ბრიტანული მედია City AM წერს, რომ კორპორაცია Procter & Gamble-მა, რომელსაც თავის მოვლის, სილამაზისა და სისუფთავის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიები ეკუთვნის, დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია იმედთან თანამშრომლობა შეწყვიტა.
კორპორაციას ეკუთვნის ცნობილი ბრენდები, როგორიცაა: Always, Ariel, Fairy, Gillette, Head & Shoulders, Old Spice, Oral-B, Pampers, Pantene, Tide და ა.შ.
როგორც ბრიტანული მედია წერს, სანქციების მიუხედავად, P&G იმედის ეთერში რეკლამების განთავსებას აგრძელებდა. შიდა გამოძიება ჩაატარა ჯონ ბრენდონმა, P&G-ს ევროპული ეთიკისა და შესაბამისობის ოფისის ხელმძღვანელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა. შედეგად კორპორაციამ იმედთან თანამშრომლობა 22 ივნისს შეწყვიტა, როგორც ამას City AM წერს.
"P&G იცავს კანონს ყველა ბაზარზე, სადაც მომხმარებლებს ვემსახურებით და ჩვენ დიდი ყურადღებით ვუდგებით სანქციებთან შესაბამისობას, ჩვენი მედია-შესყიდვების პრაქტიკის ჩათვლით. არ დაგვირღვევია გაერთიანებული სამეფოს სანქციების რეჟიმი. თუმცა ჩვენი ნებით შევცვალეთ ჩვენი მიდგომა და შევაჩერეთ რეკლამები TV იმედის ეთერში, საქართველოში." - City AM-ს ცნობით, თქვა P&G-ს სპიკერმა.
აქამდე, ამავე ბრიტანულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ Nestlé-მ რეკლამის სანქცირებულ TV იმედზე განთავსების საკითხზე შიდა გამოძიება დაიწყო.
გაერთიანებულმა სამეფომ ტელეკომპანია იმედი "რუსული დეზინფორმაციის გავრცელების" გამო 2026 წლის 24 თებერვალს დაასანქცირა.
"TV იმედი განზრახ ავრცელებს შეცდომაში შემყვან ინფორმაციას რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ, რაც მხარს უჭერს ან ხელს უწყობს პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც დესტაბილიზაციას ახდენს უკრაინაში, ან ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან უკრაინის დამოუკიდებლობას.
ის რეგულარულად ავრცელებს შინაარსს, რომ უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურია, უკრაინა არის დასავლეთის "მარიონეტი", კორუმპირებული ქვეყანა და რომ უკრაინა და დასავლეთი ცდილობენ საქართველოში დესტაბილიზაციას" - ეწერა განცხადებაში.





