სამხრეთ აფრიკაში რასიზმი ჯერ კიდევ ცოცხალია

ჩავლილი მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში სამხრეთ აფრიკამ უამრავი ადამიანის ყურადღება მიიპყრო. მაგრამ რა ვიცით ამ ქვეყნის შესახებ, გარდა იმისა, რაც მსოფლიო ჩემპიონატს უკავშირდება? საქართველოში ძირითადად ცნობილია ის, რომ სამხრეთ აფრიკაში ადრე იყო აპარტეიდის რასისტული რეჟიმი, რომელსაც ებრძოდა ნელსონ მანდელა და რომელიც დასრულდა 1994 წელს, რის შემდეგაც ამ სახელმწიფოში დამკვიდრდა თანასწორობა და დემოკრატია, რომელიც იქ დღესაც სუფევს.
ნაკლებად ცნობილია მანკიერებანი, რომლებიც ახასიათებს პოსტაპარტეიდულ სამხრეთ აფრიკას. ამ ქვეყანაში არსებობს უამრავი ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური პრობლემა. ამის მაგალითია მძიმე დანაშაულების სტატისტიკური მაჩვენებელი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში. თუმცა, ამჯერად ყურადღება გავამახვილოთ აპარტეიდის რეჟიმის დანაშაულზე - რასიზმზე. დღეს ეს მახინჯი მოვლენა სამხრეთ აფრიკაში კვლავ არსებობს და ამჯერად მისი ძირითადი მსხვერპლი ამ ქვეყნის თეთრკანიანი მოსახლეობაა.
სამხრეთ აფრიკის 49-მილიონიანი მოსახლეობიდან თეთრკანიანები 9.1%-ს შეადგენენ. თეთრკანიანთა 39% ბრიტანელების შთამომავალნი არიან, ხოლო 59% - აფრიკანერები, რომლებსაც ზოგჯერ „ბურებს” ეძახიან. აფრიკანერები ერია, რომელიც ჩამოყალიბდა სამხრეთ აფრიკაში, მე-17 საუკუნეში დასახლებული ჰოლანდიელებისა და ფრანგი ჰუგენოტების შთამომავალთაგან.
დღეს თეთრკანიანი მოსახლეობის ერთ-ერთი უმძიმესი პრობლემაა მოვლენა, რომელსაც აფრიკანერები „ფერმების მკვლელობებს” (plaasmoorde) უწოდებენ. ბოლო 20 წლის განმავლობაში მიმდინარეობს მუდმივი თავდასხმები თეთრკანიანი ოჯახების ფერმებზე. წარმატებული თავდასხმის შემთხვევაში, ფერმერების ოჯახის წევრებს კლავენ, როგორც წესი, უსასტიკესი წამებისა და გაუპატიურების თანხლებით. „სამხრეთ აფრიკის ადამიანის უფლებათა კომისიის” მონაცემებით, 1991 წლის შემდეგ აღინიშნა 9400 თავდასხმა ფერმებზე; შედეგად, 2500 ადამიანი მოკლეს. ფერმერთა ორგანიზაციების მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობა 3000-ს აღწევს. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ტენდენცია არასახარბიელოა: 2006-2009 წლებში ფერმების მკვლელობათა რაოდენობა 25%-ით გაიზარდა.
ვითარება განსაკუთრებით მძიმდება იმის გამო, რომ სამხრეთ აფრიკის პოლიცია არ (ან ვერ) ებრძვის ფერმების მკვლელობებს, რასაც ადასტურებს დაპატიმრებულთა ნაკლებობა ამ დანაშაულებებთან დაკავშირებით. ამ დროს კი თეთრკანიანი ფერმერებისა და მათი ოჯახის წევრების მკვლელობები უკვე მცოცავი ეთნიკური წმენდის ხასიათს ატარებს.
ქვეყნის მმართველი პარტიის - „აფრიკული ეროვნული კონგრესის” - მიდგომა, ფერმერთა პრობლემასთან დაკავშირებით, არაერთგვაროვანია. წლების განმავლობაში ამ პარტიის ფუნქციონერები სხვადასხვა ღონისძიებაზე მღერიან აპარტეიდის დროინდელ სიმღერას, რომელშიც საკვანძო სიტყვებია: „მოკალი ბური, მოკალი ფერმერი...” 2010 წლის მარტში სამხრეთაფრიკულმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ამ სიმღერის საჯაროდ შესრულება ეწინააღმდეგება მოქმედ კონსტიტუციას, თუმცა, „აფრიკული ეროვნული კონგრესის” გენერალურმა მდივანმა გვედე მანტაშემ მალევე განაცხადა, რომ ეს სიმღერა არაკონსტიტუციურად ვერ ჩაითვლება და ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მას ასეთად აცხადებს „არაპრაქტიკული და შეუსრულებელია”. ამავე დროს, მმართველი პარტიის აქტივისტთა შეკრებებზე ხშირად არის წარმოდგენილი პლაკატები ისეთი ლოზუნგებით, როგორიცაა: „ერთი ფერმერი, ერთი ტყვია” და „მოკალი თეთრკანიანი”. ამგვარი პოლიტიკით სამხრეთ აფრიკის მმართველი პარტია თავად უწყობს ხელს მოსახლეობაში ისეთ იდეათა სისტემის დამკვიდრებას, რომლის ფარგლებში თეთრკანიანი ფერმერების ხოცვა გამართლებულად მიიჩნევა.
