რას უნდა მიაღწიოს საქართველომ უახლოეს ორ წელიწადში

ადგილობრივმა არჩევნებმა წერტილი დაუსვა 2007 წლის შემოდგომაზე დაწყებულ პოლიტიკურ ციკლს, რომლის შინაარსს განსაზღვრავდა ოპოზიციის მცდელობა, ქუჩის აქციებით შეეცვალა ხელისუფლება. არჩევნების ძირითადი შედეგი (გარდა იმისა, რაც ცესკომ დააფიქსირა) იყო ის, რომ ოპოზიციას არც კი უცდია საპროტესტო გამოსვლების ორგანიზება, თუმცა წინასწარ კი გვპირდებოდა. ცხადი გახდა: ეს ოპოზიცია ამ ხელისუფლებას ვერც რევოლუციური მეთოდებით გააძევებს და ვერც არჩევნებით. ის გაიყო ორ ნაწილად, რომელთაგან ერთი მეორეს ეუბნება: „ხომ ხედავთ, რევოლუციის თავი არა გაქვთ”, მეორე კი პასუხობს: „ხომ ხედავთ, არჩევნებით ამათთან არაფერი გამოდის”. ჩიხია.

მაგრამ ოპოზიციამ ის კი მოახერხა, ხელისუფლება თავდაცვის მდგომარეობაში გადაეყვანა. თუ 2007 წლის შემოდგომამდე ამ უკანასკნელს განსაკუთრებული თავდაჯერება ახასიათებდა, მას შემდეგ ძირითადად კონტრშეტევაზე თამაშობს. ნაციონალების ასეთი მეტამორფოზა მის მომხრეებში გაწბილებას იწვევს. „გრეჩიხული” ტიპის ოპოზიციის მთავრობაში მოსვლის საფრთხე მათთვის იმდენად თავზარდამცემი იყო, რომ ავტომატურად იწვევდა ხელისუფლების გარშემო კონსოლიდაციას. მაგრამ საკმარისია ეს? ოპოზიციის „გაფარჩაკებაა” ხელისუფლების მთავარი მიზანი?

შეკითხვა რიტორიკული არაა. არის ჟამი რადიკალური რეფორმებისა, არის ჟამი მიღწეულის კონსოლიდაციისა. იქნებ ახლა ეს მეორე ეტაპია? შეიძლება. სამსჯელოა. საზოგადოების ის ნაწილი, ვისაც 2004-07 წლების გამბედავი რეფორმატორები მოენატრა, არ ამბობს, სახელდობრ, რას ელის მისგან.

ისე ჩანს, რომ ქვეყანას შეიძლება ელოდეს შედარებით მშვიდი ორი წელი - არჩევნების, რევოლუციებისა და ომების გარეშე. რა თქმა უნდა, ეს პროგნოზი შეიძლება არასწორი აღმოჩნდეს: მომავლის წინასწარმეტყველება შეუძლებელია. მაგრამ მაინც, ახლაა კარგი დრო, ვიკითხოთ: რა რეალისტური მიზნები უნდა დაისახოს ქვეყანამ მომავალი ორი წლისთვის?

კითხვა მხოლოდ ხელისუფლებას არ ეკუთვნის: ის ეხება ოპოზიციასაც, საზოგადოების ყველა მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბებულ ჯგუფსაც. მაგრამ ქვეყნის სახელით ქმედების მანდატი და რესურსი მხოლოდ ხელისუფლებას აქვს, ამიტომ ნებისმიერი გეგმის განხორციელება პირველ რიგში მასზეა დამოკიდებული.
მოვხაზავ რამდენიმე სფეროს, რომელიც, ჩემი აზრით, გადამწყვეტი იქნება უახლოესი ორი წლის მანძილზე:

ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა. ქვეყანაში, რომელმაც ოცი წლის მანძილზე ასეთი რამ ვერ მოახერხა, ამ პრეცედენტის მიღწევა ეპოქალური ამოცანაა. თუმცა, ის სავსებით მიღწევადია.

ჯერ ზუსტად განვსაზღვროთ, რას ვეძახით „ხელისუფლების შეცვლას”: ეს ის ოპერაციაა, რის შემდეგაც ქვეყნის პირველ პირს აღარ ერქმევა მიხეილ სააკაშვილი. ამოცანა შესრულებულად ჩაითვლება მაშინაც, თუ მემკვიდრე იმავე პოლიტიკური გუნდიდან აღმოჩნდა. ამის ხაზგასმა განსაკუთრებით საჭიროა საქართველოში, სადაც პოლიტიკა უკიდურესად პერსონალიზებულია და პირველი პირის შეცვლას გარდუვალად მოაქვს არსებითი სიახლე.

