ბელარუსული არჩევნების ორი ფრონტი

პრეზიდენტი ლუკაშენკო
 საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში გამორჩეულ ვითარებაში ჩაივლის: ალექსანდრ ლუკაშენკო, ბელარუსის უცვლელი ლიდერი და “ევროპის უკანასკნელი დიქტატორი”, ამ არჩევნების წინ მარტო დარჩა. დასავლურ კრიტიკას, ამჯერად, კრემლთან სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირება დაემატა. ბელარუსული ოპოზიციის ნაწილი ამას იმედით, ნაწილი კი შიშით უყურებს: თუ მოსკოვი ბელარუსი “ბატკას” ჩამოგდებას შეძლებს, ამას დემოკრატიზაციასთან საერთო არაფერი ექნება.
არჩევნები ბელარუსში 19 დეკემბრისთვის დაინიშნა. საპრეზიდენტო კამპანიაში ჩართვის სურვილი ათამდე ლიდერმა უკვე გამოთქვა. მათ შორის არიან: ოპოზიციის საერთო კანდიდატი 2006 წლის არჩევნებზე ალექსანდრ მილინკევიჩი, ცნობილი ექსპერტი, გაერთიანებული სამოქალაქო პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იაროსლავ რომანჩუკი და საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, მოძრაობა ევროპული ბელარუსის ლიდერი ანდრეი სანიკოვი.
2006 წლის არჩევნებისთვის შექმნილი დემოკრატიული ძალების გაერთიანება გასულ წელს ფაქტობრივად დაიშალა. დღესდღეობით ცალკეული ოპოზიციური ორგანიზაციები ხელახალი გაერთიანების იდეით გამოდიან. თუმცა, ზოგიერთი ოპოზიციური ძალა პარტნიორებს ქვეყნის გარეთაც ეძებს.
აგვისტოში მოსკოვში ბელარუსული ოპოზიციის ცნობილი სახეები, მათ შორის, რომანჩუკიც, გამოჩნდნენ. მედიამ ამ ფაქტს “ბელარუსის მომავალი ლიდერების კასტინგი” უწოდა.
რუსული წყაროების ცნობით, მედვედევმა ხელქვეითებს ურჩი ლუკაშენკოს მიმართ ისეთივე პოლიტიკის გატარება დაავალა, როგორც ეს თავის დროზე უკრაინელი იუშჩენკოს წინააღმდეგ განხორციელდა .
დასავლური გამოცემები ბელარუსში კრემლის შესაძლო ფავორიტებსაც ასახელებენ: Newsweek-ის ვერსიით, მოსკოვმა გადაწყვიტა ფსონი სანიკოვზე დაედო. პირველი ღია პოლიტიკური განაცხადი ოპოზიციის კანდიდატმა სექტემბრის დასაწყისში გააკეთა, როცა ინტერვიუში საპრეზიდენტო ამბიციები დაადასტურა. მან განაცხადა, რომ ლუკაშენკოს რეჟიმის “განადგურებისთვის” იბრძოლებს. მთავარ პრიორიტეტად პოლიტიკოსმა ბელარუსის ევროკავშირში გაწევრიანება დაასახელა, თუმცა, აღნიშნა, რომ რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მომხრეა.
არჩევნებში კრემლის ჩარევის საფრთხემ ბელარუსული ოპოზიციის ნაციონალისტური ფრთა შეაშფოთა. სახალხო ფრონტმა ოპოზიციურ ძალებს მოუწოდა, არ დაუშვან კრემლის სცენარის განხორციელება და “ეროვნული ინტერესების მანიფესტს” მოაწერონ ხელი. დოკუმენტი მხარს უჭერს: ბელარუსის გასვლას კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებიდან და საბაჟო კავშირიდან და ქვეყნიდან რუსული ბაზების გაყვანას.
სანიკოვმა მანიფესტი მკაცრად გააკრიტიკა. მისი თქმით, “ყველა დადებითი ცვლილება ბელარუსში მოსკოვიდან მომავალი იმპულსების შედეგი იყო”. კერძოდ, გორბაჩოვის “პერესტროიკის” წყალობით ბელარუსი დამოუკიდებელი გახდა, ელცინის რეფორმებმა კი, ეს დამოუკიდებლობა განამტკიცა.
სახალხო ფრონტი აღშფოთდა. ორგანიზაციის ლიდერის იანუკევიჩის განცხადებით, მოსკოვის მხრიდან რაიმე “დემოკრატიულ იმპულსებზე” საუბარი წარმოუდგენელია. “ჰკითხოს ქართველებს ან უკრაინელებს, ბოლო დროს მათთან მოსკოვიდან რა იმპულსები მოვიდა?” – განაცხადა მან. მისი დასკვნით, სანიკოვი ბელარუსში სწორედ კრემლის სცენარის განხორციელებას გეგმავს, რაც ნიშნავს, რომ ოპოზიციამ ორ ფრონტზე – ლუკაშენკოსა და კრემლის წინააღმდეგ უნდა იბრძოლოს.
სოციოლოგიური კვლევები მთავრობის შესაცვლელად ბელარუსების მზადყოფნას თითქოს ადასტურებს. თუმცა ოპოზიციის დაქსაქსულობა, ლუკაშენკოს მიერ მედიისა და ძალოვანი სტრუქტურების კონტროლი, რეჟიმის მოწინააღმდეგეებს არჩევნებში გამარჯვების შანსებს თითქმის არ უტოვებს.
რუსეთმა კიდევ ერთ ხერხს მიმართა – მზადყოფნა გამოთქვა მონაწილეობა მიიღოს არჩევნებზე ეუთოს დამკვირვებელთა მისიაში, რომელსაც აქამდე მკაცრად აკრიტიკებდა. შესაბამისად, რუსეთი მზად არის, მომავალი არჩევნების ლეგიტიმურობა აღარ ცნოს და ლუკაშენკო კანონგარეშედ გამოაცხადოს. თუ კრემლმა მინსკში ხელისუფლების შეცვლას არჩევნების გზით ვერ მიაღწია, რეჟიმის შესუსტებას უკვე ეკონომიკური ბერკეტებით შეეცდება.
ევროპისთვის ჯერ კიდევ გაურკვეველია როგორი პოლიტიკა გაატაროს ბელარუსის მიმართ. სამაგიეროდ, კრემლმა კარგად იცის, რისი მიღწევა სურს. უკრაინასა და ყირგიზეთში რეჟიმების ცვლილების შემდეგ მოსკოვი თვლის, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ნებისმიერი ხელისუფლების შეცვლას შეძლებს. მოსკოვში ფიქრობენ, რომ ლუკაშენკო კუთხეშია მომწყვდეული.
მაგრამ ბელარუსი არც უკრაინაა, სადაც დამოუკიდებელი მედია და დემოკრატიული ინსტიტუტები მეტ-ნაკლებად მოქმედებს და ხელისუფლება არჩევნების გზით იცვლება და არც ყირგიზეთი, სადაც პრეზიდენტის დამხობა ჯოხებითა და ქვებით შეიარაღებულ ბრბოსაც შეუძლია. შესაბამისად, ბელარუსში გარეშე ძალების ჩარევით რეჟიმის შეცვლის ვერც ერთი აქამდე აპრობირებული სცენარი ვერ განხორციელდება. ასე რომ, რუსეთის წარმატების პროგნოზირება დღეისთვის შეუძლებელია.

კომენტარები