Warner Bros. Discovery

სასამართლო განხილვის დასრულებამდე Paramount-მა და Warner Bros.-მა შერწყმის პროცესი შეაჩერეს

ამერიკულმა მედიაკომპანია Paramount Skydance-მა და Warner Bros. Discovery-მ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც მათი 110 მილიარდი დოლარის ღირებულების შერწყმის პროცესი 2027 წლის 1 ივნისამდე შეჩერდება, ან მანამდე, სანამ ფედერალური სასამართლო ანტიმონოპოლიურ სარჩელზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

საქმეს კალიფორნიის ჩრდილოეთ ოლქის ფედერალური სასამართლო განიხილავს. შერწყმის წინააღმდეგ სარჩელი აშშ-ის 12 შტატის დემოკრატმა გენერალურმა პროკურორმა, კალიფორნიის გენერალური პროკურორის, რობ ბონტას ხელმძღვანელობით, 13 ივლისს შეიტანა.

მოსარჩელეები აცხადებენ, რომ გარიგება მნიშვნელოვნად შეამცირებს კონკურენციას კინოინდუსტრიაში, მათ შორის ფართო კინოგაქირავების, მაღალშემოსავლიანი ფილმების დისტრიბუციისა და საკაბელო ტელეარხების გავრცელების ბაზარზე.

თუ გარიგება განხორციელდება, ერთ კომპანიაში გაერთიანდება Paramount Pictures-ი და Warner Bros. Pictures-ი, ასევე სტრიმინგპლატფორმები Paramount+ და HBO Max-ი, საინფორმაციო ქსელები CBS News-ი და CNN-ი. გაერთიანებულ კომპანიას დევიდ ელისონი უხელმძღვანელებს.

Paramount-ში ანტიმონოპოლიური სარჩელი უსაფუძვლოდ მიაჩნიათ და აცხადებენ, რომ სასამართლო განხილვა დაადასტურებს, რომ გარიგება კონკურენციას, მომხმარებლებსა და შემოქმედებით ინდუსტრიას სარგებელს მოუტანს.

შერწყმას აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის თანხმობა უკვე მიღებული აქვს. კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ გარიგება ავსტრალიის, ჩინეთისა და ევროკავშირის მარეგულირებლებმაც დაამტკიცეს.

Paramount-ის შეთავაზებამ ყურადღება, ნაწილობრივ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ლარი ელისონს შორის მჭიდრო კავშირების გამო მიიპყრო. ელისონი ასევე რესპუბლიკური პარტიის მსხვილი დონორია.

კომპანიის თავდაპირველი წინადადება ასევე მხარდაჭერილი იყო ტრამპის სიძისა და მრჩევლის, ჯარედ კუშნერის მიერ მისი საინვესტიციო კომპანიის მეშვეობით, რამაც ამერიკაში პრეზიდენტის გავლენის შესახებ შეშფოთება გააჩინა. კუშნერის კომპანიამ, Affinity Partners-მა, დეკემბერში გარიგება  მის გარშემო გაჩენილი კრიტიკის ფონზე დატოვა.

კომენტარები