დამარცხებული ოპოზიცია მაინცდამაინც არ მალავს, რომ ახლა მისი მთავარი იმედი ხელისუფლებაში შიდა განხეთქილებაა. სახელდება დაპირისპირებული გუნდებიც. ეს ყველაფერი პირწმინდად სპეკულაციაა და, შესაძლოა, უფრო სურვილს გამოხატავდეს, ვიდრე რეალობას. მაგრამ ვარაუდი თავისთავად ლოგიკურია: სააკაშვილის მემკვიდრის განსაზღვრის ამოცანა იმგვარია, რომ მის გამო შიდაპარტიული დაპირისპირებაც არ უნდა გაგვიკვირდეს. ახლა ამაზე მხოლოდ მარჩიელობა შეიძლება და, როგორც ჩანს, კიდევ დიდხანს დავრჩებით მარჩიელობის რეჟიმში.

დემოკრატიის განვითარება. საქართველოში რომ დემოკრატიის დეფიციტია, ყველა აღიარებს, თუმცა ყველა არ თვლის, რომ მისი აღმოფხვრა უახლოესი დროის პრიორიტეტია. დეფიციტის ძირითადი მიზეზი ორია: კონსტიტუციური (ძალაუფლების ზედმეტი კონცენტრაცია აღმასრულებელ შტოში), და სტრუქტურული (განუვითარებლობა ე. წ. შუალედური ინსტიტუტებისა, როგორიცაა პოლიტიკური პარტიები, საჯარო ასოციაციები, დამოუკიდებელი მედია და ა. შ.). მეორე მიზეზის პრინციპული გადალახვა ორ და სამ წელიწადში, ცხადია, ვერ მოხდება (თუმცა შეზღუდული პროგრესი შესაძლებელია). კონსტიტუცია კი, მმართველი გუნდის პოლიტიკური ნების შემთხვევაში, საკმაოდ სწრაფად შეიძლება შეიცვალოს.

ამ მხრივ პარადოქსული მდგომარეობა გვაქვს: ყველა თანხმდება, რომ კონსტიტუცია არ შეესაბამება დემოკრატიულ სტანდარტებს და უნდა შეიცვალოს, მაგრამ სახელდობრ როგორ, ამას ძირითადი პოლიტიკური მოთამაშეები (არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის მხრიდან) არ ამბობენ. არც საზოგადოება აქტიურობს. თუ საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემოთავაზებული პროექტი მართლა იქნება აღებული საფუძვლად, არსებითად სხვა პოლიტიკურ სისტემას მივიღებთ. მაგრამ ეს შეიძლება არც მოხდეს.

შეიძლება სხვა გზაა უფრო რეალისტური: თვისობრივი ნახტომი (რაც კონსტიტუციის ძირფესვიან გადასინჯვას გულისხმობს) ნაადრევია, ჯერ გავატაროთ პატარ-პატარა ცვლილებები, იმ იმედით, რომ მათი კუმულატური ეფექტი ზოგად გარემოს გააუმჯობესებს. ამაშიც არის ლოგიკა. ესეც სამსჯელოა.

ოპოზიციის განვითარება. არჩევნებმა ჩვენს პოლიტიკურ კულტურაში უკეთესობისაკენ ცვლილების იმედი დაბადა: მეტ წარმატებას უფრო ზომიერმა ოპოზიციურმა პარტიებმა მიაღწიეს, კანდიდატები ცდილობდნენ პოზიტიური დაპირებებით გასულიყვნენ ფონს და არა მხოლოდ ნეგატიური კამპანიით, დამარცხებულებმა არჩევნების შედეგები აღიარეს და გამარჯვებულს მიულოცეს კიდეც (თუნდაც ცალყბად), ამ უკანასკნელმა დამარცხებულებთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა (თუნდაც სიმბოლურად). განსაზღვრავს ეს ახალი ტენდენცია ახალი პოლიტიკური ციკლის თავისებურებას? მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებზე და პოზიტიურ გზავნილებზე ორიენტირებულ პარტიებს წარმატების მეტი იმედი ექნებათ, ვიდრე „ჭექა-ქუხილისტებს”. ამის გარანტია არ არსებობს. ცხადია, ყველაზე მეტი დამოკიდებულია პარტიაზე „ალიანსი საქართველოსთვის” და ქრისტიან-დემოკრატებზე, როგორც სხვასთან შედარებით იმედისმომცემ ოპოზიციურ რაზმებზე: მათ ეს დრო უნდა დახარჯონ თავიანთი გზავნილების გამოკვეთაზე, ორგანიზაციულ განვითარებასა და არა მხოლოდ ტაქტიკურ ამოცანებზე. ინფანტილური წუწუნია, როცა ამბობენ, რომ ოპოზიციური პარტიების სისუსტე არსებითად ხელისუფლების ბრალია, თუმცა, თუ არსებობს კონკრეტული და აზრიანი წინადადებები, რით შეუძლია ხელისუფლებას ცივილური და ქმედობაუნარიანი პოლიტიკური პარტიების განვითარების ხელშეწყობა, უნდა განვიხილოთ.

