საკრალური კითხვა

როდესაც ვინმეზე მეუბნებიან, ერთი და იგივე შეცდომა მესამედ მოსდისო, ან პირდაპირ ვამბობ, რომ სულელია, ან (თუ საპატივცემულო პიროვნებაა) იგივეს, ჩემთვის, გულში ვფიქრობ!

ახლა, როცა ვიგრძენი, რომ მორიგ შესარჩევს ბავშვური ენთუზიაზმითა და ურყევი ოპტიმიზმით ვხვდები, ეს კითხვა საკუთარი თავის მიმართ გამიჩნდა!

შუაქალაქისეული ქეთევანისა არ იყოს – კი მაგრამ, რამდენჯერ უნდა დამემართოს ერთი და იგივე? ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ... რვაჯერ?!

უკვე მეცხრე ცდაზე ვართ! 1994 წლიდან დაწყებული მეცხრედ ვცდილობთ დაუძლეველი ბარიერის გადალახვას.

პირადად მე ამისი არ მჯერა... გონებით... გული კი მაინც სტადიონისკენ მექაჩება. მახსენდება თემურ ქეცბაიას ფეხბურთელობის ხანა და მგონია, რომ მის მიერ დამოძღვრილი ბიჭები მინდორზე მასსავით იბრძოლებენ...

მერე იწყება მორიგი მატჩი და ოცნებიდან მიწაზე ვეშვები. მახსენდება, ლელოში მისულს, კოლეგებმა ორშაბათს დასაბეჭდი სტატიისთვის შეგროვილი ინფორმაცია რომ გამაცნეს. თურმე, მავანმა ქართველმა 4 წუთი ითამაშა ფარერის კუნძულების მეორე ლიგაში, მისმა ყოფილმა მეზობელმა ლიტვის მილიციის პირველობაზე ყვითელი ბარათი მიიღო, კიდევ ვიღაცა უცნობი “ვარსკვლავი” წითელ ხიდზე თევზით მოვაჭრეთა დუბლებში აიყვანეს, ხოლო შპიცბერგენის პირველობაზე 7 ქართველით მოასპარეზე ბარენცბურგის მორიგი მატჩი პოლარული ღამის დადგომის გამო შეწყდა და 6 თვით გადაიდო... და ბოლოს, ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატი ტაქსის მძღოლად მოწყობილა სან მარინოში და ახლა ვარჯიშისთვის უკეთესი პირობები ექნება, რაც უდავოდ დიდი მიღწევაა, ვინაიდან იქ სულ ორი ტაქსი და სამი ბურთი ყოფილა!

მართლაც, როგორ უნდა მოვუგოთ ვინმეს, როდესაც არც ერთ მოწინავე ლიგაში არც ერთი ჩვენებური არ თამაშობს? როცა ნაკრების კაპიტანს საკუთარ კარში ორჯერ მეტი გოლი აქვს გატანილი, ვიდრე მეტოქისაში! ახლა არ მითხრათ, კალაძეზე იუვენტუსი ნადირობს ან ინგლისში ხიზანიშვილის ხუთწლიანი უთამაშებლობა მასონების მსოფლიო შეთქმულების შედეგიაო! არა, ბატონო – ყველაფერი მოდუნებისა და მოტივაციის დაკარგვის ბრალია. კარგა ხანია დამტკიცდა, რომ იშვიათი გამონაკლისის გარდა, ქართველი სპორტსმენები მცირედის მიღწევით კმაყოფილდებიან, ზრდას წყვეტენ და ტალანტს ქარს ატანენ.

უნდა შევეგუოთ, რომ საშუალო ევროპული კლასის ნაკრებს კონკურენციას კიდევ დიდხანს ვერ გავუწევთ. მაგრამ არც მთლად უთავმოყვარეობა და ჯუჯებთან გათანაბრება გვმართებს.

ახლა დავიჩემეთ, კიშინიოვში 0:0 ნათამაშებ შეხვედრაში ბევრი პოზიტიურიც ვნახეთო და ვისაც არ ეზარება, თუთიყუშივით იმეორებს – კაცნაკლულებმა მთელი ტაიმი გავძელით და გოლი არ გავუშვით! მერე რა მოხდა ასეთი?! რატომ უნდა გაგვეშვა გოლი მოლდოვასთან მატჩში, რა, ბრაზილიაა თუ ესპანეთი?! იმაზე რატომ არაფერს ვამბობთ, რომ მეტოქის ნახევარზე არ გადავსულვართ და კარის მიმართულებითაც კი არ დაგვირტყამს?

ეს მოლდოვა რაღაც ღვთის რისხვად გვექცა! 1994 წლის 2 სექტემბერს თბილისში ევროპის პირველობის პირველ შესარჩევს რომ ვატარებდით, ექსტაზში ჩავარდნილმა ფედერაციამ და დღემდე უცნობმა “რეჟისორმა” “გენიალური სვლა” მოიფიქრა და ჩვენი ფეხბურთელების დასალოცად, 1976 წელს ამავე სტადიონის გახსნაზე ბორის პაიჭაძის მიერ ნათქვამი სიტყვა გადაამონტაჟა! წარმოგიდგენიათ რა მოგვივიდა პრესის ლოჟაში შეკრებილებს, როდესაც დინამიკებიდან ლეგენდარული პიროვნებისა და ფენომენალური ფეხბურთელის შემართებული შეძახილი გაისმა?! ყველას ჟრუანტელმა დაგვიარა და თმები (მაშინ მეც მქონდა) ყალყზე დაგვიდგა! არა, ეს არ იყო საერთო სულიერი ამაღლებისა და პატრიოტული აღტყინებით გამოწვეული განცდა – ეს გახლდათ ხმა სამარიდან! საქმე ისაა, რომ ბატონი ბორისი 1990 წლის 9 ოქტომბერს გარდაიცვალა და ნაკრებს ზეციდან მიმართავდა! რაღა გასაკვირია, რომ მოლდოვამ სრულიად ლოგიკური გამარჯვება იზეიმა – 0:1.

მოკლედ, სანამ ნაკრების მწვრთნელს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას მოვთხოვთ, ფეხბურთელებმაც და გულშემატკივრებმაც ფსიქოლოგებთან (ან ფსიქიატრებთან) კონსულტაცია უნდა გავიაროთ და ლოგიკური აზროვნება ვისწავლოთ.

...წერილის თავში დასმული კითხვა კი მაინც უპასუხოდ დამრჩა!

კომენტარები