დრო, როგორც ჩვენში არსებულ დაპირისპირებათა ნიადაგი

26 მაისს აღლუმზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქალაქში საათების სიმრავლის საჭიროებაზე ისაუბრა. საუბრის კონტექსტი აჩვენებდა, რომ საათი მისთვის მეტაფორაა - „ჩვენ არ შეიძლება დროს ჩამოვრჩეთ” - ასეთი იყო გამოსვლის პათოსი. ნათქვამში შეგვიძლია ვიგულისხმოთ ცნობილი სენტენცია „დრო ფულია”, ანუ შეგონება, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია და ფუჭი მეოცნებეობის ფუფუნება არავის უნდა ჰქონდეს. ამაზე, ალბათ, არავინ იდავებდა – არც პრეზიდენტის მხარდამჭერი და არც ოპონენტი. მაგრამ მგონია, რომ სააკაშვილის მომხრეთა ნაწილს მაინც, სწორედ დროისადმი განსხვავებული დამოკიდებულებები გვყოფს ოპოზიციისაგან. ჩემთვის ეს დაყოფა უფრო არსებითია, ვიდრე დავა საარჩევნო ან, თუნდაც, საკონსტიტუციო სისტემებზე. 

დრო შეიძლება წრფივად მდინარე ან/და პროგრესირებად სოციალურ განზომილებად განვიცადოთ. ან იგი, ფრანგული ისტორიოგრაფიის „ანალების” სკოლის კვალობაზე, პლაზმადაც წარმოვიდგინოთ, რომელშიც მოვლენები დაცურავს. მაგრამ, ვფიქრობ, სააკაშვილის ადგილობრივ ოპონენტთა უმრავლესობა დროს სულ სხვაგვარად, ბიოლოგიურ ციკლებად თუ, უბრალოდ, საათის მექანიზმის წიკწიკად აღიქვამს - ანუ ვერ ახერხებს სურვილებისა თუ მოვლენების აღქმას კონტექსტში, დროით გარემოებებთან კავშირში. მოვიყვან ხუთ არგუმენტს:

1. წინასაარჩევნო კამპანიები აჩვენებდა, რომ ოპოზიციის ბევრ წარმომადგენელს ქვეყანაში მიმდინარე მშენებლობები მხოლოდ „ბრჭყვიალა” კაპრიზი ეგონა. სანაცვლოდ, ზოგი მათგანი სახელმწიფო თუ ადგილობრივი შემოსავლების დიდი ნაწილის სოციალურ პროგრამებში გადასროლას მოითხოვდა, ზოგიც – საბჭოთა დროის საწარმოების აღდგენას და დოტაციებითა თუ ტარიფებით დაცვას. არა მხოლოდ ეკონომიკური გათვლების, არამედ დროის, როგორც პლაზმური, ისე ქრონოლოგიური აღქმის საჭიროების საკითხია, რომ გლობალიზებულ სამყაროში ჯერ ინვესტიციების სტაბილური ნაკადების უზრუნველყოფაზე უნდა იზრუნო და შემდეგ - დასაქმებისა თუ სოციალური პროგრამების ზრდაზე. დროის აცდენაზე, თუ მხოლოდ მის მონაკვეთთა უმიზნო თვლაზე მიუთითებს, როცა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებულ და საერთაშორისო ლიბერალურ სავაჭრო-ეკონომიკურ წესრიგში ინტეგრირებად ქვეყანას მოსთხოვ საბჭოურ ან მე-18 საუკუნის პროტექციონისტულ დოტაციებსა და ტარიფებს.

2. ჩვენ წინაშე თანამედროვე, მომავლისათვის გახსნილ ერად თვითგანცდის ამოცანა დგას. ამას მხოლოდ ტაძრების კი არა, საერო ნაგებობების - მათ შორის, გზების, ხიდების, საჯარო სასახლეებისა და ახალი მონუმენტების მშენებლობაც სჭირდება. ყველგან და ყოველთვის ასე იყო, მაგრამ არა 1990-2003 წლების საქართველოში. შენობა-ნაგებობების დიზაინზე ვიდავოთ, მაგრამ თუ არ გვინდა დროს ჩამოვრჩეთ, ტემპებსა და მასშტაბებზე დავა უფრო დალხენილი პერიოდისათვის გადავდოთ. ყოველივე გაკეთებულის არდანახვა კი დროის მხოლოდ საათის მექანიზმთან გაიგივებაზე კი არა, მისი წიკწიკის ვერგაგებაზეც მიუთითებს.