კონფლიქტების გადაწყვეტა და რუსეთთან ურთიერთობა. ეს სფერო უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლისა და უსაფრთხოებისთვის. მაგრამ პატიოსნად უნდა ვაღიაროთ: ამ ეტაპზე სერიოზულს ვერაფერს მივაღწევთ, და არა მხოლოდ იმიტომ, რომ პუტინმა და მედვედევმა დაიგინეს, სააკაშვილს არ დაველაპარაკებითო, უბრალოდ, ქვეყნის იდენტობის შეცვლის გარეშე რუსეთის დღევანდელ მთავრობას ვერაფერზე შევუთანხმდებით. ამ სფეროში ყველაზე ამბიციური და, ამავე დროს, რეალისტური ამოცანაა, არაფერი გაუარესდეს: არ მოხდეს ახალი ომი, შენარჩუნდეს სეპარატისტული რეგიონების არაღიარების საერთაშორისო პოლიტიკა, რუსეთთან ურთიერთობის გამო ზედმეტად არ გაგვიფუჭდეს ურთიერთობა დასავლეთთან, შევძლოთ რაღაცნაირი კონტაქტის შენარჩუნება ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობასთან და ა. შ.

ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთთან ურთიერთობა სულ არ იყოს: საჭიროა, როგორც კონფიდენციალური სახელისუფლებო კონტაქტები, ისე შეხვედრები ექსპერტებისა თუ საზოგადოებრივი ჯგუფების დონეზე. უბრალოდ, არ უნდა გვქონდეს არარეალისტური მოლოდინი, რომ ეს უახლოეს ხანებში რამეს შეცვლის დიდ პოლიტიკაში.

დასავლეთთან ურთიერთობა. ეპოქალური ცვლილებები (მაპის მიღების მსგავსი), სამწუხაროდ, აქაც გამორიცხულია, მაგრამ კონკრეტული მიღწევები შესაძლებელია. ასეთია, მაგალითად, ევროკავშირთან კონკრეტული შეთანხმებების მიღწევა სავიზო და სავაჭრო რეჟიმების გამარტივების დარგში. ზოგადად 2008 წლის ომმა, და მისით შეშინებული დასავლეთის ახალმა კურსმა რუსეთის მოსათაფლავად, საქართველოს ერთგვარად „გვერდზე გაწევის” სამწუხარო ტენდენცია გამოიწვია. ახლა ჩვენი ამოცანაა, ნაბიჯ-ნაბიჯ გავააქტიუროთ ურთიერთობა წამყვან სახელმწიფოებთან. თუმცა, საერთაშორისო დონეზე გაურკვევლობის დონე მეტისმეტად მაღალია: ძნელია თქმა, კონკრეტულად რისი მიღწევა იქნება შესაძლებელი.

ეკონომიკა. ეს პრობლემა ყველა ხელისუფლებას ყოველთვის უდგას, განსაკუთრებით ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის პერიოდში. ბუნებრივია, რომ ხელისუფლება ყველაზე მეტს ამაზე ლაპარაკობს და ენერგიულად ცდილობს ინვესტიციების მოზიდვას. ამ სფეროში, ჩემი აზრით, ყველაზე რთული პრობლემაა- როგორ შევინარჩუნოთ ლიბერალური ეკონომიკური გარემო და, ამავე დროს, განვავითაროთ ურთიერთობა ევროკავშირთან? არა მგონია, სწორი იყოს რადიკალური არჩევანი ერთ-ერთი მიმართულების სასარგებლოდ: ორივე გვჭირდება. თუმცა, სხვა მოსაზრებებიც არსებობს.

კომენტარები