გუშინ იყო ომი

ფოტო: ალექს მაიოლი MAGNUM ©
 ზუსტად ორი წლის წინ, 2008 წელს, აგვისტოში, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა, კონფლიქტის ზონას გასცდა, საქართველოს ცენტრალურ ნაწილში - გორში ჯარები შემოიყვანა და თბილისის დაბომბვისგან თავი მხოლოდ აქტიური საერთაშორისო რეაქციის შემდეგ შეიკავა. დღემდე საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ ოკუპირებული რჩება, თბილისიდან 50 კილომეტრში რუსეთის ჯარი დგას და რუსული ბაზები შენდება.
ორი წლის წინ და შემდეგ მსოფლიოში არაერთი მოსაზრება გამოითქვა იმის შესახებ, თუ რამ მიგვიყვანა 2008 წლის აგვისტოს ომამდე. ზოგისთვის ეს ექსცენტრიული პრეზიდენტი სააკაშვილი იყო, რომელსაც „პიროვნული შეუთავსებლობა” აქვს პრეზიდენტ პუტინთან. თუმცა ამ არგუმენტს „დაბალანსებულ” შევარდნაძესთან რუსეთის პრეზიდენტების ურთიერთობის გამოცდილება აბათილებს; სხვისთვის ეს მიზეზი რუსეთის შელახული თავმოყვარეობაა. თუმცა ფსიქოემოციური ახსნა აბსოლუტურად ლოგიკამოკლებული ხდება, თუ გავიხსენებთ ომისშემდგომ გერმანიას. გერმანიას ეროვნული თავმოყვარეობა ასევე შელახული ჰქონდა, თუმცა მისი ამბიციები ნიურნბერგის ცნობილმა პროცესმა (ანუ ფაშიზმის გასამართლებამ) და ევროპაში „ძალის ვაკუუმის ამოვსების” საშუალებით - აშშ-ს ჯარების განლაგებითა და ნატოს შექმნით, იქნა შეკავებული.
ამიტომ, 2008 წლის აგვისტოში აშშ-ს მოკავშირე, „სწრაფად განვითარებადი დემოკრატიის ქვეყანაში” მომხდარი ომის რეალურ მიზეზებზე საუბრისას საქართველოს ხელისუფლების მიერ დაშვებული გარკვეული შეცდომების გარდა, აშშ-ს, როგორც მსოფლიო პოლიტიკის წამყვანი ძალის არათანმიმდევრული პოლიტიკა უნდა გავიხსენოთ.
ათვლის, ანუ გარდამტეხ წერტილად შეიძლება ბუქარესტის ნატოს სამიტი მივიჩნიოთ. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ გერმანიის, კერძოდ, მერკელის პოზიცია მაშინ საქართველოსთვის მაპის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი აღმოჩნდა. ეს კი მწვანე შუქი გახლდათ რუსული ამბიციური ზრახვებისთვის. საქართველოსადმი ბუშის ადმინისტრაციის უპირობო მხარდაჭერის შესახებ გავრცელებული მითების საპასუხოდ, აუცილებლად აღსანიშნავია აშშ-ს უმოქმედობა, რომელმაც რეალურად არაფერი გააკეთა ბუქარესტის სამიტზე ამ წინააღმდეგობის დასაძლევად ან დასაზღვევად. მაგალითად, არ გამოიყენა ბალტიისპირეთის ქვეყნების ანალოგია, ჯერ კიდევ ნატოს სამიტამდე არ გააფორმა აშშ-საქართველოს ქარტია სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ და მსოფლიოსთვის, ევროპისთვის და პირველ რიგში კი რუსეთისთვის სადემონსტრაციიოდ არ ჩაუყარა საფუძველი უსაფრთხოების ორმხრივ გარანტიებს.
ბუშის ხელისუფლების ეს პოზიცია ამ ეტაპისთვის მისი არაპოპულარობით, შესუსტებული ძალაუფლებითა და ორპარტიულ კონსენსუსზე დამყარებული მმართველობით შეიძლება აიხსნას. აშშ-ს ადმინისტრაცია ამ პერიოდში, ერთი მხრივ, „ბუშის დოქტრინის” თანახმად მოქმედებდა, იგივე ერაყსა თუ ავღანეთში, ასევე მსოფლიოში დემოკრატიების მხარდაჭერაზე განცხადებებს აკეთებდა და ტერორიზმს ებრძოდა, მეორე მხრივ კი, პრაქტიკულად უმოქმედო გახლდათ რუსეთის მიმართ, რომელიც არც დემოკრატიის ნიშნებს აჩვენებდა, არც ადამიანის უფლებების დაცვისკენ დგამდა ნაბიჯს, არც ჩეჩენთა მიმართ გენოციდისგან იკავებდა თავს.
