღესდღეობით ჩემს ცხოვრებაში კათარზისი ნათელი წერტილიაო. დილის ათი საათიდან აქ მოდის ხოლმე. გარდა იმისა, რომ უფასოდ სადილობს, გაწევრიანებულია სიმღერისა და ცეკვის წრეებში, ამიტომ თანაგუნდელებთან ერთად ხუთ-ექვს საათამდე გადის რეპეტიციებს. სახლში კი, მხოლოდ დასაძინებლად მიდის – „შვილს თავისი ოჯახი ჰყავს და ჩემთვის ვერ იცლის. მე გარდაცვლილი ვაჟის შვილთან ერთად ნაქირავებში ვცხოვრობ, მაგრამ მასაც თავისი საქმე აქვს. აქ მოსვლა მიხარია. აბა, ოთხ კედელში გამოკეტილმა რა უნდა ვაკეთო მთელ დღეს?!”. სათნოების სახლი ოფიციალურად 11-დან 17 საათამდეა ღია – „ხშირად ისე ერთობიან, დრო ავიწყდებათ. ვახსენებთ, რომ სახლში წასვლის დროა. აბა, შინ ხომ უნდა მივიდნენ მშვიდობით”.
მართალია, პანსიონატში მუდმივად ცხოვრების სურვილი არაერთმა ხანშიშესულმა გამოთქვა, მაგრამ შეზღუდული ადგილების გამო თითოეულის რიგი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოვა, თუ პანსიონატში მცხოვრებთაგან რომელიმეს ოჯახის წევრი წაიყვანს ან გარდაიცვლება. სწორედ ამიტომ, ხანდაზმულთა თავშესაფრის გაფართოების მიზნით სამი ოქტომბრიდან თბილისის მერიის მხარდაჭერით დაიწყო პროექტი – „მეც დავბერდები”. მისი პირველი ეტაპი იყო საქველმოქმედო მარათონი, რომელიც ტელეკომპანია იმედისა და საპატრიარქოს ტელევიზიის პირდაპირი ეთერით გავიდა. მართალია, მარათონზე პანსიონატისთვის საჭირო გარკვეული თანხის შეგროვება მოხერხდა, თუმცა ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ არსებული თავშესაფრის კეთილმოწყობა და მისი გაფართოება მოხდეს. სწორედ ამიტომ, ზაურ ალადაშვილმა განაცხადა, რომ „მართალია, მარათონი დასრულდა, მაგრამ პროექტი „მეც დავბერდები” გრძელდება”. გრძელდება მანამ, სანამ შეწირულობებზე მყოფი ორგანიზაცია, კიდევ უფრო მეტი ხანდაზმულის დახმარებას არ შეძლებს.

კომენტარები