ფორდი - შესაძლებლობებს მიღმა

 „ფიქრს, რომ მეტი უნდა გააკეთო, რომ უკეთესად უნდა გააკეთო, გონება მიჰყავს მდგომარეობამდე, როცა მისთვის შეუძლებელი აღარაფერია. მე უარს ვამბობ, ვაღიარო შეუძლებლის არსებობა!” - ეს სიტყვები ჰენრი ფორდს ეკუთვნის, ამერიკელ მეწარმეს, რომელმაც შეძლო, მსოფლიო შეეცვალა. იდეა, რომ ბიზნესის განვითარება საზოგადოების განვითარებას ნიშნავს, მისი ცხოვრებისა და საქმიანობის ღერძად იქცა. ცხოვრებასა და საქმიანობას შორის ზღვარმა კი ახალგაზრდობიდანვე იწყო გაფერმკრთალება.
ჰენრი ფორდის ბიოგრაფია სხვა ამერიკელ ბიზნესმენთა ბიოგრაფიებისაგან დიდად არ განსხვავდება. დაიბადა 1863 წლის 30 ივლისს, დეტროიტთან ახლოს, ირლანდიელი და ბელგიელი ფერმერების ოჯახში. ახალგაზრდობიდანვე რაღაც ახლის შექმნა სურდა, ამიტომ, მამის ნების საწინააღმდეგოდ, ფერმერობაზე უარი განაცხადა. მას საკუთარი ამერიკული ოცნება ამოძრავებდა. „ფერმაში ცხოვრებამ ტრანსპორტირების უკეთეს საშუალებაზე დამაფიქრა,” - წერს ფორდი. თორმეტი წლის იყო, ძრავების გამოფენაზე რომ მოხვდა. მერე საათი აჩუქეს. 15 წლის ჰენრის უკვე ნებისმიერი საათის შეკეთება შეეძლო. თანაც, სათანადო ინსტრუმენტები არც ჰქონია. ცოტა ხანში ორთქლის ძრავაც ააწყო. ჩვიდმეტი წლის ასაკში, სკოლის დამთავრებისთანავე, ჰენრი მექანიკოსს დაუდგა შეგირდად. ღამით მესაათედ მუშაობდა, თან „უცხენო ეტლზე” ფიქრობდა, კითხულობდა ახალი ძრავების შესახებ ინგლისურ და ამერიკულ ჟურნალებში. იმდროინდელი ექსპერტებისგან განსხვავებით, ჰენრის, ორთქლის ძრავაზე მეტად, ბენზინის ძრავა აინტერესებდა.
1892 წელს, მრავალი ექსპერიმენტის შემდეგ, ჰენრი ფორდმა შექმნა პირველი მანქანა. ოთხი ცხენის ძალა, ორი ადგილი, ორი სიჩქარე - 16კმ/სთ და 32კმ/სთ. მანქანას უკუსვლაც არ შეეძლო. დიდი ხნის განმავლობაში, ეს ერთადერთი უცხენო ეტლი იყო მთელ დეტროიტში. თუმცა, ქალაქის მოწონება ვერ დაიმსახურა. თავის ტკივილი იყო - გრუხუნებდა, ცხენებს აშინებდა, ტრანსპორტს აბრკოლებდა. ფორდისთვისაც არ უნდა ყოფილიყო დიდად კომფორტული - თუ მანქანას ჩააქრობდა, დაქოქვამდე ცნობისმოყვარეთა მთელი ჯარი იკრიბებოდა გარშემო. საკმარისი იყო, ცოტა ხნით უყურადღებოდ დაეტოვებინა, რომ უთუოდ გამოჩნდებოდა ვინმე, ვინც უცხო არსების გახედნას მოინდომებდა. ჰენრი იძულებული იყო, ჯაჭვი ეტარებინა თან. მანქანას ბოძზე აბამდა ხოლმე. პოლიციელებსაც ყელში ამოუვიდათ ახირებული მოქალაქე, რომლის მორახრახებაც მათ „კვადრატებში” შფოთის მეტს არაფერს მოასწავებდა. ფორდს ქალაქის მერთან მოუწია მისვლამ. მართვის მოწმობა აიღო. ასე გაჩნდა მსოფლიოში პირველი სერტიფიცირებული მძღოლი. ერთი წლის შემდეგ ფორდმა მანქანა გაყიდა. ეს მისი პირველი გაყიდვა იყო.