მეტიც - არც პუტინის აშკარა მუქარა 2008 წელს, არც აფხაზეთში რკინიგზის დაცვის მოტივით შეყვანილი ჯარები, არც საქართველოს ტერიტორიაზე დროდადრო ჩამოგდებული ბომბები, არც თავად კონდოლიზა რაისის საქართველოში ვიზიტის დროს ქვეყნის საზღვრებში შემოფრენილი რუსული ბომბდამშენი და არც ქართულ სოფლებზე მიტანილი ინტენსიური იერიშები არ აღმოჩნდა აშშ-ს და, მით უმეტეს, ევროპის ლიდერთა რეალური ქმედებისთვის საკმარისი არგუმენტი.
რუსეთის მიერ ვაკუუმის შესავსებად განხორციელებული სასინჯი ქმედებები უკომენტაროდ, ან აშშ-სა და ევროპის საშუალო და დაბალი რგოლის ჩინოვნიკთა განცხადებებით აღინიშნა. ეს რუსეთის ტიპის ქვეყნისთვის უპირობო მწვანე შუქი გახლდათ. პრაქტიკულად არ არსებობდა შემაკავებელი ძალა, რომელიც საქართველოს ამ ომისგან დააზღვევდა.

ორი წლის შემდეგ - 2010 წელი, აგვისტოა და დღეს კვლავ აქტუალურია რუსეთის შემაკავებელი ფაქტორისა და ძალის თემა.
დღეს აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა მართავს. ობამას ხელისუფლებამ 1,5 წლის წინ რუსეთთან „გადატვირთვის ღილაკს” დააჭირა ხელი. ანუ აქცენტი გააკეთა შიდაპოლიტიკურ პრიორიტეტებზე, ქვეყნის შიგნით მემარცხენე პოლიტიკის, გარეთ - ე.წ. „რეალური პოლიტიკის” გატარება დაიწყო. მოგვიანებით კი ამას, აშშ-ს შუალედური არჩევნების საფინიშო სწორზე - „კევის ღეჭვისა და სიარულის” შეთავსების მცდელობა მოჰყვა.
გადატვირთვის საფრთხეები, რუსულ-ქართული ომისა და მისი შედეგების ფონზე, განსაკუთრებულად შემაშფოთებელი აღმოჩნდა არა მხოლოდ ნატოს მიღმა, არამედ ნატოს ქოლგის ქვეშ მყოფი ქვეყნებისთვისაც. სწორედ ამ შეშფოთების საფუძველზე დაიწერა წერილი პრეზიდენტ ობამასადმი, რომელსაც აღმოსავლეთ ევროპის 6 ყოფილი პრეზიდენტი, ე.წ. პირველი თაობის დემოკრატი ლიდერები აწერდნენ ხელს და აშშ-ს აღმოსავლეთ ევროპის მიტოვებაში სდებდნენ ბრალს, აქვე იყო კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-მ 2008 წლის აგვისტოში საქართველო არ დაიცვა.
სწორედ ამ შეშფოთების გამოხატულება გახლდათ უკრაინის პროდასავლური ლიდერის იულია ტიმოშენკოს მხრიდან რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების მცდელობა, რამაც უკრაინაში პროდასავლური ლიდერებისადმი ნდობა კიდევ უფრო შეარყია; ბელარუსის ლიდერის გააქტიურება; აზერბაიჯანის მიერ რუსეთთან გაძლიერებული ენერგოვაჭრობა... ტრადიციულად, მეტოქის სისუსტედ აღიქვა ახალი პოლიტიკური სტრატეგია რუსეთმა; ასე თანდათან განიცადა სტრატეგიული დანაკარგები აშშ-მ უკრაინაში, ყირგიზეთში, პოლონეთშიც კი.
სანაცვლოდ კი აშშ-მ მიიღო რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სანქციები ირანის წინააღმდეგ, რომელიც რეალურად არაფერს ცვლის; რუსეთის თანხმობა ავღანეთის ტვირთების გადაზიდვაზე იმ პირობებში, როცა ტვირთების 80 პროცენტი ავღანეთში პაკისტანის გავლით შეედინება და არც ჩრდილოეთის ალტერნატიული მარშრუტის მოძიება იყო შეუძლებელი. ესე იგი, პრაქტიკულად არაფერი, ბევრის სანაცვლოდ.
