გილოცავთ, ალუჩა მწიფდება!

მორჩა. იწყება.

რაც მორჩა, დასაწყებზე არანაკლებ გემრიელი და ადრენალინიანი ამბავია. ის ზამთრის დამთავრებისთანავე გიწყებს ღიტინს და როგორც კი მარწყვი შემოდის, ეს სასიამოვნო ღიტინი ძლიერდება და მრავალფეროვანი ხდება.

მწვრთნელები შემადგენლობებს ასახელებენ, ეს შემადგენლობები სხვადასხვა წერტილებში იყუჟებიან მოსამზადებლად, გულშემატკივრები ექსკლუზიურ პასიანსებს შლიან გონებაში და თავიანთ ფავორიტებს ვირტუალურად ამარჯვებინებენ. გამოდის მსოფლიო ჩემპიონატის კალენდრები. ხშირდება და მძაფრდება დისკუსიები. ბავშვები გვიან დაძინების მულტი-ვიზას იღებენ. მაზავშიკები სქემებს თავს ახლიან და არიფების ძიებას ააქტიურებენ. თანდათან ინტერესდებიან ქალებიც და ცხოვრება საფეხბურთო გრაფიკზე გადასასვლელად ემზადება. გადის მარწყვი. სამაგიეროდ მსხვილდება და მრავლდება ალუჩა, რომელსაც ბალი და ალუბალი უძმაკაცდებიან.

სწორედ მოზრდილი, დამტკბარი და წყლიანი ალუჩაა იმის ინდიკატორი, რითიც დავიწყეთ: ლოდინი მორჩა, მსოფლიო ჩემპიონატი იწყება!

მაშ ასე, ჩვენს წინაშეა ოთხწლიან პაუზებს შორის ჩაკვეხებული ერთთვიანი ტიხარი. ეს მსოფლიო ტიხარია - ყველაზე ემოციური, ფერადი და საერთაშორისო. არც ერთ მოვლენას არ აქვს ამხელა გამაერთიანებელი ენერგეტიკა, არაფერს შეუძლია მთელი დედამიწა ასე ერთ ენაზე ალაპარაკოს.

შეიძლება ფილტვების ანთებით ბედნიერი იყო? რასაკვირველია, არა. მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატს ესეც შეუძლია - 2002 წელს ჩემს მეგობარს დაემართა და მთელი ტურნირი ლოგინში, ტელევიზორთან გაატარა НТВ ფუტბოლის რეპორტაჟებსა და მიმოხილვებში შემძვრალმა. და დღემდე გაიძახის, იმაზე ბედნიერი, ალბათ, აღარც ვიქნებიო (მაშინ დღევანდელივით მხოლოდ ქართულ არხებზე არ იყო ფეხბურთი, თორემ ვნახავდი, როგორი ბედნიერიც იქნებოდა).

1994 წელს, როცა ტურნირი ამერიკაში ჩატარდა და რეპორტაჟები დილის ხუთ საათზე იწყებოდა, ნახევარი თბილისი ყავის მარცვლებს ვახრაშუნებდით, რომ არ დაგვძინებოდა. თავიდან შველოდა, მაგრამ მერე ორგანიზმი მიეჩვია და უკვე სამი საათისკენ იმ ნახევარი თბილისის ნახევარს გემრიელად ეძინა.

ერთხელ მეც ჩამეძინა ძალიან მნიშვნელოვან თამაშზე. გამეორება საღამოს იყო, ამიტომ გადავწყვიტე ანგარიში არ გამეგო (ცნობილანგარიშიანი ფეხბურთის ყურება დაახლოებით იგივეა, რაც გასაბერი ქალის სიყვარული) - გამოვრთე ტელევიზორი, გავაჩუმე რადიო, ტელეფონს არ ვიღებდი და ამ დროს აღმოვაჩინე, რომ სიგარეტი აღარ მაქვს. სწრაფად და კონსპირაციულად უნდა მემოქმედა, რომ შემთხვევით ანგარიშისთვის არ მომეკრა ყური. სახლიდან მაღაზიამდე ვირბინე. უკანა გზაზე აღარ მომიწია, აუტანელ სიცხეს ხალხი სახლებში ჰყავდა გამოკეტილი. მხოლოდ ერთი ტიპი იდგა ჩემი ეზოს წინ და ცაში იყურებოდა. ავიხედე. არავინ იყო. ამოვისუნთქე და ეზოში შესული ისე კარნავალურად დავმშვიდდი, როგორც ასდოლარიანებით სავსე დიპლომატიანი კრიმინალი ამერიკა-მექსიკის საზღვრის გადაკვეთის წამს. და უცებ საზარელი ხმა გაისმა: „ტრინოლ დამთავრდა, ტრინოოოლ!” მეზობელი უყვიროდა ზეცაში მაყურებელ უცნობს. ცოტა პატარა რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად ვიტირებდი...
მაგრამ რა დროს ტირილია, როცა ალუჩა მწიფდება და იწყება ის, რაც მორჩა.

კომენტარები