ორი წლის შემდეგ ფორდმა ბენცის მანქანა იხილა. არ მოეწონა. მანქანა ძალიან მძიმე იყო. მას სჯეროდა, რომ შესაძლებელი იყო რაღაც უფრო მარტივის, უფრო ადვილად გამოსაყენებლის შექმნა და ააწყო კიდეც სამი მოდელი. მათგან ერთი არასოდეს გაუყიდია, სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა თან, როგორც პირველი სიყვარული. საყვარელ საქმეს დიდ ბიზნესამდე ჯერ ბევრი აკლდა. ჰენრი კვლავინდებურად ელექტრობის მაღაზიაში მუშაობდა, თვეში 125 დოლარად. როცა დაწინაურება შესთავაზეს, ჰენრი დაფიქრდა და... უარი თქვა. ნაკლები დრო დარჩებოდა ძრავებისთვის. “ასარჩევი არაფერი იყო, ვიცოდი, რომ მანქანა მომიტანდა წარმატებას”. ალბათ, სწორედ ამ დღეს დაიბადა ბიზნესმენი ჰენრი ფორდი.
თავიდან მანქანებზე დიდი მოთხოვნა არ იყო. „უცხო რამეზე არასდროს არის მოთხოვნა”, - თავს ინუგეშებდა ჰენრი. მალევე, რამდენიმე მეგობართან ერთად შექმნა დეტროიტის საავტომობილო კომპანია. 3 წლის შემდეგ კი საკუთარი კომპანიის დაარსება გადაწყვიტა. მოგვიანებით დეტროიტის საავტომობილო კომპანიას კადილაკ კომპანის უწოდებენ.
ფორდმა პატარა სახელოსნო დაიქირავა და ცდები განაგრძო. ხალხი მანქანისგან მხოლოდ ერთ რამეს ითხოვდა - სიჩქარეს. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ სიჩქარე დიდად არ აინტერესებდა, ფორდს მოუხდა სწრაფი მანქანის შექმნა, რომლითაც დაუმარცხებელ ალექსანდერ ვინტონს შეეჯიბრა. შეჯიბრის შემდეგ ვინტონს აღარავინ მოიხსენიებდა „დაუმარცხებლად”. თუმცა, მთავარი გამარჯვება წინ იყო. 1903 წელს შექმნილი ორი სწრაფი მანქანით (999 და ეროუ) ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ შეჯიბრზე კონკურენტები იმდენად ჩამოიტოვა, რომ ხალხი რამდენიმე კვირის განმავლობაში მხოლოდ ჰენრი ფორდზე საუბრობდა.
მიუხედავად იმისა, რომ სიჩქარე რიგით პირველი მიზანი არ ყოფილა, ფორდის მანქანები ყოველთვის გამოირჩეოდა ამ მახასიათებლითაც. არსებობს ასეთი მოგონება: ჰენრი ფორდი დასასვენებლად წასულა ლანჩესტერით - იმ დროისთვის ცნობილი ინგლისური მანქანით. ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ფორდით რატომ არ დადიხართო. ჰენრიმ უპასუხა - შვებულებაში ვარ, არსად მეჩქარებაო. მოდელ 999-ით მოგებული შეჯიბრის შემდეგ, ერთ კვირაში, ჰენრიმ დააარსა ფორდ მოტორ კომპანი.
წარმატების ციტადელს საფუძველი ჩაეყარა: პირველივე წელს ფორდმა A მოდელის 1708 მანქანა გამოუშვა და ყველა გაყიდა. ყველაზე იაფფასიანი მანქანა 600$, ყველაზე ძვირი კი 750$ ღირდა. ფორდს პატარა, ნაქირავები მაღაზია აღარ ჰყოფნიდა. გაფართოვდა და იმ დროის რეკორდი მოხსნა - 6 დღეში 311 მანქანა გამოუშვა. ერთი თვის შემდეგ, ერთ დღეში 100 მანქანის აწყობა შეძლო კონვეიერის დამსახურებით, რომელიც ჩიკაგოს ძეხვის კომპანიის ნახვამ შთააგონა. „ჩვენი მუშები მანქანებს არ აწყობენ, ისინი ერთმანეთს ეხმარებიან მანქანის აწყობაში”. იმ დროისათვის მანქანაში 5 ათასამდე ნაწილი იყო და, ფორდის აზრით, თუ თითოეული ადამიანი იმას გააკეთებდა, რაც საუკეთესოდ შეეძლო, სამუშაო უფრო სწრაფად და ხარისხიანად შესრულდებოდა. ამგვარად, ფორდმა არა მარტო მანქანის სისწრაფით, არამედ მანქანის შექმნის სისწრაფითაც გაუსწრო კონკურენტებს. ცდები - მანქანებისა და მუშახელის შრომისუნარიანობის ასამაღლებლად - არ წყდებოდა. „ყველაფერი უკეთესად შეიძლება გაკეთდეს,” - გაიძახოდა ჰენრი.
