ვინ გადაცურავს ზღვას?

ერთ დროს ქვეყნის ყველაზე უფრო ალტერნატიული სატელევიზიო სიხშირე პოლიტიკოსებს გადაულოცეს. არხი, რომლის საშუალებითაც 90-იან წლებში სერგი გვარჯალაძემ, დადა დადიანმა, ირაკლი ჩარკვიანმა და კოტე ყუბანეიშვილმა კულტურული რევოლუციის მოწყობა სცადეს, ვადაგასული საჯარო პირების ასპარეზად გადაიქცა. „შოუბიზ-დაიჯესტი” პარლამენტის პლენარულმა სხდომებმა ჩაანაცვლა, რეაქტიული პოეზია - პარტიული ტრიბუნიდან ნასროლმა ობმოკიდებულმა ლოზუნგებმა. რევოლუცია არ შედგა. დისნეის მულტფილმების ჩვენებისას შეცდომით ჩართული ჰენტაი ანიმე წინასწარმეტყველება აღმოჩნდა - ოცი წლის შემდეგ მეორე არხი ვერბალურ პორნოგრაფიას დაეთმო.

ირაკლი ჩარკვიანი ერთადერთი ქართველი მეფე იყო, რომელსაც ზღვის გადაცურვის სურვილი გაუჩნდა. ზღვის პირას მცხოვრებ ხალხს, არგონავტებს დადევნებულ აიეტის მითიურ ხომალდებს თუ არ ჩავთვლით, არასდროს გვყოლია ფლოტი. შავი ზღვა არ გვიჩენდა მასში შეცურვის სურვილს. ამიტომაც დავარქვით ზღვა - ზღვარი. მის იქით ჩვენი წინაპრებისთვის არაფერი იყო, შეუცნობელის შიშის გარდა. ვიკინგებს სიცივე, შიმშილი და სიახლისკენ სწრაფვა აიძულებდა, ფარატინა გემებით ოკეანე გადაელახათ. ჩვენ, კავკასიის მთების ჩრდილში, თბილ ადგილზე მოკალათებულებს, როგორც ჩანს, არ გვშიოდა, არც სიახლე გვიზიდავდა მაინცდამაინც და არც იმის მიზეზი გვქონია ოდესმე, ზღვების გადაცურვაზე გვეფიქრა. ის კი ქაღალდის ნავით შეეცადა გადაცურვას.

90-იანი წლები ისტორიას ჩაბარდა. მოვიდა ახალი საუკუნე, ახალი გამოწვევებით და ახალი გმირებით. თბილისის კინოთეატრებში ანშლაგებით გასულმა „ოცნების ქალაქმა” ყველაზე კარგად ჩამოაყალიბა თანამედროვე ქართული ოცნება: ცოლად - ნანკა, სიმამრად - დუტა, საყვარლად - შორენა, მოსასმენად - „მგზავრები”, საყურებლად - მაია ასათიანი, გასართობად - „ნაით ოფისი”, თმის შესაჭრელად - სალონი „ნატალი”...

ხელისუფლების სათავეში რევოლუციური ლოზუნგებით მოსული მთავრობაც მალე კარგად გაერკვა, თუ რატომ აღაგზნებს ჩვენს დიასახლისებს რესტორნიდან ახლად გამოსული თვალცრემლიანი მამაკაცის ჩივილი 800 წლის წინ გარდაცვლილი მეფისადმი - „სულში გვაფურთხებენ, დედას გვაგინებენ, დავიიით”, ისე რომ, გადაცემა „ნიჭიერის” ფინალში შესაშური ერთსულოვნებით მის მორიგ რეინკარნაციას აძლევენ ხმას და რატომ აქვს თავბრუდამხვევი რეიტინგი მაია ასათიანისა და ნანუკა ჟორჟოლიანის შოუებს. იმდენად კარგად, რომ „შავ ღვინოში მობანავე ალუბლებსა” და „ახალგაზრდობადავიწყებული მოხუცის თვალებზე” სინქრონულად მომღერალი ბიჭუნების მიმართ არსებული საერთო-სახალხო სიყვარული ქართული პოლიციის შემდგომი პოპულარიზაციისთვისაც კი გამოიყენა.

ხელისუფლების კარგად მესმის. ეს სამარხვო კულტურა ხომ არასდროს შეუქმნის პრობლემებს სრული დეოკუპაციის მოლოდინში დროსა და სივრცეში გაყინული ქვეყნის მართვაში. რა საჭიროა ზედმეტი თავის ტკივილი. „შუა ქალაქით” ზომბირებული მოსახლეობის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება უფრო ადვილია. თან, ვინ იცის, პოტენციურ ამომრჩეველთა ინტელექტუალური დონის მატებასთან ერთად, უფრო მეტად გამოჩნდეს საკუთარი ნაკლოვანებები. ამათთვის კი წელიწადში ერთხელ ჩამოიყვან რომელიმე გადაბერებულ პოპვარსკვლავს, ახალგაზრდობის სწორი იდეოლოგიური აღზრდის საკითხებს კი სტალინის ძეგლის დემონტაჟის მეორე დღეს შექმნილი სამინისტრო მიხედავს.