ცხადია, ამ სიტუაციაში აშშ-ს პოლიტიკა დღეს რუსეთისთვის საქართველოსთან მიმართებაში შემაკავებელი ფაქტორის როლს ვერ ითამაშებდა, თუმცა, არსებობს რამდენიმე საგულისხმო დეტალი:
ბოლო პერიოდში აშშ-ს პოლიტიკაში გადატვირთვის გადატვირთვის ნიშნები გამოჩნდა. ეს ნიშნები გამოიხატა საქართველოსთან მიმართებაში - ჰილარი კლინტონის თბილისში ვიზიტის დროს და პრაქტიკაში ცნება „ოკუპაციის” დამკვიდრების დაწყებით; გამოიხატა ნეთანიაჰუს თბილი მიღებით აშშ-ში; გამოიხატა თუნდაც რუსეთის ჯაშუშებთან დაკავშირებული ისტორიით. აშშ-ს ხელისუფლების მიერ ეს ნაბიჯები, საგარეოზე მეტად, აშკარად საშინაო მოხმარებისთვის არის განკუთვნილი და ამის წინაპირობა აშშ-ში მოახლოებული შუალედური არჩევნებია.
აგვისტოს ომიდან ორი წლისთავზე აშშ ისევ წინასაარჩევნო საფინიშო სწორზეა - 2 ნოემბერს შუალედურ არჩევნებში აშშ-ში წარმომადგენელთა პალატის 435 წევრი და სენატში კი 100-დან 36 წევრი უნდა აირჩიონ. ამ არჩევნებში რესპუბლიკელებს წარმატების მიღწევის გაცილებით მეტი შანსი აქვთ, ვიდრე დემოკრატებს. უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში კი, რესპუბლიკელებს ობამას საკანონმდებლო ინიციატივების დაბლოკვაც შეუძლიათ. ბოლო პერიოდის კვლევები ნათლად აჩვენებს, რომ ასეთი პერსპექტივა რეალურია: ჟურნალ ეკონომისტის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ამერიკელების 52 პროცენტი ობამას პოლიტიკის უკმაყოფილოა. სკეპტიციზმის მთავარი მოტივი კრიზისის გახანგრძლივებაა. ორგანიზაცია „გელაპის” მერ ჩატარებულმა კვლევებმა კი აჩვენა, რომ დამოუკიდებლების მხოლოდ 38 პროცენტი იწონებს მის პოლიტიკას.
ამ ფონზე თავად გადატვირთვის პოლიტიკის მომხრეებიც აღიარებენ, რომ პრეზიდენტს, რომელსაც ქვეყნის შიგნით პრობლემები აქვს და საკუთარი ინიციატივების გასატანად მომავალში კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა დასჭირდება, საგარეო პოლიტიკის კორექტირება მოუწევს. შესაბამისად, ობამას საგარეო პოლიტიკაში მორიგი ცვლილებების მოლოდინი არსებობს. ამ მოლოდინს ზემოთ ჩამოთვლილი ნაბიჯებიც უმყარებს საფუძველს. ასევე აღსანიშნავია, მაგალითად პრეზიდენტ ბილ კლინტონის გამოცდილება, რომლის წარუმატებლობას საშინაო ფრონტზე საგარეო ფრონტზე დაწყებული გააქტიურება მოჰყვა.
შესაბამისად, შეიძლება ვივიარაუდოთ, რომ სტრატეგიული მოკავშირე და უკვე „ქარტიამოწერილი” საქართველოს პოლიტიკური მარცხი აშშ-ს დღევანდელი ხელისუფლების ინტერესს აშკარად ხელყოფს და სერიოზულ დისკომფორტს შეუქმნის. ამ რეალობას დღეს რუსეთიც აცნობიერებს, რაც მისი აგრესიული ქმედებების ერთგვარ შემაკავებელ ფაქტორად შეიძლება იქცეს და რამაც, გარკვეულწილად, უკვე განაპირობა კიდეც ტონის უმნიშვნელო შერბილება რუსეთის ლიდერთა მხრიდან.
