ლიოვის ჭრელი სია

გერმანიის ნაკრებზე წერა და, მით უმეტეს, მისი სამუნდიალო შანსების შეფასება რთული საქმეა.

“ფეხბურთის მატჩი 90 წუთს გრძელდება და ბოლოს გერმანელები იგებენ,” – გარი ლინეკერის ეს ირონიული გამონათქვამი მწარე სიმართლეს შეიცავს. მეტის თქმაც შეიძლება – როდესაც გერმანელებს მუნდიალზე შედარებით სუსტი გუნდი ჩაჰყავთ, ისინი ფინალში გადიან (1982, 1986, 2002), ან, სულ ცოტა, ოთხეულში ხვდებიან (1934, 1958, 2006). ნურც იმას დავივიწყებთ, რომ მოგებული სამი ჩემპიონატიდან ორში (1954, 1974) ბუნდესგუნდმა ფინალში ფავორიტად მიჩნეული მეტოქეები (უნგრეთი, ჰოლანდია) დაამარცხა.

უკანასკნელ წლებში გერმანიამ ინტენსიურად დაიწყო ნაკრებში სხვა ეროვნების მოთამაშეთა გამოყენება. ამის ისტორიული წინაპირობა 1938 წლის მუნდიალზე, ავსტრიის ანშლუზის მერე ვუნდერტიმის ფეხბურთელთა გაგერმანელებაში უნდა ვეძებოთ. თუმცა, მაშინ სხვა სიტუაცია იყო – ფაშისტები ავსტრიელებს ბიძაშვილებად თვლიდნენ, მათ არიულ წარმოშობას აღიარებდნენ (ბიძია ადოლფიც ხომ ავსტრიაში დაიბადა), ავსტრიელ ებრაელ მატიას შინდელარს კი თავი მოაკვლევინეს! სხვათა შორის, ექსპერიმენტმა არ გაამართლა და გერმანიამ თავის სამუნდიალო ისტორიაში ყველაზე უარესი შედეგი აჩვენა.

დღეს კი, დოქტორი იოზეფ გებელსი რომ ბუნდესგუნდის შემადგენლობას გასცნობოდა, უთუოდ მეორედ ამოწყვეტდა ოჯახს და უყოყმანოდ მოიკლავდა თავს (სიმბოლურია, რომ მან ეს ლიოვის სიის გამოქვეყნებამდე ზუსტად 55 წლით ადრე, 1945 წლის 1 მაისს გააკეთა)!
თავად განსაჯეთ: ლუკაშ პოდოლსკი, მიროსლავ კლოზე და პიოტრ ტროხოვსკი პოლონეთში დაიბადნენ, მარკო მარინი - იუგოსლავიაში, კაკაუ - ბრაზილიაში, მესუთ იოზილი და სარდარ ტასკი - თურქები არიან, მარიო გომესი - ესპანელი, დენის ააგო - ნიგერიელი, ჟერომ ბოატენგი - განელი, სამი ხედირა - ტუნისელი!!! არც აარონ ჰანტის სახელი ჟღერს მთლად არიულად...

მაისის დასაწყისში იოგი ლიოვმა ნაკრების გაფართოებული სია (27 ფეხბურთელი) გამოაქვეყნა და უმალ კრიტიკის ქარ-ცეცხლში აღმოჩნდა - სპეციალისტები გააწბილა ფორვარდ კევინ კურანის (ესეც ბრაზილიაში დაიბადა უნგრულ-პანამურ ოჯახში) და ნახევარმცველ ტორსტენ ფრინგსის არყოფნამ. თუმცა, მათ ამის იმედი არც უნდა ჰქონოდათ – ლიოვმა კურანი რუსეთთან ამხანაგურის მერე მოკვეთა, როცა ძირითადში ვერმოხვედრა სტადიონიდან წასვლით გააპროტესტა, ფრინგსი კი – უფრო ადრე, პრესაში გაკეთებული კრიტიკული შენიშვნებისთვის.
არის ობიექტური მიზეზით დანაკლისიც. ლიოვს ძირითად მეკარედ რენე ადლერი უნდა დაესახელებინა, მაგრამ ის საოპერაციო გახდა და მუნდიალზე ოცნებას დაემშვიდობა (ახლა არჩევანი მანუელ ნოიერსა და ტიმ ვიზეს შორის უნდა გაკეთდეს).
დაცვაში ტომას ჰიტცლშპერგერი და კრისტოფ მეტცელდერი, შესაბამისად, ლაციოსა და რეალის თადარიგში ჩაიკარგნენ... გასაკვირი არაა, რომ ამით შანსი მიეცათ დებიუტანტებს, ააგოსა და ბადშტუბერს. მაგრამ მთავარ იმედს გერმანელები მაინც გამოცდილ ფილიპ ლამსა და პერ მერტესაკერზე ამყარებენ.

უძლიერესი ხაზი ნახევარდაცვაა. აქ ლიოვს დიდი არჩევანი აქვს – მიხაელ ბალაკი და ბასტიან შვაინშტაიგერი მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავები არიან, იოზილი და ტონი კროოსი – ბუნდესგუნდის მომავალი...

ლიოვის მთავარი პრობლემა თავდასხმაა. სადღეისოდ მის მიერ შერჩეული ფორვარდების ნახევარი ან საერთოდ ვერ ხვდება თავისი კლუბის ძირითადში, ან გოლის გატანას ვერ ახერხებს. ერთმანეთში პოლონურად მოსაუბრე კლოზე და პოდოლსკი შორს არიან ოპტიმალური ფორმიდან. გომესი “ბაიერნში” რობენისა და ოლიჩის დუბლიორია, ბრაზილიელ კაკაუს აშკარად აკლია მისი ისტორიული თანამემამულეების სიმსუბუქე, ხოლო ორად ორ ნამდვილ არიელს (კისლინგი და მიულერი) – გამოცდილება!

და მაინც, თუ ლინეკერსა და სტატისტიკას დავუჯერებთ, გერმანია ფავორიტად რჩება.

კომენტარები