3. ოპოზიციასა და საზოგადოების ნაწილში კულტივირებული განცდაა, რომ ხელისუფლება „მარადიულ” ეროვნულ ღირებულებებს უპირისპირდება. „დაპირისპირების” მტკიცებულებანი ცალკე განსახილველია. მთავარი კი მაინც ისაა, რომ ოპონენტებს არ ესმით ნორმების, წესებისა და კონკრეტული ღირებულებების - ანუ მთელი კულტურის - დროში ცვალებადი ბუნება. ნათქვამი არ ნიშნავს, რომ ურთიერთმონაცვლე თაობებს არაფერი აკავშირებთ. მაგალითად, ქართველებს, ილიადან მოყოლებული მაინც, ორი განუყოფელი „რეფერენტული ობიექტი” გვაქვს დასაცავი - მამულის სუვერენიტეტი და ერთიანობა; და პიროვნული თავისუფლება ანუ ლიბერალიზმი. მაგრამ შესაბამისი ბრძოლის ფორმებიც და ამ პროცესში კონკრეტულ ღირებულებათა იერარქიაც დროის მდინარებაზეა დამოკიდებული. ძველი არაბული ანდაზა ამბობს: შვილები მამებზე უფრო თავის დროს ჰგვანანო. ჩვენს ოპონენტებს მეტი რომ წაეკითხათ ზოგადად ცივილიზაციის ან, თუნდაც, დროშად აფრიალებული მართლმადიდებლობის არსისა და გამოცდილების შესახებ, დროისადმი დამოკიდებულებასაც შეცვლიდნენ და ხელისუფლების კრიტიკასაც სხვა ელფერს მისცემდნენ. თუმცა, განათლების შეუზღუდაობა ასევე მიუღებელია ზოგიერთთათვის, რადგან გაუნათლებლობა ძალაუფლებისათვის ბრძოლის ნაწილია.
დავის მთავარი თემა კი სწორედ მართლმადიდებლობის ლიბერალიზმთან, თანამედროვე სახელმწიფოებრიობასთან მიმართებაა. თუ მე მგონია, რომ დრო ამ მხრივაც მუდმივად წინ, სიახლეებისაკენ გვიბიძგებს, ოპონენტთა ნაწილისათვის დრო ან გაჩერდა, ან მეტაფორული საათის ისრები უკან დატრიალდა. არადა, ოდესღაც ხალხებს მირონცხებული მეფეები მართავდნენ და, შესაბამისად, ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნა პირობითი იყო. მერე სუვერენი ხალხი გახდა. დღეს ხალხის სუვერენიტეტს ადამიანის უფლებები და ზესახელმწიფოებრივი საერთაშორისო ორგანიზაციები უწესებენ ლიმიტს. ამას მართლმადიდებელი მრევლისაგანაც სჭირდება სწორი აღქმა. მით უმეტეს, რომ ქრისტიანობა მუდამ ასოცირდებოდა (თუმცა, კონკრეტული მღვდელმსახურნი სხვა გზებსაც ადგებოდნენ) ინდივიდის თავისუფალ არჩევანთან, ანუ იგივე ლიბერალიზმთან. საჭირო მხოლოდ იმის გაგებაა, რომ ტოლერანტობისა თუ ქრისტიანული შემწყნარებლობის ფარგლებიც არ არის დროში სტატიკური.

საერო სივრცისა და ეკლესიის ურთიერთმიმართებაში დროის მოთხოვნათა გათვალისწინება კიდევ ერთი მიმართულებითაა აქტუალური. მიუხედავად ეკლესიის სრული ავტონომიურობისა, ისიც უნდა ნერგავდეს გამჭვირვალობის ახალ სტანდარტებს. დროის მოთხოვნაა, ეკლესიაც იყოს მრევლისა თუ ზოგადად საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებული საკუთარი, არცთუ მცირე სახსრების განკარგვაში. სხვაგვარად ნიჰილიზმის ნიადაგი იქმნება. რაც მართლმადიდებლურ ინსტიტუციებს 19-20 საუკუნის მიჯნაზე დაემართათ, ეს მხოლოდ თავად მართლმადიდებლური ცარიზმის ან ღვთის მგმობელი სოციალიზმის ბრალი კი არ იყო, არამედ თავად ეკლესიის მრავალი მსახურის საზოგადოებისაგან გაუცხოებისაც.

