თურქეთის არჩევანი: Evet თუ Hayir?

12 სექტემბერს თურქმა ამომრჩევლებმა მხარი დაუჭირეს 26 საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლებიც პრემიერ-მინისტრის რეჯებ ტაიპ ერდოღანის მიერ იყო ინიცირებული. 58% მომხრეთა ხმებმა გააძლიერა ერდოღანის ხელახლა არჩევის პერსპექტივა 2011 წლის საპარლამენტო არჩევნებში, რაც მას ყველაზე ხანგრძლივად მოქმედ თურქეთის პრემიერ-მინისტრად აქცევს ქემალ ათათურქის შემდეგ. თუმცა, რეფერენდუმში გამარჯვება ასევე ქმნის კონფლიქტს ერდოღანის რელიგიური ორიენტაციის მქონე სამართლიანობის და განვითარების პარტიასა და თურქეთის ტრადიციულად დომინანტურ სეკულარულ კულტურას შორის. როგორ განვითარდება მოვლენები მომდევნო 10 თვის განმავლობაში, მნიშვნელოვანია არა მარტო თურქეთისთვის, არამედ მისი მეზობელი ქვეყნების, ევროკავშირისა და ნატოსთვის.

საკონსტიტუციო რეფორმები ეხება სამოქალაქო უფლებებს, შრომის კანონმდებლობას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასა და პარლამენტართა ვადას. ყველაზე საკამათო სასამართლო სისტემის ცვლილებებია. საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობა 11-დან 17 წევრამდე გაიზრდება. მათგან სამს პარლამენტი დანიშნავს. მოსამართლეთა და პროკურორთა უმაღლეს საბჭოში, რომელიც მოსამართლეთა და პროკურორთა დანიშვნას კურირებს, 7-ის ნაცვლად 22 წევრი იქნება. გარდა ამისა, სამოქალაქო სასამართლოებში შესაძლებელი იქნება სამხედრო ოფიცერთა საქმეების განხილვა.

დღეს ერდოღანს, 2007 წელს თურქეთის პრეზიდენტის პირდაპირ არჩევაზე ჩატარებულ რეფერენდუმში გამარჯვების ჩათვლით, უკვე დამორჩილებული ჰყავს ის სამი ინსტიტუტი – პრეზიდენტი, საკონსტიტუციო სასამართლო და არმია, რომლებიც ტრადიციულად აკავებდნენ გამოწვევებს სეკულარული ქემალისტური ინსტიტუტებისა და ტრადიციების წინაშე.

„სამხედრო ინტერვენციებისა და გადატრიალებების მომხრეებმა დღეს წააგეს”, თქვა ერდოღანმა სატელევიზიო მიმართვაში რეფერენდუმის დასრულების შემდეგ. „ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია”, თქვა შტეფან ფიულემ, ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში.

მაგრამ პოლიტიკური ცხოვრება ასე მარტივი არ არის. საკონსტიტუციო ცვლილებების ოპონენტები ეწინააღმდეგებოდნენ რეფერენდუმის დანიშვნას 1980 წლის სამხედრო გადატრიალების წლისთავზე და წარსულის მოვლენით სპეკულირებას. „ვერავინ უარყოფს, რომ საზოგადოება არაორდინარულ ზეწოლას განიცდიდა”, თქვა ხალხთა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ, პრესკონფერენციაზე რეფერენდუმის შემდეგ.

ცვლილებების მოწინააღმდეგეები ამბობდნენ, რომ ახალი ცვლილებები სასამართლო სისტემაში, საშუალებას მისცემს მთავრობას, სასამართლოები საკუთარ პოლიტიკურ ნებას დაუმორჩილოს.

ნებისმიერ ქვეყანაში კონსტიტუციები და საკონსტიტუციო სასამართლოები იმისათვის არსებობს, რომ შეაკავოს მოკლევადიანი სახალხო მღელვარება ისე, რომ შეინარჩუნოს ეროვნული ინსტიტუტები. დღეს, ერდოღანმა და სამართლიანობის და განვითარების პარტიამ თურქეთის სწრაფად განვითარებადი საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვეს. ამ ელექტორალურ წარმატებას – და მის ლეგიტიმურობას – ვერავინ უარყოფს. „ჩვენ პატივს ვცემთ ხალხის ნებას”, განაცხადა ქილიჩდაროღლუმ.

თუმცა, ვერც იმას უარყოფს ვინმე, რომ თურქეთის დემოკრატია და უდიდესი ეკონომიკური წარმატება ათათურქის სეკულარული სისტემის შედეგია.

გარდა ამისა, თურქეთის პოლიტიკური ლანდშაფტი საკმაოდ რთულია და არ შემოიფარგლება „ხალხსა” და „გადატრიალების მომწყობებს” შორის დაპირისპირებით. 12 სექტემბრის რეფერენდუმის შედეგების ერთი თვალის შევლებითაც შეიძლება იმ გამოწვევების დანახვა, რომლებიც ქვეყანას ელის.

