ირანი, ყურანი და ურანი

ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტი, ბარაკ ობამა, ერთი წლის წინ ქაიროში მუსლიმურ სამყაროს ბოდიშს უხდიდა ბუშის ადმინისტრაციის ქმედებებისთვის და საუდის არაბეთის დიქტატორ ლიდერთან შეხვედრისას მეტანიასაც არ თაკილობდა. ბევრს ეგონა, რომ ობამა სტრატეგიული გამარჯვების მოსაპოვებლად აუცილებელ, სიმბოლურ დათმობებზე მიდიოდა. სტრატეგიის ნაწილი იყო ირანის დაყოლიება ბირთვული პროგრამების შეჩერებაზე და მუსლიმური სამყაროს კეთილგანწყობის მოპოვება. არც ერთი გამოვიდა და არც - მეორე. ირანის პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადს ბირთვული ამბიციები არ დაუოკებია; პირიქით, ირანი სწრაფი ტემპებით ყალიბდება ბირთვულ სახელმწიფოდ. გაეროს ბირთვული სააგენტო ადასტურებს, რომ ირანის პროგრამებზე ინფორმაცია კვლავაც ხელმიუწვდომელია. ირანიდან მოწოდებული მონაცემების მიხედვით, თებერვალში ქვეყანამ ურანი 20%-ით გაამდიდრა. გაეროს ექსპერტების პროგნოზი ასეთია: თუ თეირანი იგივე ტემპით გააგრძელებს ბირთვულ პროგრამაზე მუშაობას, ირანი ობამას პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე იქცევა ბირთვულ სახელმწიფოდ.

შემხვედრი ნაბიჯების მაგივრად ობამა ირანის პრეზიდენტისგან პასუხად ცინიკურ რიტორიკას იღებს. ირანულ ტელეარხთან უკანასკნელ ინტერვიუში აჰმადინეჟადმა ობამას „გამოუცდელი პოლიტიკოსი” უწოდა. აშშ-ს პრეზიდენტის წინადადება - ურთიერთობის „სუფთა ფურცლიდან” დაწყების შესახებ - აჰმადინეჟადმა ირონიულად იუარა, ირანის სანქცირების პროგრამას კი ცეცხლთან თამაში დაარქვა. მანამდე ობამას ღია წერილი მისწერა და ურთიერთობის ნორმალიზების შანსის გამოყენება ურჩია. ამას მოჰყვა აპრილში ვაშინგტონში გამართული ბირთვული სამიტი, სადაც ირანის დელეგაცია არ დაპატიჟეს. საპასუხოდ, ირანმა ბირთვული განიარაღების კონფერენციას თეირანში უმასპინძლა, სადაც ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ჰამენეიმ, აშშ-ს „ბირთვული დამნაშავე” უწოდა.

თვის დასაწყისში ნიუ-იორკში ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობისადმი მიძღვნილ გაეროს მიმოხილვით კონფერენციაში აჰმადინეჟადიც მონაწილეობდა. იგი კვლავაც ამერიკის და ისრაელის წინააღმდეგ იყო მომართული. კონფერენციის შემდეგ ირანის დელეგაციამ უშიშროების საბჭოს წევრებისთვის საპატიო ვახშამი გამართა. ვახშამზე ამერიკის წარმომადგენელიც დაპატიჟეს. იმის მიუხედავად, რომ ირანი წლების მანძილზე უგულებელყოფს ამერიკისა და ევროპის მოთხოვნებს ბირთვული პროგრამების შეჩერებასთან დაკავშირებით, ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენელი ირანის მანჰეტენურ ვახშამზე მაინც მივიდა. როგორც თეთრ სახლში განმარტეს, ამერიკულმა დიპლომატიურმა მისიამ ბანკეტზე დასწრება მიიჩნია აშშ-ს კიდევ ერთ შესაძლებლობად ისლამური სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე დასაყოლიებლად.