4. თუმცა, სახელმწიფოსაგან განსხვავებით, ეკლესიას ერთი უპირატესობა აქვს დროის გარემოებებთან შემგუებლობის თვალსაზრისით. მას მოცდა შეუძლია - მეტი დრო აქვს ტრადიციისა და სიახლის ბალანსის საპოვნელად. თუ მას განვითარებაში დააგვიანდა, სხვამ გაუსწრო სულებისა და გულებისათვის ჭიდილში, ან თუ ინსტიტუციურ-იდეურმა სტაგნაციამ შიდა კრიზისი მოუტანა, ეკლესია მოიცდის. საბოლოო ჯამში, იგი დაეყრდნობა წევრთა ერთგულებას, მრავალსაუკუნოვან ტრადიციასა და ზერაციონალურ, საკრალურ კატეგორიებს. ეკლესიაში არავინ შეიჭრება - თუ, რა თქმა უნდა, გვერდით ლიბერალური სახელმწიფოს სამართალდამცავი სტრუქტურებიც იქნება მობილიზებული. სახელმწიფოს კი მოცდის ფუფუნება არ აქვს, მით უმეტეს თუ იგი დემოკრატიულია, ანუ საარჩევნო ციკლებზე დამოკიდებული.

სახელმწიფოს განსაკუთრებით ეჩქარება, როდესაც იგი გარდამავალ სტადიაზეა - მოდერნიზაციას განიცდის. ხოლო თუ მას, ტრადიციულად, ძლიერ დამნაშავეობასთან ერთად, გარე საფრთხეებთან ბრძოლაც უწევს, მით უმეტეს ვერ დაელოდება კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის ტოტალურად უზადო სტანდარტის დანერგვას. ადამიანის უფლებათა ყოველ დარღვევაზე დაუყოვნებელი რეაგირებაა საჭირო. მაგრამ პოლიციელთაგან ძალის გადამეტების, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა თუ ცალკეული სასამართლო პროცესების საეჭვოობის დიქტატურად მონათლვა მაქსიმალიზმია. ეს მოდერნიზაციის რთული კონტექსტის, კერძოდ მისი დროითი განზომილების იგნორირების კიდევ ერთი მაგალითია. დემოკრატია რომ უსაფრთხოდ ყვაოდეს, ოღონდ არა ორგანიზებული კრიმინალის ლეღვის ფოთლად, სისტემური პროცესი სამართალდამცავი სტრუქტურების გაძლიერებას უნდა დაეყრდნოს.

5. და ბოლოს, ძალაუფლებისათვის ბრძოლას, პიროვნული ინტერესით იქნება ნაკარნახევი თუ იდეალებით, დროის შესაფერისი ტაქტიკა სჭირდება. ნათქვამია: ერთ მდინარეში ორჯერ შესვლა შეუძლებელიაო. სააკაშვილის ხელისუფლების ოპონენტების საგრძნობ ნაწილს ეს სენტენცია არ გაუგია ან მისი რეალობასთან მისადაგება უჭირს. 2009 წლის საპროტესტო აქციებისას ერთმა ოპონენტმა პირად საუბარში მითხრა, თქვენთვის თუ შეიძლებოდა 2003 წელს რევოლუციის მოწყობა, ჩვენთვის არ შეიძლებაო? ეს „წყენა” 2010 წლის საარჩევნო კამპანიასაც გასდევდა - ოღონდ უფრო მოკრძალებულად, ოპონენტთა მხრიდან საკუთარ ძალებში დაეჭვების ფონზე. ბევრჯერ მითქვამს ამ ორ პერიოდს შორის არსებულ თვისებრივ განსხვავებაზე და ამიტომ აქ არაფერს გავიმეორებ. უბრალოდ, პრობლემა ოპოზიციის მხრიდან ისევ საათის მექანიზმისა და დროის აღრევა მგონია.

დროის მოთხოვნებზე, ანუ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საჭიროებათა ცვალებადობაზე მუდმივი ყურადღება, უპირველესად, ხელისუფლებას მოეთხოვება. ჯერჯერობით იგი ამას ახერხებს. საპრეზიდენტო რესპუბლიკა ეგებ უფრო ეფექტიანი იყოს, მაგრამ დრომ მოიტანა და საპარლამენტო მოდელისაკენ მივდივართ. მეტი აქცენტია დასაქმებაზეც. იმედია, ალღო ამ მხრივ არც მომავალში გვიღალატებს. ან, ჩვენი ადეკვატურობის შემცირებამდე, პოლიტიკური კლასი ახალ სახეებს მაინც წარმოშობს, რომელთაც დროისადმი მგრძნობიარობა ექნებათ. 

კომენტარები