როცა რუსეთი იღიმის

მაშინ, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატში ამერიკამ ალჟირი დაამარცხა, რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი კალიფორნიაში ჩავიდა ინტენსიური დიპლომატიური ტურის დასაწყებად. ფულისა და ტექნოლოგიების ძიებაში „სილიკონის ველი” გაღიმებულმა მოიარა. ვაშინგტონშიც გაღიმებულმა მოისმინა აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას დაპირება, რომ მხარს დაუჭერდა რუსეთის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. თუმცა, შემდეგ მატჩის მიმდინარეობა მოულოდნელად შეიცვალა - აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი თბილისში ჩავიდა, რათა კიდევ ერთხელ დაედასტურებინა ამერიკის ინტერესი საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში. კლინტონმა მაგარი გოლი გაიტანა, მაგრამ ესმის კი კარგად ვაშინგტონს, რა თამაშს თამაშობს?

მედვედევის ამერიკული მოგზაურობის დაწყების წინ ზოგი მკვლევარი მიიჩნევდა, რომ რუსეთი, რომელმაც მოახერხა თავისი ყოფილი იმპერიის ჩაყენება წამყვანი სახელმწიფოების რიგში, თავს გაღიმების უფლებას აძლევდა იმ იმედით, რომ დახმარებას მიიღებდა თავისი მესამე სამყაროს დონის ეკონომიკისთვის. დასავლეთს ნერწყვი ადგება რუსეთთან კომერციული გარიგებების პერსპექტივაზე და ხელიდან არ უშვებს არაფერს, რაც აღმოსავლეთ ფრონტზე სიმშვიდეს შეუნარჩუნებს. ობამას „გადატვირთვის” პოლიტიკით ამერიკა მოსკოვთან დიდ დათმობებზე მიდის, ეფემერული დიპლომატიის სანაცვლოდ.

მოსკოვს, რამდენიმე გაღიმებით, მეტი ჯილდოს მიღება შეეძლო, მაგრამ მისი საგარეო პოლიტიკა არ იცვლება.

ყირგიზეთში აშშ-ს მანასის ბაზაზე საუბრისას - რომელიც უმნიშვნელოვანესია ნატოს სამშვიდობო ოპერაციისათვის ავღანეთში - მედვედევმა „უოლ სტრიტ ჯურნალს” უთხრა, „ეს ბაზა - და ეს ჩემი პოზიციაა და ამას ღიად ვამბობ - სამუდამოდ ვერ იარსებებს”.

ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით რუსეთმა მხარი დაუჭირა გაეროს სანქციების ახალ რაუნდს, მაგრამ მხოლოდ რამდენიმეთვიანი მოლაპარაკების შემდეგ, რათა შეერბილებინა ზომები და დათმობები მიეღო ვაშინგტონისაგან. მას მერე მოსკოვი დასავლეთის მიერ სანქციების გამკაცრების ყოველ მცდელობაზე ბუზღუნებს.

საქართველოსთან დაკავშირებით კი რუსული დათვი კბილებს კვლავ აღრჭიალებს. მედვედევის ამერიკაში ჩასვლამდე ერთი დღით ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფს” მისცა ინტერვიუ, რომელიც მიმართული იყო იმისკენ, რომ ობამას თავი შეეკავებინა ძლიერი პოზიციის გამოხატვისაგან - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ.

„საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილია და არ შეიცვლება, - აღნიშნა ლავროვმა, - არაერთხელ მითქვამს, რომ ეს ჩვენი არჩევანი არ იყო და ნებისმიერი პრეტენზია მიმართული უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილისკენ, რომელმაც გათელა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა... რუსული სამხედრო ნაწილები სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ახლა ლეგალურად იმყოფებიან... რუსეთმა შეასრულა მედვედევ-სარკოზის გეგმის ის ნაწილი”.

სამწუხაროდ, ასეთ გამოწვევებზე ვაშინგტონი აუღელვებლად რეაგირებს - და ეს ობამას ადმინისტრაციამდეც ასე იყო - თითქოს გულახდილობა და კეთილგანწყობა მოსკოვს პოზიციას შეაცვლევინებს. ეს ააშკარავებს ამერიკის გულუბრყვილობას იმ რუსულ პოლიტიკასთან შედარებით, რომელიც მოსკოვმა გეოპოლიტიკური რეალობის მისეული აღქმის მიხედვით ჩამოაყალიბა - მიუხედავად იმისა, სწორია ეს აღქმა, თუ არა.

24 ივნისს მედვედევთან ერთად თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ობამამ თქვა: „ჩვენ, ორ ქვეყანას, უთანხმოება გვაქვს ზოგიერთ საკითხზე - როგორიც საქართველოა - და ამ უთანხმოებებზე გულწრფელად ვისაუბრეთ. მაგრამ ურთიერთობის გადატვირთვა წარმატებული აღმოჩნდა იმ საკითხთა მიმართ, რომლებზეც ვთანხმდებით”.

ათი დღის შემდეგ კლინტონი თბილისში ჩამოვიდა. „აშშ-ს ერთგულება - საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი - ურყევია”, თქვა მან, როდესაც რუსეთის საქართველოში შემოჭრასა და მისი ტერიტორიების ოკუპაციაზე საუბრობდა. „აშშ არ ცნობს გავლენის სფეროებს”. თეთრ სახლში ობამას უმარილო განცხადებისგან განსხვავებით, მკაცრი იყო კლინტონის გზავნილი გავლენის იმ სფეროს შუაგულიდან, რომელზეც რუსეთს პრეტენზია აქვს.

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა პასუხი არ დაახანა. „არ არის საჭირო პრობლემის მოგვარების გზების გვერდზე ძიება. ზოგს მიაჩნია, რომ (საქართველოს ტერიტორია) ოკუპირებულია, სხვები კი ფიქრობენ, რომ გათავისუფლებულია. ეს საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის ხალხებს შორის მოლაპარაკებების საგანია და მათ უნდა დაიწყონ ეს დიალოგი მესამე მხარეებისადმი მიმართვის გარეშე”. კლინტონის სიტყვებმა კრემლის სახეზე ღიმილი - წამიერად მაინც - გააქრო.

ახლა გამოჩნდება, ბოლომდე ესმის თუ არა ვაშინგტონს საკუთარი სიტყვების წონა. ამავდროულად, კლინტონმა თბილისის აუდიტორიას მიმართა: „დაჟინებით მოვუწოდებ საქართველოს, არ წამოეგოს ანკესზე, არ აჰყვეს პროვოკაციას და არ ჩაერთოს ისეთ ქმედებაში, რომელიც რუსებს შემდგომი აგრესიული სვლების საბაბს მისცემს”.

მარტო ეს განცხადებაა გარღვევა, ვინაიდან იმის აღიარებაა, რომ „გადატვირთვის” მიუხედავად, რუსეთი ადვილად პროვოცირებად აგრესორად რჩება. ვაშინგტონი ნამდვილ ტესტს მაშინ გაივლის, როდესაც მიხვდება, რომ ის, რაც მართლაცდა რუსეთის პროვოცირებას ახდენს, „სიცოცხლისუნარიანი, ეფექტიანი” ქართული დემოკრატია და ეკონომიკაა, რომელსაც კლინტონი, ეჭვგარეშეა, გულწრფელად უჭერს მხარს.

დევიდ ჯ. სმიტი - საქართველოს უსაფრთხოების ანალიტიკური ცენტრის დირექტორი და პოტომაკის პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერი.

კომენტარები