ობამას ადმინისტრაციის მიმართ კრიტიკულად განწყობილი პოლიტიკური მკვლევარი რობერტ კაგანი მიიჩნევს, რომ ირანის მიმართ საუკეთესო პოლიტიკა ისლამო-ფაშისტური რეჟიმის შეცვლაზე მუშაობაა. ეს შანსი ობამამ შარშან ივნისში გაუშვა ხელიდან. მაშინ მან გაყალბებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე მკვეთრ რეაგირებას ზედაპირული განცხადებები არჩია, მომიტინგე ოპოზიციური ძალების მხარდაჭერას - მშვიდობისმყოფელის როლის თამაში. ვაშინგტონ პოსტის კომენტატორი ჩარლზ ქრაუთჰამერი იზიარებს კაგანის ხედვას რეჟიმის შეცვლის აუცილებლობასთან დაკავშირებით. ექსპერტის შეფასებით, ირანში რეჟიმის დაცემით ისლამურ რადიკალიზმს იგივე დაემართებოდა, რაც საბჭოთა კავშირის დანგრევით - კომუნიზმს; ჰეზბოლა და ჰამასი მთავარ დამფინანსებელს დაკარგავდნენ, ერაყში აგორებული დემოკრატიული ტალღა კი მთელ რეგიონზე გავრცელდებოდა.
ობამა ცდილობს, თეოკრატიულ-ტოტალიტარული რეჟიმის ბირთვული ამბიციები გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების ირანის მიმართ სანქციებზე დათანხმებით მოთოკოს. თუმცა, ამერიკის მცდელობათა მიუხედავად, რუსეთისა და ჩინეთის დაყოლიება მაინც არ ხერხდება, რაც ირანს მეტ დროს აძლევს. არც რუსეთს და არც ჩინეთს არ სურს ირანში საკუთარი ბაზრების დახურვა და ბუნებრივი რესურსების იმპორტზე უარის თქმა. ცხადი ხდება, რომ ობამას სტრატეგია განწირულია კრახისთვის. გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს შორის მოლაპარაკების გზით ირანის ბირთვული პრობლემა არ გადაწყდება.

ობამას ადმინისტრაცია არჩევანის წინაშე დგება: ან ირანი ბირთვული სახელმწიფო გახდება და ამერიკა ამას შეეგუება, ან ირანის პროგრამების პარალიზებისთვის საჭიროა პრევენციული დარტყმა ბირთვულ რეაქტორებზე. ექსპერტები გამორიცხავენ, რომ ამ უკანასკნელისთვის ობამას ადმინისტრაციას გამბედაობა ეყოფა.

ისტორიულად, ამერიკის გაუბედავ პრეზიდენტებზე ირანი აგრესიული პოლიტიკით რეაგირებდა. ქრაუთჰამერი და კაგანი პარალელს ავლებენ ბარაკ ობამასა და ჯიმი კარტერს შორის. 30 წლის წინ კარტერის უსუსურობას აიათოლების რეჟიმის დამყარება და თეირანში ამერიკის საელჩოს 52 თანამშრომლის 444-დღიანი დატყვევება მოჰყვა. ირანელი ექსტრემისტების მიერ ამერიკელი ტყვეების გათავისუფლება რონალდ რეიგანის ინაუგურაციის დღესვე მოხდა. რეჟიმი ჯეროვნად აფასებდა რეიგანის მყარ მორალურ კომპასს და ამერიკის სამხედრო შესაძლებლობებს.

დღეს ობამას გაუბედაობამ თითქმის გარდაუვალი გახადა ბირთვული იარაღის მფლობელი ტერორისტული სახელმწიფოს ჩამოყალიბება. აშშ-სა და ისრაელის საწინააღმდეგო რიტორიკის გარდა, ირანი ტერორიზმის მთავარი მხარდამჭერია ერაყში, პაკისტანში, ავღანეთსა და ახლო აღმოსავლეთში. ისლამო-ფაშისტური რეჟიმი საკუთარ ძალაუფლებას ამყარებს და ახანგრძლივებს, ხოლო მისი ბირთვული პროგრამა თავისუფალი სამყაროს ყველაზე დიდ საფრთხედ რჩება.


 

კომენტარები