ამასთან, თუ მივყვებით ნიუ იორკ თაიმსის მიმომხილველის თომას ფრიდმანის „ნავთობპოლიტიკის პირველ კანონს”, რუსეთის აგრესიული ზრახვების განხორციელებას დღეს არც ნავთობის ფასები უწყობს ხელს. შეგახსენებთ, თომას ფრიდმანის მოსაზრებით, რაც უფრო მაღალია ბუნებრივი რესურსების ფასები, მით მეტად იბღალება ადამიანის უფლებები, პოლიტიკური საარჩევნო სტრუქტურა და კანონის უზენაესობა. იგი ასევე ამბობს, რომ, მაღალი ფასების შემთხვევაში ნავთობ-სახელმწიფო ნაკლებ ყურადღებას აქცევს სხვების აზრებს. ეს ხდება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთაც, სხვა ფაქტორების მიმართ.
რომ არა ეს ფაქტორები, ევროპა დღეს ისეთივე პასიურია, როგორიც ორი წლის წინ იყო და ისეთივე რიტორიკა აქვს, როგორც ორი წლის წინ. მეტიც, 2010 წლის ივლისის მიწურულს აგვისტოს ომის „მთავარმა მომრიგებელმა” პრეზიდენტმა სარკოზიმ პრაქტიკულად ცალმხრივად დაადასტურა, რომ საფრანგეთი მოწადინებულია, რუსეთს აუგოს ორი ვერტმფრენმზიდი „მისტრალი”, თბილისში ჩამოსულმა კუშნერმა კი საქართველოს ხელისუფლებას ისევ „დაჟინებით ურჩია” რუსეთთან დიალოგის უპირობოდ დაწყება.
აშშ-ს ადმინისტრაციამ კი თავადაც აღიარა, რომ, საქართველოს ტერიტორიების „ოკუპირებულად” გამოცხადების მიუხედავად, არ გააჩნია დეოკუპაციის არავითარი სტრატეგია, თუნდაც ისეთი უსუსური და ნაკლებადრეალიზებადი, როგორიც ახლო აღმოსავლეთის, პალესტინის კონფლიქტის შემთხვევაში.
საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი კი კვლავ ოკუპირებულია, თუმცა, ქვეყანას დაძლეული აქვს შიდაპოლიტიკური დაპირისპირების პიკი. სააკაშვილის ხელისუფლებას მოპოვებული აქვს ფაქტობრივი ლეგიტიმაცია; კვლავ ინარჩუნებს დასავლურ ორიენტირს; რჩება აშშ-ს სტრატეგიულ პარტნიორად და ისწრაფის ნატოსკენ (მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ NDI-ს მიერ გამოქვეყნებული კვლევების თანახმად, ორი წლის წინანდელისგან განსხვავებით, ნატოში ინტეგრაციას უკვე არა 80 პროცენტზე მეტი, არამედ 59 პროცენტი უჭერს მხარს);
ამასთან, საგარეო პოლიტიკაში აშკარად შეიმჩნევა ახალი ტენდენციები, რომელიც ზოგისთვის ბევრ კითხვას ბადებს, თუმცა რეალურად ახალი - მრავალპოლუსიანი მსოფლიოს პერსპექტივის გაცნობიერების ნიშანია: პრეზიდენტმა სააკაშვილმა გასული ორი წლის მანძილზე გაააქტიურა ურთიერთობა ირანთან და ბელორუსთან; დაესწრო კოსტა-რიკის პრეზიდენტის ინაუგურაციას და შეეცადა დაემყარებინა კონტაქტები ინაუგურაციაზე სტუმრად მყოფ სამხრეთ აფრიკის ქვეყნებთან; დღესაც აგრძელებს მუშაობას ფრანკოფონიის ორგანიზაციის წევრ ქვეყნებთან (55 წევრი და 13, საქართველოს მსგავსად, დამკვირვებელი ქვეყანა), დაამყარა დიპლომატიური კონტაქტები მცირე სახელმწიფოებთან. პარალელურად კი საქართველომ ინტენსიურად გააგრძელა საგარეო ფრონტზე გააქტიურებულ თურქეთთან ურთიერთობა, შესთავაზა კონფლიქტების დარეგულირების სტრატეგიის განხორციელებაში ჩართვა, მადლობა გადაუხადა ბრაზილიასთან ერთად ირანთან მიღწეული ბირთვული შეთანხმებისთვის (მოკლედ, მოახდინა და აგრძელებს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების პრეცედენტების პრევენციას. შეგახსენებთ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკები, რუსეთის გარდა, დღემდე მხოლოდ სამმა ქვეყანამ - ვენესუელამ, ნიკარაგუამ და ნაურუმ აღიარეს).
