სამარხვო ფეხბურთი

კლაუს ტოპმიოლერი გეხსომებათ. ეს ის კაცია, ნახევარი საქართველო ორი წლის განმავლობაში მიულერს რომ ეძახდა. ფეხბურთში „ღრმად” ჩახედულ ქართველებს ეგონათ, რომ ის კლაუს ტოპ მიულერი იყო. როგორც მარკო ვან ბასტენი. გაგონილი გექნებათ: მიულერმა საქართველოში ნაშოვნი მილიონებით ვენახები იყიდაო. ეგ კიდევ არაფერი, თუ ხალხი მიულერს ეძახდა, ფეხბურთელებმა „მალიარი” დაარქვეს იმის აღსანიშნავად, რომ გერმანელი ფეხბურთის აზრზე არ იყო. თვითონ იყვნენ, მიულერი – არა. ბოლოს ჩვენი ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიას წამოუწვა და მალიარიც გაუშვეს. ნაცადი ხერხია.

ჰოდა, ამ ჩვენი მალიარის პირველი შეკრებაა საქართველოში. ბაზაზე სადილია. სასადილოში გუნდი შემოდის. განსაკუთრებული არაფერი ხდება, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ნახევარი ნაკრები პირს არ აკარებს ადამიანის, მით უმეტეს სპორტსმენის და კიდევ უფრო უმეტეს ფეხბურთელის ორგანიზმისთვის აუცილებელ პროდუქტს: ხორცს, თევზეულს და ყველს. გაკვირვებულმა მალიარმა თარჯიმანს ჰკითხა, რა ხდება, საჭმელი არ მოსწონთო? თარჯიმანმა კითხვა ფეხბურთელებზე გადაამისამართა. ფეხბურთელებმა კი თქვეს, რომ მარხვაზე არიან.

მიუხედავად იმისა, რომ მთელი საღამო უხსნიდნენ, მალიარმა ვერ გაიგო, თუ რატომ არ ჭამდნენ საქართველოს ნაკრების პროფესიონალი წევრები ხორცს.

ამ დროს კი არსენ ვენგერი ირწმუნება, რომ ფეხბურთელმა 200 კი არა, 230 გრამი ბრინჯი უნდა მიაყოლოს დაბალ ცეცხლზე შემწვარ ორაგულს, დაჭერილს საფრანგეთის ყურეებში და არსად სხვაგან. ხოსეპ გვარდიოლას მოცარელა საუზმიდან ვახშამზე გადააქვს და მენიუდან მაკარონს იღებს. ვიღაც ამტკიცებს, რომ თამაშის წინა დღეს, დაისის მოახლოებისას, ორალური სექსი აუმჯობესებს მეორე დღეს კუჭის მუშაობას, ამიტომ ფეხბურთელს შეუძლია ჯერ გაერთოს და მერე ზომაზე მეტად ნოყიერი საუზმე მიირთვას.

ამ ვერსიებს საფეხბურთო სკოლებსა თუ აკადემიებში ძალიან ყურადღებით უსმენენ, ვინაიდან სწორი კვება სპორტსმენის განვითარების ერთ-ერთი საფუძველია. უსმენენ სხვაგან. აქ კი მწვრთნელთა უმეტესობამ ამ თემაზე არაფერი იცის. შედეგად ბავშვები არასწორად იკვებებიან. არასწორი კვება იწვევს ორგანიზმის (კუნთების, ძვლების) დისტროფიულ განვითარებას და მდგომარეობა მით უფრო მძიმდება, თუ ამ ყოველივეს ემატება ცუდ პირობებში მიმდინარე არასწორი სავარჯიშო პროცესი. არადა, ემატება.

ეს დეტალებია, რომელთა მხოლოდ ჯამი ჩანს – საქართველოში ათლეტი ფეხბურთელები იმდენად ცოტაა, პირველი გუნდის პირველ შემადგენლობასაც კი არ ყოფნის. გავიხსენოთ თუნდაც უახლესი ისტორია – რამდენი უნიჭიერესი ქართველი ბიჭი დაიწუნეს სახელოვანმა კლუბებმა სწორედ არასწორი ფიზიკური განვითარების გამო? იმიტომ, რომ 230 გრამ ბრინჯს კი არა, პურზე წასმულ აჯიკას მიირთმევდნენ უზმოზე? ბიჭები კი არა, აგერ, ნახევარი ნაკრები იკვებება არასწორად რელიგიური მიზეზით. ეს კი ნიშნავს, რომ საჭირო მომენტში ის საჭირო ილეთს ვერ გააკეთებს, ჩქარა ვერ გაიქცევა, მალე დაიღლება, ტრავმას ადვილად მიიღებს.

ამ პრობლემას ყურადღებას არავინ აქცევს. ვერც მიაქცევს იმიტომ, რომ, როგორც ზევით ვთქვით, ბევრმა მწვრთნელმა არც იცის მისი არსებობა. და ასე იღუპებიან თაობები ჩანასახშივე. არადა, 2010 წელია.

რაც შეეხება ბოლო თამაშებს. მთელი წელი ველოდი საქართველოსა და სომხეთის ახალგაზრდული ნაკრებების თბილისში შეხვედრას. ვერ წავედი. ვერ წავედი იმიტომ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში უცოდინარი ხალხი მუშაობს. მათ იციან ოფისის გარემონტება, მაგრამ არ იციან, რომ ორი უმნიშვნელოვანესი მატჩის 7 და 9 საათებზე დანიშვნა, ანუ გულშემატკივრისთვის ბაგებიდან დიდუბეში (თან როცა ორივეგან მძიმე საცობია) წასასვლელად 5 წუთის დატოვება, ცინიზმია. არც ისე უსაფრთხო ცინიზმი. ისევე, როგორც საკუთარი გუნდების ისეთ მოედანზე გაყვანა, როგორზეც გაიყვანეს. გინდა ლოკომოტივზე და გინდა ეროვნულზე.

ფეხბურთელი ხორცს არ ჭამს, ორგანიზატორი მინდორს არ რწყავს, ხალხი ჰიმნს არ მღერის...

ჩვენ მზად არ ვართ ნამდვილი ფეხბურთისთვის. სამარხვო – კი ბატონო.

კომენტარები