სამმართველოს შექმნის მერე, სოციალურ ქსელებში გინება შემცირებულია - მდინარაძე

სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში ივანიშვილის სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველ სამმართველოზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. მდინარაძის თქმით, სამმართველოს შექმნის შემდეგ სოციალურ ქსელებში გინების ფაქტები შემცირდა. 

"ბოლო დღეების განმავლობაში, კონკრეტული მედიების, აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მათი პროპაგანდისტების მხრიდან ორგანიზებული იერიში მიმდინარეობს ახლადშექმნილ სამმართველოზე, რომლის მიზანი და ამოცანა საჯარო სივრცეში სიძულვილის ენისა და შეურაცხყოფის წინააღმდეგ ბრძოლაა [...] საჯარო სივრცეში შეურაცხყოფისა და სიძულვილის ენის გამოყენების აღმოფხვრის აუცილებლობა იმიტომ დადგა, რომ წლების განმავლობაში, სწორედ ეს ხალხი აკანონებდა შეურაცხყოფასა და ბულინგს ნორმად, ამ ადამიანებმა გახადეს სატელევიზიო ეთერებსა თუ სხვა მედიებში გინება ჩვეულებრივ მოვლენად, რაც საბოლოოდ, საზოგადოების უკიდურეს პოლარიზაციაში გადაიზარდა. ამ ხალხს, გარე დავალების შესაბამისად, მიზნად ჰქონდა დასახული გინების ნორმად დაწესება [...]

შეუიარაღებელი თვალით, მარტივი მონიტორინგითაც დასტურდება, რომ შსს-ს შესაბამისი სამმართველოს შექმნის შემდეგ, საჯარო სივრცეში, მათ შორის სოციალურ ქსელებში, გინების, შეურაცხყოფისა და ბულინგის ფაქტები მნიშვნელოვნად შემცირებულია - რაც იმას ნიშნავს, რომ შსს-ს მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებები ეფექტიანად მუშაობს". - თქვა მდინარაძემ.

მდინარაძემ ასევე განაცხადა, რომ საჯაროდ დაწერილ პოსტებზე რეაგირება იმაზე დამოკიდებული არაა, ვისაც შეურაცხყოფას მიაყენებენ, თავად იჩივლებს თუ არა. 

"სიძულვილის ენის საუბარსა და საჯარო სივრცეში შეურაცხყოფაზე რეაგირება კონკრეტული პირის საჩივარზე ან პოზიციაზე დამოკიდებული არაა. ერთი ადამიანის მხრიდან სხვისი საჯაროდ შეურაცხყოფა შემდგარი ფაქტია, მასზე რეაგირება კი შსს-ს ვალდებულებაა, იმის მიუხედავად, შეურაცხყოფილმა პირმა თავი დაზარალებულად მიიჩნია თუ არა. ეს მიდგომა საჯარო ინტერესს ემსახურება, რომელიც ბევრად უფრო მაღლა დგას, ვიდრე კონკრეტული პირის სუბიექტური აღქმა. სიძულვილის ენისა და შეურაცხყოფის ობიექტი მხოლოდ ის კონკრეტული პირი არაა, ვისკენაც შეურაცხყოფა მიემართება. პირველ რიგში, ეს ყველაფერი საზოგადოებისა და საჯარო ინტერესის წინააღმდეგაა მიმართული". - ამბობს მდინარაძე.

ქართულმა ოცნებამ შსს-ში ახალი სპეციალური სამმართველო შექმნა, რომლის მთავარი ფუნქციაც "საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება". 

მამუკა მდინარაძის ცნობით, აღნიშნულში იგულისხმება ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაცია, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, შუღლის გაღვივებას, ღირსების შელახვას და "სხვა მსგავს ქმედებებს".

კომენტარები