როგორ დავამარცხოთ ფაშიზმი

რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენი პროდასავლელი ლიბერალების განწყობა რადიკალურად შეიცვალა. ჯერ იყო და, 5 მაისს „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობისა” და „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” ბოევიკები (ამ ორი ორგანიზაციის იდეოლოგია და ქცევის წესი თამამად შეიძლება განვსაზღვროთ როგორც „მართლმადიდებლური ფაშიზმი”) შეიკრიბნენ ილიას უნივერსიტეტის წინ და პასიური პატრულის თანდასწრებით სცემეს გამოხატვის თავისუფლების ლოზუნგით შეკრებილ ადამიანებს. ამ უკანასკნელთა რეაქცია იყო უკიდურესი პესიმიზმი: „ხალხის 90 პროცენტი თავდამსხმელთა ღირებულებებს იზიარებს, ხელისუფლება არ გვიცავს, ოპოზიციაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, ქვეყანა ნელ-ნელა ირანიზაციის გზას ადგება”.

ორი დღის შემდეგ იგივე ბოევიკები უკვე ტელეკომპანია „კავკასიას” დაესხნენ თავს იმისთვის, რომ მან ფაშისტების კრიტიკოსებსაც მისცა სიტყვა. ამის შემდეგ რვა ექსტრემისტი დააკავეს (შემდეგ მხოლოდ ერთი გამოუშვეს). 10 მაისს კი მოძრაობის ლიდერი მალხაზ გულაშვილი საქართველოდან გაიქცა. ამან განწყობა მკვეთრად შეცვალა ოპტიმიზმის მიმართულებით: მემარჯვენე ექსტრემიზმმა ეს რაუნდი აშკარად წააგო.

მოძალადე მემარჯვენე-ექსტრემისტული ორგანიზაციების არსებობა ნორმაა დემოკრატიისთვის. ყველგან არიან გაბრაზებული ახალგაზრდები, ვინც რაღაც მიზეზით გარიყულად თვლის თავს, წარმატებულ განათლებულ „პიდარასტებზე” იბოღმება და თავის უბედობას უცხოტომელებს, ურჯულოებს და მათ ხელშემწყობ გამყიდველ პოლიტიკოსებს აბრალებს. ყოველთვის ჩნდებიან გულაშვილისნაირი დიდი ბიძიებიც, ვისაც უნდა, ამ ახალგაზრდების ბოღმაზე კარიერა გაიკეთოს. კონკრეტული გულაშვილის გაქცევით პრობლემა არ გადაიჭრება: ავადმყოფობა ქრონიკულია. ამაში პოზიტიური მხარეც კი შეიძლება დავინახოთ. რაკი ასეთი ჯგუფები ჩვენთანაც გაჩნდა, ესე იგი, საფრთხე, რომელსაც ისინი ებრძვიან, ანუ ლიბერალური იდეების გაძლიერება, საქართველოშიც რეალურია.

როგორც ყველა ქრონიკული სენის შემთხვევაში, მთავარია, გვაქვს თუ არა ადეკვატური მეთოდები და რესურსები მის გასანეიტრალებლად. ნორმალური სტრატეგიაა დაგმობა, გარიყვა და - როგორც კი ისინი კანონის საზღვრებიდან გავლენ - ადეკვატური დასჯა.

აი, აქ გვაქვს სერიოზული პრობლემები. მთავარი მოთამაშე ხელისუფლებაა: სწორედ მას ევალება, მშვიდობიანი მოქალაქეები მოძალადეთაგან დაიცვას. ამ დღეებში ბევრმა აღნიშნა აშკარა ფაქტი: ექსტრემისტების გაჯეჯილება სწორედ ხელისუფლების წაყრუებამ გამოიწვია. ის, შეიძლება ითქვას, ჩაკომპლექსებულია „სოროსელობის” და „ანტიეროვნულობის” ბრალდებებით და ცეცხლივით ეშინია, ოპონენტებს ამ მიმართულებით მეტი კრიტიკის საბაბი მისცეს; თუ ვინმემ რელიგიის დაცვის ნიღაბი მოიმარჯვა, გარანტირებული აქვს, თუ სრული ხელშეუხებლობა არა, უკიდურესად ფრთხილი მოპყრობა მაინც. მეორე მხრივ, მმართველი ძალა საკმაოდ ცინიკურ გათვლას აკეთებს, რომ პიდარასტებისა და იეღოველების დამცველი ლიბერალებისგან საფრთხე არ ემუქრება: ვის დაჰკარგვიან? თუმცა, ხელისუფლებას, მისი ეგოისტური ინტერესებიდან გამომდინარე, მეტი მოსდის, რადგან ასეთი ქცევით თავის სისუსტეს ავლენს და გულაშვილისნაირ აშკარა მტრებს წაახალისებს. როცა ის ჭავჭავაძის პროსპექტზე, პატრულის თანდასწრებით, სტუდენტებს და პროფესორებს დაუსჯელად აცემინებს, ეჭვქვეშ აყენებს თავის მთავარ მიღწევას: „არშემდგარი სახელმწიფოს” სინდრომის გადალახვას.

