საარჩევნო რეფორმის ახალი წინადადებები ოპოზიციისაგან

ეროვნულმა ფორუმმა, კონსერვატორებმა, საქართველოს გზამ, ჩვენი საქართველო – თავისუფალმა დემოკრატებმა, რესპუბლიკელებმა, ხალხის პარტიამ, მემარჯვენეებმა და ქრისტიან-დემოკრატებმა ხელისუფლებას და კოლეგა ოპოზიციონერებს საარჩევნო რეფორმის ახალი წინადადებები წარუდგინეს და დიალოგის დაწყება შესთავაზეს.
ოპოზიცია კვლავ მაჟორიტარული სისტემის პროპორციულით შეცვლას ითხოვს. კერძოდ, 150-წევრიან პარლამენტში 75 წევრს კვლავინდებურად საერთო ნაციონალური პარტიული სიის საფუძველზე პროპორციული საარჩევნო სისტემით აირჩევენ. ორივე სისტემისთვის საარჩევნო ბარიერი 5% უნდა იყოს.
ოპოზიციის ინიციატივის გაზიარების შემთხვევაში, ამჟამინდელი ერთმანდატიანი ოლქების მაჟორიტარები კი რეგიონალურ-პროპორციული სისტემით არჩეულმა 75 წევრმა უნდა ჩაანაცვლოს.
მაგალითად, იმ რეგიონში, სადაც 100 ათასამდე ამომრჩეველია, 2 დეპუტატს აირჩევენ; 100 ათასიდან 200 ათასამდე – 3 დეპუტატს; 200 ათასზე მეტი ამომრჩეველი კი 4 პარლამენტის წევრს შეარჩევს.
მეორე საკითხი ცესკოს დაკომპლექტების წესს ეხება. 8 ოპოზიციური პარტია შეთანხმდა, რომ ცესკოში მხოლოდ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ დანიშნული 7 წევრი იქნება. თავმჯდომარის სამ კანდიდატურას პრეზიდენტს დასანიშნად სწორედ ეს კვალიფიციური სუბიექტები წარუდგენენ.
ოპოზიციის წინადადებით საარჩევნო დავების განხილვის ბოლო ინსტანცია სააპელაციო სასამართლოს სპეციალური კოლეგია იქნება, მოსამართლისა და ოთხი საარჩევნო მსაჯულის შემადგენლობით. მსაჯულებს კვალიფიციური პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები შეარჩევენ. პარტიებს ასევე ექნებათ მოსამართლეთა აცილების უფლება. დავებზე საბოლოო გადაწყვეტილებას ეს კოლეგია ხმათა უმრავლესობით (3 ხმა) მიიღებს.
უახლოეს მომავალში პარტიები ახალი ინიციატივებით გამოსვლას აპირებენ. ეს არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების აღკვეთას და შესაბამისი მონიტორინგის უზრუნველყოფას შეეხება, ასევე წინასაარჩევნოდ მედიის თანაბარ ხელმისაწვდომობას განაპირობებს. ოპოზიციური პარტიები მოითხოვენ წინასაარჩევნო რეკლამისთვის და წინასაარჩევნო კამპანიის ფინანსებისთვის ე.წ. „ზედა ჭერის” დაწესებას.

კომენტარები