პარალელურად კი საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში გაააქტიურა დეკომუნიზაციის პროცესი და აქტიურად დაიწყო საბჭოთა რეჟიმის გასამართლების იდეის ლობირება.
თვითგამოცხადებულები და ოკუპირებულები
რა მოუტანა ოკუპაციამ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს, ოთხი სახელმწიფოს „აღიარების” გარდა? რამდენიმე ფაქტი ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად:

აფხაზეთი
„რესპუბლიკა” აფხაზეთში 2009 წლის დეკემბერში ჩატარდა არჩევნები და საკმაოდ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა სერგეი ბაღაფშმა. რაულ ხაჯინბა - ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, რომელსაც არძინბას დროინდელი ნომეკლატურა უჭერს მხარს და აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმის ლიდერია და ადგილობრივი ბიზნესმენი ბესლან ბუთბა, რომელიც პარტიის „აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების” თავმჯდომარეა, დღეს ოპოზიციაში არიან.
თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში დღეისთვის აფხაზებისთვის არცთუ სასარგებლო დემოგრაფიული ვითარებაა შექმნილი. „აფხაზეთის საპასპორტო-სავიზო სამსახურის” ინფორმაციით, აფხაზეთში 74 ათასამდე პასპორტი აფხაზი ეროვნების მოქალაქეებზეა გაცემული, მეორე ადგილზე სომხები არიან - 32 ათასი პასპორტი, მესამეზე რუსები - 18 ათასი, შემდეგ მოდიან ქართველები - 12 ათასი და სხვა, სულ 85 ეროვნების ადამიანი. ამ მონაცემების მიხედვით, აფხაზეთში დღეისათვის 320 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, რაც თბილისში არარეალისტურად მიაჩნიათ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილობაში მყოფი მთავრობის სტატისტიკით, აფხაზეთში მთლიანად 167 ათასამდე მცხოვრებია. აქედან ყველაზე მეტი სომეხი ეროვნების - 57 ათასი ადამიანი ცხოვრობს. შემდეგ მოდის 46 ათასი ქართველი, მხოლოდ 34 ათასი აფხაზი, 23 ათასი რუსი და სხვა. გარდა ამისა, აფხაზეთში დღეს დაახლოებით 5 ათასი რუსი სამხედრო იცავს მშვიდობას. ამასთან, რუსეთის მოქალაქეები პირველ ადგილზე არიან აფხაზეთში უძრავი ქონების შესყიდვის მაჩვენებლით, მათმა წილმა უცხოელი მყიდველების საერთო რაოდენობიდან 85% შეადგინა (უძრავი ქონების საერთაშორისო სააგენტო Gordon Rock-ისა და სეპარატისტული აფხაზეთის უძრავი ქონების სააგენტოს „სტრანა მიმოზ”-ის მონაცემები).
რუსეთზეა დამოკიდებული აფხაზეთის ბიუჯეტიც. 2008 წელს რუსეთის დახმარებამ 510 მილიონი რუბლი შეადგინა, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტის წილი 1 მილიარდ 268 მილიონი რუბლი იყო. მომდევნო, ანუ 2009 წელს რუსული დახმარება გაიზარდა 2 მილიარდ 568 მილიონ რუბლამდე. ადგილობრივმა რესურსმა კი მხოლოდ 1 მილიარდ 678 მილიონი რუბლი შეადგინა.
აფხაზური ენა კი სულ უფრო და უფრო თმობს პოზიციებს. ადგილობრივი პარლამენტის მცდელობა, აფხაზურად ჩაეტარებინა სხდომები, კურიოზით აღინიშნა - დეპუტატებს თარჯიმნები დასჭირდათ.
ამ ფაქტების ფონზე აფხაზებში სულ უფრო და უფრო იზრდება აფხაზი ერის ასიმილირებისა და სრული გაქრობის შიში. თუმცა ეს შიში, ჯერჯერობით, საქართველოსთან დიალოგის დაწყებისთვის საკმარის არგუმენტად ვერ იქცა.

