საფრთხე: პოპულიზმი

 ერთი შეხედვით, „დემოკრატიაც” და „პოპულიზმიც” ერთი რამის აღმნიშვნელი უნდა იყოს: რაც „დემოსია” ბერძნულად, იგივეა „პოპულუსი” ლათინურად - ხალხი.

მართლაც, პოპულიზმი დემოკრატიის ორეულია. ის ხალხის, ერის, თვითონ დემოკრატიის სახელით ლაპარაკობს, მაგრამ არის სერიოზული განსხვავებაც: პოპულიზმი ამ ხალხის ბრბოდ გადაქცევას ლამობს.

პოპულიზმისგან განსხვავებით, თანამედროვე დემოკრატია შეზღუდულია. ამიტომაც, გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, მას ხშირად ლიბერალურ დემოკრატიას უწოდებენ - ლიბერალური იმიტომ, რომ კანონით დაცული ინდივიდის თავისუფლება უზენაესი ღირებულება ხდება. რაც დემოკრატიას ზღუდავს, სწორედ ღირებულებათა სისტემა და მისი უზრუნველმყოფი ინსტიტუტებია.

იმისათვის, რომ პოპულიზმს ჩავუღრმავდეთ, ჯერ მისი ანარეკლიდან დავიწყოთ. პოპულიზმის სარკისებური ანარეკლი ელიტიზმია. როგორც პოპულიზმი, ისე ელიტიზმი ამოდიან ერთი და იმავე დაშვებიდან - საზოგადოება გაყოფილია ორ ნაწილად: ელიტად და მასად. ელიტიზმის მიზანია, არ დაუშვას მასის შემოსვლა და მონაწილეობა პოლიტიკაში. პოპულიზმის მიზანია, „თავზე გადაახტეს” არსებულ ელიტას, ბრბოდ ქცეული მასის საშუალებით.

საქართველოში ელიტიზმი 2003 წლამდე არსებობდა - პოლიტიკური სისტემა, რომელიც შესაძლებლობას იძლეოდა, რაც შეიძლება შორს გყოლოდა მასა პოლიტიკური პროცესისაგან. რუსეთში დღესაც ელიტიზმი ბატონობს და სწორედ ამიტომ ეშინიათ ასე პანიკურად რუსეთის მმართველებს თუნდაც რამდენიმე ასეული დემონსტრანტის მიტინგისა - მასის აზვირთება ელიტიზმისთვის დამანგრეველია.

2003 წლის ნოემბრის რევოლუცია არ ყოფილა თავისუფალი პოპულიზმისაგან, მაგრამ ახალი მთავრობა მალევე იქცა გამტარებლად რეფორმებისა, რომლებიც ხშირად არა უბრალოდ არაპოპულისტური, არამედ არაპოპულარულიც იყო. ოღონდ ეს ვერ გახდა პოპულიზმის დასასრული საქართველოში - წარმატებულმა ნოემბრის რევოლუციამ გამოიწვია პოპულიზმის ტალღა, რომლის გაკონტროლებაც შეუძლებელი გახდა. 2004 წლიდან 2010 წლამდე ოპოზიციის მთავარი სტრატეგია იყო ახალი რევოლუცია, რაც სწორედ პოპულისტური რიტორიკის გამოყენებით უნდა მიღწეულიყო. პოპულიზმის ამ ტალღას მმართველმა პარტიამაც იმავე პოპულისტური რიტორიკის გაძლიერებით უპასუხა.

დღეს პოპულიზმი მოდის როგორც მარჯვნიდან, ისე მარცხნიდან. მარჯვნიდან - ეს არის რელიგიური და ეროვნული იდენტობის თემაზე აგებული პოპულიზმი, რომელიც ლიბერალური ღირებულებების დამანგრეველი ბუნების შესახებ გველაპარაკება და „გენეტიკური მართლმადიდებლობის” დაცვას ითხოვს.

მარცხნიდან - ეს არის პოპულიზმი, რომელიც ხან ანაბრების დაბრუნებაზე საუბრობს, ხანაც - უფასო წამლებზე. ეს ყველაზე აბსურდული მაგალითებია, მაგრამ სოციალური რედისტრიბუციის სრულიად არარეალისტური მოთხოვნები ფართოდაა გავრცელებული; თითქოს პოპულისტებმა არ იცოდნენ, რომ ჩვენ ღარიბ ქვეყანაში ვცხოვრობთ და სანამ რაღაცის განაწილებას დავიწყებთ, კარგი იქნებოდა, ეს რაღაც დაგვეგროვებინა.

პოპულიზმი ყოველთვის ცუდი არაა. შეიძლება ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც ბიუროკრატია ზედმეტად ძლიერია, პოპულიზმმა ხელი შეუწყოს იმ ფენების ჩართვას პოლიტიკაში, რომლებიც მანამდე გარიყულნი იყვნენ და ამით პოზიტიური როლიც შეასრულოს. თუმცა, თვით დასავლურ დემოკრატიებშიც პოპულიზმს უფრო მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე სარგებელი.

ხოლო ისეთ ქვეყნებში, რომლებსაც ჯერ არ აქვთ ჩამოყალიბებული ინსტიტუტები და სადაც კონსენსუსი ღირებულებათა სისტემის შესახებ ჯერ არ არსებობს, პოპულიზმი, უბრალოდ, დამანგრეველია. პოპულიზმი ხომ მხოლოდ ელიტებს არ „ახტება თავზე”. ის ცდილობს, მოშალოს არსებული ინსტიტუციური სტრუქტურა. იმ ქვეყნებში, სადაც ეს სტრუქტურა ახალია და სუსტი, პოპულიზმი არაფერს ტოვებს, გარდა მასისა, რომელიც აუცილებლობით მოითხოვს ქარიზმატულ ლიდერს.

პოპულიზმისა და ელიტიზმის ერთადერთი გამანეიტრალებელი საშუალება პლურალიზმია. ამ პლურალიზმს ძალით ვერავინ დანერგავს, მისთვის საჭიროა ძალთა სხვადასხვა ცენტრის გაჩენა, რომლებიც არ იქნება ერთმანეთზე დამოკიდებული და რომელთაგან არც ერთს არ ექნება მეორის განადგურების ძალა. სწორედ ამ პლურალიზმის დასაკანონებლად ხდება საჭირო ძლიერი ინსტიტუტები და ღირებულებათა სისტემა, რომლებიც განსხვავებულ ჯგუფებს შორის არაძალადობრივ - თუმცა არა უკონფლიქტო - ურთიერთობას უზრუნველყოფენ.

და ბოლოს: პლურალიზმის ძალით დანერგვა არა, მაგრამ მისი ხელშეწყობა ნამდვილად შეიძლება.

კომენტარები