რეგიონების მიხედვით მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების რუკაზე ჩანს ტრადიციულად სეკულარული რეგიონები, რომლებიც ნახევარმთვარის კონტურს მიუყვება ევროპული თურქეთის დასავლეთში მდებარე ქალაქ ედირნედან, ეგეოსის და ხმელთაშუა ზღვების სანაპიროების გავლით, ქალაქ ადანამდე. მართალია, სტამბოლის ამომრჩეველთა 55%-მა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, მაგრამ მეგაპოლისის რუკაზე ჩანს მსგავსი კულტურული დაყოფა უბნებს შორის. ანატოლიის რეგიონი კი, პირიქით, მომხრეთა ზღვაა მოწინააღმდეგეთა რამდენიმე მცირე კუნძულით.

კულტურულ კონფლიქტს გეოგრაფიული განზომილება აქვს.

ამას ემატება ისიც, რომ რეფერენდუმმა ხაზი გაუსვა მუდმივად არსებულ პრობლემას თურქეთის ქურთ მოსახლეობასთან, რომელიც კონცენტრირებულია ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში და მის დიდ ქალაქებში. ტერორისტულმა ქურთების მშრომელთა პარტიამ და თავისუფლებისა და დემოკრატიის პარტიამ, რომელსაც ხშირად ადანაშაულებენ ქურთების მშრომელთა პარტიასთან კავშირში, მოსახლეობას რეფერენდუმის ბოიკოტირებისაკენ მოუწოდა. მართლაც, რეგიონების მიხედვით რეფერენდუმში მონაწილეობის რუკა აჩვენებს ძალზე დაბალ გამოცხადებას ქურთებით დასახლებულ რაიონებში. მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეობის მაჩვენებელმა ქვეყნის მასშტაბით 77% შეადგინა, ამომრჩეველთა მხოლოდ 9% გამოცხადდა რეფერენდუმზე ჰაკარიში, სადაც ცოტა ხნის წინ თურქეთის სამხედროებსა და ქურთების მშრომელთა პარტიის მებრძოლებს შორის შეტაკება მოხდა. სამხრეთ-აღმოსავლეთის უდიდეს ქალაქ დიარბაქირში, მონაწილეობის მაჩვენებელი 33% იყო.
ქურთების მიერ რეფერენდუმის ბოიკოტირება უფრო მნიშვნელოვანი ასპექტია, ვიდრე იმათი მხარდაჭერა, ვინც მონაწილეობა მიიღო.

გამარჯვების ზეიმის დასრულების შემდეგ ერდოღანმა და მისმა კოლეგებმა სამართლიანობის და განვითარების პარტიიდან ალბათ გაიაზრეს, რომ მომდევნო 10 თვე რთული და გადამწყვეტი იქნება.

თურქეთის მთავარ საფრთხედ ქურთების მშრომელთა პარტია რჩება, რომელსაც, სავარაუდოდ, გამბედაობას შემატებს აშშ-სა და მოკავშირეების ერაყიდან გასვლა. მთავარი ამოცანა ახლა ბალანსის დაცვა იქნება ქურთების მშრომელთა პარტიის ტერორისტებთან ბრძოლასა და ზომიერ ქურთებთან რეფორმებზე დისკუსიებს შორის. სამართლიანობის და განვითარების პარტიამ რეიდები ჩაატარა ქურთულ მოსახლეობასთან, მაგრამ, როგორც რეფერენდუმმა აჩვენა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

ამასობაში, რეფერენდუმმა, როგორც ჩანს, შენელების ნაცვლად გაამწვავა დაპირისპირება თურქეთის სეკულარულ და რელიგიურ კულტურებს შორის. „მოხდება პოლიტიკის მეტი პოლარიზება და გამკაცრება”, უთხრა როიტერის სააგენტოს თურქეთის ყოფილმა ელჩმა აშშ-ში, ფარუქ ლოოლუმ. „მმართველი პარტია კიდევ უფრო ნაკლებად მოუსმენს ოპოზიციას, ოპოზიცია კი უფრო გაამწვავებს ლექსიკასა და მიდგომებს ხელისუფლების შესარყევად”.

ადრეული ნიშნები იმისა, თუ როგორ მიდის საქმე, იქნება ის, თუ როგორ და რამდენად სწრაფად შეიმუშავებს ერდოღანი თურქეთის ახალ კონსტიტუციას და როგორ მოხერხდება ქალების საჯარო ადგილებში თავსაბურავის გარეშე გამოჩენის ჯერ კიდევ არსებული აკრძალვის საკითხის გადაწყვეტა.

თურქეთი საკუთარი თანამედროვე ისტორიის გზაჯვარედინზეა. რა მიმართულებას აირჩევს იგი, თურქი ხალხის გადასაწყვეტია. ჩვენ კი, როგორც მეზობლები, მეგობრები, პარტნიორები და მოკავშირეები, ამას ინტერესით – და მცირედი შეშფოთებით – დავაკვირდებით.

კომენტარები