სამხრეთ ოსეთი
კიდევ უფრო მეტად არის „მიბმული” რუსეთზე დღეს თვით (და რუსეთისა და მისი სამი მეგობრის მიერ) აღიარებული სამხრეთ ოსეთი. ამასთან, სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტს ედუარდ კოკოითის, რომელსაც მალე მეორე ვადა გასდის, რუსეთის მიერ დანიშნულ „შიდა მეთვალყურეებთან” პრობლემები აქვს. პრობლემების სათავე რეგიონში გაფლანგული რუსული ფულია. რუსეთის პრემიერის ვლადიმირ პუტინის უშუალო ხელდასმით სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების პრემიერის პოსტს დღეს ვადიმ ბროვცევი იკავებს, რომელთანაც კოკოითის გამწვავებული ურთიერთობის განსამუხტავად თავად პუტინის ჩარევა გახდა საჭირო. რუსეთის პრემიერმა სამხრეთ ოსეთის ლიდერი კრემლში დაიბარა და პირადად მოსთხოვა ბროვცევთან დაპირისპირების შეწყვეტა. 2008 წლის აგვისტოს შემდეგ პერმანენტულად ვრცელდებოდა ინფორმაცია კოკოითის ხელისუფლებიდან ჩამოცილების, მისი შესაძლო ჩანაცვლების შესახებ. ბოლო დღეებში მედიამ კოკოითის შესაძლო შემცვლელებზეც გაავრცელა ინფორმაცია. კერძოდ, საუბარია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე სტანისლავ კოჩიევზე, მის პირველ მოადგილე, პოლიტიკური პარტია „ერთობის” ლიდერ ზურაბ კოკოევსა და რუსეთის ფედერაციაში სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. ელჩ დიმიტრი მედოევზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ვინც არ უნდა აღმოჩნდეს კოკოითის შემცვლელი, მას არცთუ სახარბიელო მემკვიდრეობა ერგება.
საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის მონაცემებით (რომელიც რუსეთისა და ცხინვალის ხელისუფლებების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა), ამჟამად რეგიონში 30 ათასი ოსი ეროვნების ადამიანი ცხოვრობს, აქედან ცხინვალში - 17 ათასი. ამასთან, რეგიონში ამჟამად სულ 2500-მდე ქართველი ცხოვრობს. სამხრეთ ოსეთში განთავსებულია რუსეთის არმიის მე-4 ბრიგადა, რომელშიც ოფიციალურად 3 800 სამხედროა. ჯარი განლაგებულია ცხინვალში, ჯავაში და სოფელ ყანჩავეთში, ახალგორის რაიონში. კრიზისის ჯგუფს მიაწოდეს ინფორმაცია დასავლეთით, ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს დამატებით სამხედრო ბაზის მშენებლობის შესახებაც. არსებობს ცნობები უფრო პატარა სამხედრო ბაზის შესახებაც, რომელიც ქურთაშია დისლოცირებული. ამასთან, საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე 900 რუსი მესაზღვრეა დისლოცირებული და მიმდინარეობს საზღვრის დემარკაცია.
„სამხრეთ ოსეთის” ეკონომიკა მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული. საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის მონაცემებით, 2008 წლის აგვისტოდან რუსეთმა სამხრეთ ოსეთს 840 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო. თუმცა, სარეაბილიტაციო სამუშაოების ტემპი ძალზე დაბალია. სამხრეთ ოსეთში ყველაზე მსხვილი საწარმოებია მინერალური წყალი „ბაგიათის” და „ვიბრომანქანის” ქარხნები, რომელთა საწარმოო სიმძლავრე მხოლოდ მეხუთედითაა ათვისებული. პროდუქტის 90 პროცენტი რეგიონში რუსეთიდან შემოდის და, სულ მცირე, ორჯერ უფრო ძვირია, ვიდრე რუსეთის სამხრეთ რეგიონებში. სამხრეთ ოსეთში ფუნქციონირებს ორი „სახელმწიფო” ბანკი. მიმოქცევაში მხოლოდ რუსული რუბლია.
ერთადერთი პროგრესი მასწავლებლებისა და სამართალდამცველი ორგანოების ხელფასების ზრდის მიმართულებით შეიმჩნევა, თუმცა, აშკარაა, მსყიდველუნარიანობის შემცირება. კრიზისის ჯგუფის სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები სამკურნალოდ რუსეთში მიდიან, უფასო სამედიცინო დახმარების მიღება შეუძლიათ მათ, ვისაც შიდა რუსული პასპორტი აქვს. წელს საშუალო სკოლა მხოლოდ 430 მოზარდმა დაამთავრა.

კომენტარები