ენერგოდამოუკიდებლობის გზაზე

 პოლონეთის მიერ თავისი ძველი იმპერიული ბატონის – რუსეთისგან გაზის იმპორტირება პოლიტიკურად მგრძნობიარე საკითხია. სულ რაღაც ერთი თვის წინ, ამ ქვეყნის მთავრობა რუსეთის ენერგოგიგანტთან – Gazprom-თან ახალ კონტრაქტს განიხილავდა, რომელიც 2037 წლამდე უნდა გაგრძელებულიყო. ერთი თვის შემდეგ, სექტემბერში, ვარშავამ გადაწყვეტილება შეცვალა. მას სურს, Yamal-Europe გაზსადენის ქვეყნის ტერიტორიაზე გამავალი მონაკვეთის კონტროლი, Gazprom-ის ნაცვლად, პოლონეთის სახელმწიფო კომპანიას – Gaz System-ს დაუქვემდებაროს. რუსეთის ენერგომონოპოლისტს საკუთრების დათმობა არ სურს და Gaz System-ს ტექნიკური ოპერატორის ფუნქციებით დაკმაყოფილებას ურჩევს. პოლონური მხარე დანებებას არ აპირებს: Gaz System გეგმავს, Yamal-Europe მილსადენით მოსარგებლე გაზის მიმწოდებლებს დამოუკიდებლად მოელაპარაკოს, პოლონეთის ტერიტორიაზე გაზის გატარებისთვის კი სატრანზიტო გადასახადი დააწესოს.
დღეს პოლონეთში გაზი ქვეყანაში მოხმარებული საერთო ენერგიის 10%-ს შეადგენს; აქედან 2/3 რუსული წარმოშობისაა.
პოლონეთი რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობაზე სერიოზულად 2008 წელს, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ დაფიქრდა. აგვისტოს ომის შემდეგ, რუსი ჩინოვნიკების მხრიდან ღია მუქარა პოლონეთის მისამართითაც გაისმა: კრემლი პოლონეთს საქართველოს ბედის გაზიარებით დაემუქრა, თუკი ქვეყნის ტერიტორიაზე ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა განთავსდებოდა. 2008 წლის ოქტომბერში Gazeta Wyborcza-მ გამოაქვეყნა საზოგადოებრივი აზრის კვლევა, სადაც პოლონელთა 62% რუსეთს ქვეყნის უსაფრთხოების ყველაზე დიდ პრობლემად ასახელებდა. მოქალაქეებს სჯეროდათ, რომ რუსეთის სახელმწიფო ენერგოგიგანტის, Gazprom-ის მიერ ქვეყნის ენერგოინფრასტრუქტურის დიდი ნაწილის შესყიდვა სახელმწიფოს სუვერენიტეტისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა.
პოლონეთმა ენერგოდამოუკიდებლობის გზაზე პირველ ნაბიჯად ლიკვიდური გაზის ტერმინალის მშენებლობა გადაწყვიტა. შეირჩა კანადური კომპანია SNC-Lavalin, რომელსაც უნდა მოეპოვებინა ყველა საჭირო ადმინისტრაციული ნებართვა და მოემზადებინა არქიტექტურულ-ტექნიკური დიზაინი. ამის შემდეგ მშენებლობა დაიწყებოდა.
ტერმინალის ამუშავება 2012 წლისთვის დაიგეგმა. მოგვიანებით, ვადები რამდენჯერმე შეიცვალა: უკვე 2008 წელსვე ნათელი გახდა, რომ ადმინისტრაციული ნებართვების შეგროვება 2 წელს წაიღებდა. ამიტომ ტერმინალის ამუშავება 2014 წლისთვის გადაიდო. წელს კი, აგვისტოში, შესაძლო გარემოსდაცვითი პრობლემების თავიდან აცილების საბაბით, კიდევ 2-3 წლით გადავადდა.
ამის მთავარი მიზეზი გერმანიაა. ბერლინი პოლონეთისგან ორ რამეს ითხოვს: პირველი, თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობის დაწყებამდე, დეტალურად უნდა შეაფასოს საზღვრისპირა გარემოსთვის მიყენებული შესაძლო ზიანის ალბათობა, და მეორე – დაემორჩილოს ევროკავშირის დირექტივას Natura 2000 და დაამტკიცოს, რომ პროექტი საფრთხეს არ შეუქმნის ტერმინალის სამშენებლო არეალში მობინადრე ღამურებს.
პოლონურ პრესაში უკვე გაჩნდა ეჭვი, რომ გერმანია შეგნებულად ცდილობს გააჭიანუროს თხევადი გაზის ტერმინალის გახსნა: იმ პროცედურების შესრულება, რომლებსაც ბერლინი ვარშავისგან დაჟინებით მოითხოვს, ტერმინალის გახსნას, სულ მცირე, 2-3 წლით დააგვიანებს.
პოლონურ პრესაში იმასაც წერენ, რომ მერკელის ადმინისტრაცია ამ გზით ჩრდილოეთ ნაკადის გაზსადენის რუსულ-გერმანულ პროექტს ლობირებს.
ჩრდილოეთ ნაკადის პროექტში ჩართული კომპანიები – რუსეთის Gazprom, გერმანიის Ron Ruhrgas და BASF/Wintershall, ნიდერლანდების Gasunie და საფრანგეთის GDF Suez რუსული გაზის პოლონეთისთვის მიყიდვას ისახავენ მიზნად. თხევადი აირის ტერმინალის არსებობის შემთხვევაში კი, პოლონეთის გაზზე მოთხოვნის, სულ მცირე, 30% დაკმაყოფილდება. ეს, რა თქმა უნდა, ჩრდილოეთ ნაკადის გაზს მიმზიდველობას უკარგავს.
პოლონურ პრესაში გამოთქმულ ეჭვებს ისიც აძლიერებს, რომ ჯერ კიდევ იანვარში, ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ ჩრდილოეთ ნაკადს „ფულის უაზრო ხარჯვა” უწოდა. ოთხი წლით ადრე, 2006 წელს, თავდაცვის მინისტრის პოსტზე სიკორსკიმ ჩრდილოეთ ნაკადის პროექტი შეადარა 1939 წლის მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს, როცა ნაცისტურმა გერმანიამ და სტალინისტურმა საბჭოთა კავშირმა, მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში, პოლონეთი დაინაწილეს.
ეჭვებს ამყარებს მეორე ფაქტიც: შარშან მაისში, Gaz System-მა გარემოს დეტალური ანალიზი მოახდინა და დაასკვნა, რომ პროექტი უსაფრთხოა. თუმცა გერმანია ამ ანალიზს არ ენდობა და დამატებით პროცედურებს მოითხოვს.
ევროკავშირმა პოლონეთის თხევადი გაზის ტერმინალის პროექტის დაფინანსებაზე გადაწყვეტილება სექტემბრის ბოლოს უნდა მიიღოს. უარესი სცენარის შემთხვევაში, პოლონეთი ტერმინალის აშენებას დამოუკიდებლად აპირებს: ტერმინალს ყოველწლიურად 5 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გამავლობა ექნება. თხევადი გაზის გიგანტი – ყატარი პროექტში მონაწილეობას დათანხმდა.

კომენტარები