რასისტული რიტორიკით განსაკუთრებით გამოირჩევა ჯულიუს მალემა - „აფრიკული ეროვნული კონგრესის” ახალგაზრდული ლიგის ლიდერი, რომელიც 29 წლის არის და ქვეყანაში ძალზე გავლენიან პოლიტიკურ ფიგურად იქცა. მან განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, გააგრძელებს საჯაროდ შესრულებას სიმღერისა ბურების მკვლელობის მოწოდებით.
2010 წლის აპრილში მალემა ვიზიტით ჩავიდა ზიმბაბვეში, სადაც განაცხადა, რომ სამხრეთ აფრიკა გაიზიარებს ზიმბაბვეს მაგალითს, თეთრკანიანი ფერმერებისთვის მიწის კონფისკაციის თვალსაზრისით. ზიმბაბვეში რობერტ მუგაბეს რეჟიმმა შეიარაღებული ჯგუფების მეშვეობით გაყარა თეთრკანიანი ფერმერები მათი კუთვნილი მიწიდან და სახლებიდან. მალემამ მოუწოდა ზიმბაბველებს, რომ არ დაკმაყოფილდნენ მიღწეულით და თეთრკანიანთა კუთვნილი ბიზნესებიც წაართვან ამჟამინდელ მფლობელებს. ვითარებას ამძიმებს ის გარემოება, რომ მალემას სამხრეთ აფრიკის მმართველ პარტიაში ჰყავს თავისი დაჯგუფება, რომელიც ეცდება წამყვანი პარტიული პოსტების დაკავებას 2012 წლის პარტიის გენერალურ კონფერენციაზე.
სამხრეთაფრიკელი თეთრკანიანების პრობლემები არ შემოიფარგლება იმ საფრთხით, რომელიც ფერმერებსა და მათ ოჯახებს ემუქრებათ. თეთრკანიანი მოსახლეობა მძიმე დისკრიმინაციას განიცდის დასაქმების თვალსაზრისით. ე.წ. Affirmative Action-ის სამხრეთაფრიკული ვერსია წარმოადგენს ოფიციალურ სამთავრობო პოლიტიკას და ნიშნავს იმას, რომ დასაქმებისას პრიორიტეტი უნდა ენიჭებოდეს შავკანიან კანდიდატებს, მათი მომზადების დონის მიუხედავად. ეს პოლიტიკა დაიბადა აპარტეიდის დასრულების შემდეგ, თუმცა მას მერე უკვე 16 წელი გავიდა, სახელმწიფო აპარატში მეტწილად შავკანიანი მოხელეები მუშაობენ, ხოლო Affirmative Action-ის სახელს ამოფარებული რასობრივი დისკრიმინაცია თეთრკანიანთა წინააღმდეგ კვლავ გრძელდება.
რასიზმის ერთ-ერთი სკანდალური მაგალითია სამხრეთაფრიკული „ნედბანკის” პოლიტიკა. 2005 წელს მან გასაყიდად გამოიტანა აქციების სპეციალური სერია (Eyethu Ownership Plan), რომლის შეძენა შესაძლებელია სამხრეთ აფრიკის ყველა რასის მოქალაქისთვის, გარდა თეთრკანიანებისა. ეს არის ბანკის ოფიციალური და საჯაროდ გაცხადებული პოლიტიკა, რომელიც დღევანდელ მსოფლიოში უპრეცედენტოა.
რასობრივი დისკრიმინაციისა და მძიმე კრიმინოგენული ვითარების გამო სამხრეთაფრიკელ თეთრკანიანთა დიდი ნაწილი ემიგრაციას ირჩევს. 1990-იანი წლებიდან ქვეყანა დატოვა 900 000-მდე თეთრკანიანმა - მათი საერთო რაოდენობის 20%-მა.
დისკრიმინაციის მეორე შედეგია სიღარიბის დონის ზრდა თეთრკანიან მოსახლეობაში. სამხრეთაფრიკული „უსაფრთხოების კვლევების ინსტიტუტის” მონაცემებით, 1995-2005 წლებში თეთრკანიანთა შორის უმუშევრობა თითქმის გაორმაგდა. გაჩნდა „თეთრი” გეტოები, რომელთა ბინადრები (ე.წ. „სკუატერები”) უმძიმეს პირობებში ცხოვრობენ. სამხრეთაფრიკული პროფკავშირის - „სოლიდარობის” მონაცემებით, სკუატერების გეტოებში დაახლოებით 430 000 თეთრკანიანი ცხოვრობს.
აფრიკანერები საკუთარ ქვეყანაში დისკრიმინაციას განიცდიან იმ ფონზე, რომ მათი იდენტობა მჭიდროდ უკავშირდება მხოლოდ აფრიკის კონტინენტს და როგორც ერი, ისინი სწორედ სამხრეთ აფრიკის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდნენ. იგივე ითქმის მათ სასაუბრო ენაზეც (Afrikaans). როდესაც 1652 წელს დღევანდელი კეიპტაუნის ადგილას გაჩნდა პირველი ჰოლანდიური დასახლება, ამჟამინდელი სამხრეთ აფრიკის დასავლეთ სანაპიროზე, სადაც კეიპტაუნი მდებარეობს, მუდმივი მოსახლეობა არ არსებობდა - დასახლებული იყო მხოლოდ ქვეყნის აღმოსავლური და, ნაწილობრივ, ცენტრალური რეგიონები. აფრიკანერები ყველა ნიშნით არიან აფრიკელები ზოგადად და სამხრეთაფრიკელები - კონკრეტულად, გარდა რასობრივი კუთვნილებისა. დღეს მათი დისკრიმინაცია სწორედ ამ ნიშნით მიმდინარეობს.
აპარტეიდის რასისტული რეჟიმი წარსულში დარჩა, მაგრამ რასიზმი სამხრეთ აფრიკაში არ გამქრალა - უბრალოდ, ამჟამად ის მეტწილად თეთრკანიანთა წინააღმდეგ არის მიმართული.



 

კომენტარები