ხელქვეითებს ფორდი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა. ხელფასი - საათში 5 დოლარი (დღევანდელი საზომებით 110 დოლარი) - იმ დროისთვის უპრეცედენტო ანაზღაურება. ფორდთან ქალაქის საუკეთესო მუშები მიდიოდნენ. „ბრმასა და ინვალიდს ზუსტად იმდენივე შეუძლია გააკეთოს, რამდენიც ჯანმრთელს,” - ასე მიაჩნდა ჰენრი ფორდს. ქარხანაში სულ 7882 სამუშაო ადგილი იყო, აქედან 949 - მძიმე ფიზიკური სამუშაოსთვის, 3338 - ჩვეულებრივი ფიზიკური შესაძლებლობების ადამიანებისთვის, ხოლო 3595 ადგილისთვის არანაირი ნორმატივის დაკმაყოფილება არ მოგიწევდათ. ფორდის ანგარიშით, მის ქარხანაში 670 სამუშაო ადგილი იყო, რომელსაც უფეხო ადამიანიც დაიკავებდა, 2637 ადგილზე ცალფეხა ადამიანს შეეძლო ემუშავა, 2-ზე - უხელოს, 715-ზე - ცალხელას და 10-ზე - ბრმას. ფორდის აზრით, სამუშაო ადგილზე დაზარალებულთათვის პენსიის მიცემა არ იყო მიზანშეწონილი. სანაცვლოდ, იგი დაზარალებულებს სხვა, შესაფერის სამუშაოს სთავაზობდა. ფორდი ფიქრობდა, რომ მათ მორალურ და ფინანსურ მდგომარეობას ეს უფრო ახეირებდა. კატეგორიული იყო პროფესიული ორგანიზაციების მიმართ. მიაჩნდა, რომ ეს ორგანიზაციები მუშათა მდგომარეობის გამოსწორებას არ ემსახურებოდნენ. ფორდის აზრით, წარმოების გაჩერება, შრომაზე და, შესაბამისად, ფულზე უარის თქმა ვერაფრით იქნებოდა სასარგებლო მუშებისთვის. თვლიდა, რომ ამგვარი კავშირები სხვა არაფერი იყო, თუ არა ახირება გავლენიანი ადამიანისა, რომელსაც მხოლოდ საკუთარი მიზნები ამოძრავებდა და არა მუშათა მდგომარეობის გამოსწორების სურვილი.
საინტერესოა ფორდის შეხედულებები დემოკრატიასა და ადამიანთა თანასწორობაზე: „აშკარაა, ადამიანებს განსხვავებული შესაძლებლობები აქვთ... იყო დრო, როდესაც ერთის წარმატება მხოლოდ მასზე იყო დამოკიდებული, მუშაობაზე და არა დახმარებაზე. დღეს სხვანაირადაა. ადამიანები ცდილობენ, ვინმე გავლენიანმა შეამჩნიოს და ასე მიაღწიონ წარმატებას. ჩვენ ამას ვებრძვით... დემოკრატიაზე ხშირად არც ერთ სიტყვას არ იყენებენ. და ის, ვინც ყველაზე ბევრჯერ ამბობს ამ სიტყვას, ყველაზე ნაკლებად ემხრობა მას. მე მჯერა ისეთი დემოკრატიის, რომელიც თითოეულს თავისი შესაძლებლობისამებრ მიაგებს... ვინ უნდა იყოს ქარხანაში უფროსი? ეს ჰგავს კითხვას - ვინ უნდა იყოს კვარტეტში ტენორი? რა თქმა უნდა ის, ვისაც შეუძლია ტენორის სიმღერა”.
