ძროხები

ძროხების ინტელექტზე, გამომდინარე საქართველოს ტრასებზე მათი უსაქციელობიდან, ყოველთვის უარყოფითი წარმოდგენა მქონდა. თუმცა რამდენიმე თვის წინ ძროხებმა სასიამოვნოდ გამაკვირვეს. სამწუხაროდ, ეს არა ქართველი, არამედ შვეიცარიელი ძროხები იყვნენ.

ჟენევიდან ნიონში, უეფას სათავო ოფისში, ორჯერ მომიწია საქმეზე ჩასვლა. გზა - 45 წუთი, ბუნება - ზღაპრული, სიმშვიდე - იდეალური: ზედგამოჭრილი პირობებია ჩასაფიქრებლად. მეც ჩავფიქრდი და უცებ საოცარმა სცენამ გამომაფხიზლა - მდელოზე დაახლოებით ოცდაათი ძროხა მიდიოდა, მიდიოდა სანტიმეტრებში გამოზომილ მწკრივში, ერთ რიგად, ერთ ტემპში. მეგონა, იმ დღეს მოხდა ასე, დაემთხვა, მაგრამ როდესაც მეორე დილას ზუსტად იგივე ვნახე, ჯერ ის გამახსენდა, როგორ აგინებენ გაძეგლებულ ძროხებს აგრესიული ქართველი მძღოლები და მერე ასეთ დასკვნამდე მივედი: შვეიცარიაში ძროხებიც კი აზროვნებენ სახელმწიფოებრივად...

რა არ დაუსახელებიათ ქართული ფეხბურთის იმპოტენციის მიზეზად: გაუმართავი ინფრასტრუქტურა, ცუდი თაობა, უვარგისი მწვრთნელები, უცოდინარი ჟურნალისტები, ფეხბურთის ფედერაცია, უფულობა და უამრავი სხვა. კი, ხშირად ასეცაა, მაგრამ ჩვენ ჯერ ვერ მივწვდით მთავარს, იმას, რაც ამ მიზეზებს ბადებს და ავითარებს. ესაა ის, რაც აქვთ შვეიცარიელ ძროხებს და არ გვაქვს საქართველოს მოქალაქეებს: სახელმწიფოებრივი მიდგომა ყველაფრისადმი, რასაც ვაკეთებთ.

არ გეგონოთ, მატრაკვეცულ პატრიოტიზმს ვგულისხმობდე. არა, აქ საუბარია იმაზე, რომ ერთად თუ ცალ-ცალკე, ყველამ თავისი საქმე აკეთოს, პასუხისმგებელი იყოს გაკეთებულზე და თუნდაც აზრზე არ იყოს, რომ ამით სახელმწიფოს ეხმარება. საკუთარ სფეროს არ გავცდები: როცა ჟურნალისტი კარგად წერს, რედაქტორი პირობებს უქმნის, რომ კარგად წეროს, ფოტოგრაფი ხარისხიანად იღებს, დიზაინერი ლამაზად აფორმებს და სტამბა მაღალ დონეზე ბეჭდავს, და ასე აკეთებს თითოეული ჟურნალ-გაზეთი, მივდივართ სათანადო კლასის ბეჭდურ მედიამდე. ხოლო როდესაც ყველა სფერო კონკურენციაზე აგებულ ხარისხს ქმნის, ამ ხარისხიანი სფეროების ერთობლიობა აყალიბებს სახელმწიფოს.

ფეხბურთზე გადავიდეთ. ქართველი მოთამაშეები ყველაფერს აკეთებენ, ერთად კარგად თამაშის გარდა: არ ემორჩილებიან მწვრთნელს, ეზარებათ შეკრებაზე ჩასვლა, არ სწყინთ წაგება, არ უყვართ და დასცინიან ერთმანეთს, ეზარებათ სირბილი, მატჩის ბოლო წუთებში მოწინააღმდეგის ვარსკვლავებს მხოლოდ იმიტომ დასდევენ, რომ მაისური გაუცვალონ და ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მათგან დიდ გამარჯვებებს ვითხოვთ. ვიცით, რომ ტყუილად ვითხოვთ, მაგრამ ვირტუალური ამბიციები გვჭამს და რა ვქნათ?

ვირტუალურ ამბიციებს უსაქმურობა და უპასუხისმგებლობა შობს. იმ დღეს “მაესტროზე” დაურეკავს ვიღაცას, კარგად დაიმახსოვრეთ, ყოველი ქართველი ბიჭი მეფედ ან თამადად იბადებაო! დარწმუნებული ვარ, შვეიცარიელ ძროხას მსგავსი რამ აზრადაც არ მოუვა იმიტომ, რომ გადასარევად იცის თავისი საქმე: დილით დგება მწყობრში, მიდის საძოვარზე, ასევე მწკრივში, ბედნიერი ბრუნდება უკან და კმაყოფილი იძლევა გემრიელ რძეს. მორჩა, მეტი არაფერი ევალება. სახელმწიფოს მისგან მეტი არაფერი ესაჭიროება.

როგორი იდეალური პირობებიც არ უნდა შეუქმნა საქართველოს ნაკრებს, რა დონის მწვრთნელიც არ უნდა დაუნიშნო და რაც არ უნდა ეფერო, ის ვერასდროს იქნება გამარჯვებული, სანამ მოედანზე მყოფი თერთმეტივე ფეხბურთელი ერთი, სახელმწიფოებრივი იდეის გარშემო არ იქნება გაერთიანებული.

და არ გვინდა რა, ჰიმნის დროს ეს ტყუილად პირის გაღება და ფარისევლური მიმიკები.

კომენტარები