მეორე რთული პრობლემა საზოგადოებრივი აზრია. ექსტრემისტების დაგმობას და გარიყვას ვინ ჩივის - ლიბერალებს აქეთ ეშინიათ, რომ თავად არიან დაგმობილი და გარიყული უმცირესობა. მართლა ასეა?

უნდა ვაღიაროთ, რომ ნამდვილად შორსა ვართ ცივილიზებული საზოგადოების ნორმიდან, სადაც მოძალადეს აბსოლუტური უმრავლესობა ემიჯნება. როდესაც ჩვენი ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტი - ეკლესია, ექსტრემისტ მღვდელ ისაკაძეს აჯილდოებს სწორედ იმ დროს, როცა მან და მისმა მეგობრებმა ძალადობით გამოიჩინეს თავი, შეშფოთების საფუძველი ნამდვილად არსებობს. სამართლიანობა მოითხოვს, არ დავივიწყოთ ისიც, რომ ეკლესია გულაშვილის ექსტრემიზმს ოფიციალურად გაემიჯნა; თუმცა, ისაკაძის დაჯილდოებამ ამ გამიჯვნის გულწრფელობა ეჭვქვეშ დააყენა.

მაგრამ ისეთ ძნელად მისაღებ ღირებულებებს, როგორიცაა განსხვავებული აზრისა და ქცევის წესის შეწყნარება, არც ერთი საზოგადოება იოლად არ ითვისებს. ყველა ქვეყანაში ისინი ძნელად, თანდათანობით და მტკივნეულად მკვიდრდება. საქართველო ამ მხრივ არაფრით არაა გამორჩეული. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია საზოგადოების შედარებით მცირე ნაწილის ქცევა, რომელსაც უმრავლესობა უყურებს და ანგარიშს უწევს. ამ მცირე ნაწილის - მედიის, პოლიტიკოსების, ე. წ. „ცნობადი სახეების” რეაქცია ბოლო მოვლენებზე ცალსახა შეფასების საფუძველს არ იძლევა. იმედის მომცემია, რომ მოძალადეთა აშკარა გამართლებას თითქმის არავინ ცდილობს. მაგრამ ექსტრემიზმის მკაფიო და ცალსახა დაგმობამდე კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი.

ბოლოს, რამდენიმე მოკლე დაკვირვება. „ტაბულამ” წინა ნომერში ძალიან კარგად შენიშნა, რომ, თუმცა ძირითადი პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა, ექსტრემიზმის ახალი ტალღის აზვირთებას ზოგიერთი დაბნეული ლიბერალის არათანმიმდევრულობამაც შეუწყო ხელი. გამარჯვების ფორმულა ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლაში მარტივია: პოლიციამ მკაცრად უნდა აღკვეთოს კანონის ყველანაირი გადაცდომა, ხოლო მისი ამგვარი ქცევის ლეგიტიმურობას საზოგადოებრივი აზრი უნდა ამაგრებდეს. ეს ნიშნავს, მათ შორის, იმასაც, რომ, როცა პოლიცია მოძალადეთა წინააღმდეგ აუცილებელ მოქმედებებს ატარებს, ლიბერალი ინტელექტუალები მის მიმართ ქილიკით არ უნდა იწონებდნენ თავს (კონკრეტულ და დასაბუთებულ შენიშვნებს ადამიანის უფლებათა დაცვის პოზიციებიდან აქ არ ვგულისხმობ). თუ მერე ამ ინტელექტუალს ხელკეტად გადაკეთებულ ჯვარს ჩაარტყამენ თავში, რა სინდისით უნდა დაუძახოს პოლიციას, დამიცავიო?

ამ ეპიზოდმა აჩვენა კიდევ ერთი ლიბერალური ღირებულების მნიშვნელობა, როგორიცაა თავისუფალი და პლურალისტური მედია. ძნელია, ტელეკომპანია „კავკასიას” ლიბერალური ღირებულების დამცველი დაარქვა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სწორედ ის აღმოჩნდა დაპირისპირებული ექსტრემისტებთან, მაშინ როცა პროსახელისუფლებო არხების პოზიცია, რბილად რომ ვთქვათ, ორჭოფული იყო. რაც უფრო მრავალნაირი და თავისუფალია მედია ქვეყანაში, მით უფრო მეტი შანსია, რომ ლიბერალები ფაშისტ ექსტრემისტებს აჯობებენ.

მოკლედ, ამ, ისევე როგორც მრავალ სხვა შემთხვევაში, ლიბერალთა და ფაშისტთა შორის ძალთა ბალანსი იმაზეა დამოკიდებულია, ვინაა უფრო აქტიური, თანმიმდევრული და გონიერი. დაპირისპირების ამ რაუნდმა აჩვენა, რომ ლიბერალებს აქვთ სტრატეგიული უპირატესობა ქართულ საზოგადოებაში, ოღონდ ისინი ზედმეტი კომპლექსებისა და შიშისგან უნდა გათავისუფლდნენ.

კომენტარები