ჰენრი ფორდი კარგი „ტენორი” გამოდგა. სტრატეგია მარტივი იყო. დღევანდელი მარკეტოლოგები დაუწუნებდნენ კიდეც. მალეფუჭებადი პროდუქტი არ უყვარდა. მთავარია, მანქანა ყოფილიყო კარგი. თუ სხვა კომპანიები ყოველ წელს ახალ მანქანას უშვებდნენ და ყოველ ჯერზე მომხმარებელს მის გაუმჯობესებას ჰპირდებოდნენ, ფორდი ერთი და იგივე მოდელს რამდენიმე წლის განმავლობაში აწარმოებდა. მისი მანქანები არ ფუჭდებოდა. და თუ გაფუჭდებოდა, ფორდის სახელოსნოში ძალიან იაფად შეაკეთებდნენ: „ადამიანს, რომელიც ჩვენთან მანქანას შეიძენს, არასდროს აღარ მოუხდება მისი მეორედ შეძენა”. ქარხანაში სერვისი მაშინ იწყებოდა, როდესაც მომხმარებელი მანქანას იყიდდა. სხვა მწარმოებლებისთვის კი სერვისი სწორედ აქ მთავრდებოდა.
გაყიდვები იზრდებოდა ყოველწლიურად. ფორდის ქარხანაზე არ ასახულა დიდი დეპრესია და ეკონომიკური კრიზისები. 1921 წლისათვის ფორდი წელიწადში მილიონ მანქანას აწარმოებდა - 10-ჯერ უფრო მეტს, ვიდრე იმ დროის მეორე ფავორიტი შევროლეტი - 1929 წელს კი 1.5 მილიონს. ყველაზე ცნობილი მოდელი „T” 28 მილიონი ცალი გაიყიდა. 1929 წელს ფორდით დაინტერესდა საბჭოთა კავშირი. ნიჟნი ნოვგოროდში შეიქმნა საერთო ქარხანა, სადაც ფორდმა რამდენიმე ათეული ამერიკელი ინჟინერი გაგზავნა. ქარხანას გორკი ავტომოტივი უწოდეს. 1933 წელს აქ გაზ-ის სატვირთო მანქანა ააწყვეს. თუმცა, ამერიკელი ინჟინრები სტალინის რეჟიმმა იმსხვერპლა. ზოგი დახვრიტეს, სხვები გულაგში გაამწესეს. ფორდი არც მეორე დესპოტის ყურადღების მიღმა დარჩენილა. ადოლფ ჰიტლერმა ჰენრი ფორდს უცხოელთათვის დაწესებული ყველაზე მაღალი ჯილდო - გერმანული არწივის დიადი ჯვარი უბოძა. ფორდი პაციფისტი იყო და ომს დროის უაზრო ფლანგვად მიიჩნევდა, მაგრამ ბედის ირონიით, მეორე მსოფლიო ომში მისმა ქარხანამ დიდი როლი იტვირთა. ფორდის ქარხნებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გერმანიის სამხედრო ძალების განვითარებაში. მოგვიანებით, როცა საფრანგეთი დაეცა, ფორდი მოკავშირეთა ავიაწარმოებებს ეხმარებოდა. 1941 წელს, როცა აშშ მეორე მსოფლიო ომში ჩაება, ფორდმა შეწყვიტა ურთიერთობა თავის ქარხნებთან გერმანიაში. პერლ ჰარბორის შემდეგ კი ამერიკული ჯიპების წარმოება გადაიბარა. დიდ ბრიტანეთში ფორდი როლს-როისს ეხმარებოდა ავიაძრავების შექმნაში. 1999 წლამდე ფორდის ქარხნები მუდმივად იზრდებოდა, 1999 წელს მათ 4 მილიონზე მეტი მანქანა გაყიდეს. მას შემდეგ გაყიდვებმა იკლო.
ჰენრის სწამდა ამერიკული ოცნებისა და მუხლჩაუხრელად შრომობდა მის ასახდენად. გამდიდრება მთავარი არ იყო. მხოლოდ საქმის სიყვარულს ჰქონდა მნიშვნელობა. ფორდს სჯეროდა, რომ წარმოება გადამწყვეტი ფაქტორი იყო საზოგადოების განვითარებისთვის და მართალიც აღმოჩნდა. ჰენრი ფორდის მსგავსმა ადამიანებმა შექმნეს საზოგადოება, რომელიც წარმატების სავანედ იქცა. მან დაამტკიცა, რომ არ არის აუცილებელი იყო რეფორმატორი ან პოლიტიკოსი, რათა შეცვალო საზოგადოება, შეცვალო სამყარო.

კომენტარები