ნუ აძლევთ ფულს კარის ხელოვანებს, მიეცით მეამბოხეებს...

სწორედ ასე დავწერდი, რომელიმე მემარცხენე მიმართულების ჟურნალში რომ მქონდეს ჩემი სვეტი, მაგრამ რაკი ეს სტატია „ტაბულაში” უნდა გამოქვეყნდეს, სხვა მხრიდან მივუდგები საკითხს.

„რედიოჰედის” მიმართ სიმპათიის მიუხედავად, არავითარი სურვილი არ მაქვს, თავისუფლების მოედანზე გამართულ საახალწლო კონცერტზე ტოტო კუტუნიოს ნაცვლად ტომ იორკი ვნახო, თუ ეს ღირსშესანიშნავი და ქვეყნის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩასაწერი მოვლენა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდება. ასევე არ ვთვლი მართებულად სახელმწიფოს მიერ კინოს, თეატრების, გალერეების და ტრაიბალური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების სუბსიდირებას. ახსნაც საკმაოდ პრაგმატული მაქვს: რატომ უნდა დაიხარჯოს ჩემს მიერ გადახდილი გადასახადები იმ ხელოვანის დასაფინანსებლად, რომელიც შეიძლება სულაც არ მომწონდეს და რომელსაც ჩემივე გადახდილი ფულით დაფინანსებული რომელიმე ჩინოვნიკი, ჩემგან განსხვავებით, ქვეყნის სახედ მიიჩნევს.

გაცილებით უფრო სწორი მგონია, რომ სახელმწიფო ენდოს ჩემს გონებრივ შესაძლებლობებს და არ წამართვას გადაწყვეტილების მიღების უფლება. დამიტოვოს ჩემი ფული და მომცეს საშუალება, თავად გადავწყვიტო, „ბაკულას ღორებზე” შევიძინო ბილეთი თუ რომელიმე ექსპერიმენტული თეატრალური დასის პერფორმანსზე დასასწრებად.

დავუშვათ, ხელფასი მაქვს 1000 ლარი. აქედან 200 ლარს ვიხდი გადასახადების სახით. სახელმწიფო ბიუჯეტში შესული ხსენებული თანხის უდიდესი ნაწილი ხმარდება იმ ჩინოვნიკების ხელფასებს, რომლებიც, ჩემთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე წყვეტენ რომელი ხელოვანი დააფინანსონ ჩემივე ფულით. ზემოხსენებული ჩინოვნიკების მიერ საკუთარი გემოვნებისა თუ პრაგმატული მოსაზრებების საფუძველზე შერჩეულ ხელოვანს კი ამ თანხის მხოლოდ მცირე ნაწილი ხმარდება. არ ფიქრობთ, რომ ეს არა მარტო ალოგიკური, არამედ შეურაცხმყოფელიცაა? თქვენი არ ვიცი და მე ვფიქრობ, რომ შემიძლია თავად ვიკისრო პასუხისმგებლობა საკუთარ არჩევანზე.

რედაქციაში გაგზავნამდე, ეს წერილი ჩემს ერთ მეგობარს წავაკითხე. მეგობარმა, რომელიც საავტორო კინემატოგრაფის დიდი მოყვარულია, შეშფოთება გამოთქვა, რომ სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირების გარეშე ქართული კინო განწირულია მასაზე გათვლილ „ოცნების ქალაქებზე”. არის გამოსავალი: შენ თავადვე დააფინანსე შენთვის სასურველი რეჟისორები- მეთქი, ვუპასუხე, რაზეც მომიგო, რომ ამისთვის საკმარისი ფული არ აქვს.
როგორც ამბობენ, ფული არასდროს არ არის საკმარისი, მაგრამ, გადასახადების შემცირების შემთხვევაში, ჩემს მეგობარს და მის თანამოაზრეებს, თუ მართლა შესტკივათ გული ქართულ კინოზე, შეეძლებათ შექმნან ფონდი, შეიტანონ იქ სახელმწიფოს მიერ მათთვის დატოვებული 200-200 ლარი და, ჩინოვნიკების მხრიდან ჩარევის გარეშე, თავადვე დააფინანსონ ის ხელოვანი, რომელსაც საჭიროდ მიიჩნევენ. ასე დასრულდება დავა ხელისუფლებაში მყოფი პირველი პირების გემოვნებასა და მათ მიერ კულტურის სასურველი იდეოლოგიის დასანერგად გამოყენებაზე.

იმ შემთხვევაში კი, თუ ამ 200 ლარს, ქართული კინოს დაფინანსების ნაცვლად, რესტორანში დახარჯავენ, იმედია, რესტორნის მეპატრონე მაინც აღმოჩნდება კინომანი და საღამოს მეუღლეს რომელიმე ჰოლივუდური ბლოკბასტერის პრემიერაზე დაპატიჟებს.

კომენტარები