ჰამას-ისრაელის ომი

ენტონი ბლინკენმა პალესტინელთა პრეზიდენტს მიუსამძიმრა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენის შეხვედრა პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან 17 ოქტომბერს იორდანიაში. Jacquelyn Martin/AFP/

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, პალესტინის ადმინსიტრაციის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან სატელეფონო საუბარი გამართა და ღაზის სექტორში ალ-აჰლის საავადმყოფოსთან აფეთქების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო მიუსამძიმრა. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა გაავრცელა

"სახელმწიფო მდივანმა პალესტინელი ხალხის მიმართ უწყვეტი მხარდაჭერა დაადასტურა და აღნიშნა, რომ ჰამასი ისევე არ წარმოადგენს პალესტინელებს, როგორც მათ ლეგიტიმურ სწრაფვას თვითგამორკვევის, ღირსების, თავისუფლების, თავდაცვისა და მართლმსაჯულების უფლების რეალიზაციაში". – თქვა მეთიუ მილერმა

სატელეფონო ზარი სახელმწიფო მდივან ბლინკენსა და მაჰმუდ აბასს შორის მას შემდეგ შედგა, რაც ღაზის სექტორში ალ-აჰლის სააავადმყოფოსთან ძლიერი აფეთქება მოხდა, რასაც ჰამასის მტკიცებით 500 სამოქალაქო პირამდე ემსხვერპლა. ჰამასმა მომხდარში ისრაელის მხარე დაადანაშაულა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა 18 ოქტომბერს მტკიცებულებები წარმოადგინეს, რომლის მიხედვითაც ღაზაში საავადმყოფოს სიახლოვეს ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური ჯიჰადის რაკეტა ჩამოვარდა. 

აფეთქების შემდეგ მაჰმუდ აბასმა აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრა გააუქმა. 

სატელეფონო საუბრის დროს ბლინკენმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ "აშშ გმობს ყველა სახის ტერორიზმის გამოვლინებას, ადასტურებს ომის კანონების დაცვის მიმართ აშშ–ს ერთგულებას ისე, როგორც საომარი მოქმედებების დროს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის პრინციპს". – ნათქვამია პრესრელიზში. 


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

 

კომენტარები