ნანუკა ჟორჯოლიანმა TV პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი აზრით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე უნდა იყოს არჩევითი, რომელსაც ექნება სრულფასოვანი ლეგიტიმაცია.
ჟორჟოლიანის თქმით "არჩევნები მიმზიდველია", თუმცა, ჯერ აპირებს, კონსულტაციები გაიაროს პარტიის წევრებთან, მათ შორის, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილთან.
"მე მგონია, რომ ამხელა პარტიის თავმჯდომარე უნდა იყოს არჩევითი. შესაბამისად, ვიტყვი, რომ არჩევნები გაცილებით უფრო მიმზიდველია, თუმცა, მანამდე პარტიის წევრებს უნდა შევხდე, ვეტერანებს, ასევე მაინტერესებს ხაბესთან [ლევან ხაბეიშვილი] კომუნიკაცია, რაც ძალიან რთულია ციხეში.
ჩემთვის მნიშვნელოვანია შეხვედრები და ის, პარტია როგორ უყურებს ამ ყველაფერს. არჩევნები არის აუცილებელი ამ დროს, როდესაც ამბობ, რომ მე მოვდივარ დიდი ცვლილებებისთვის და რევოლუციისთვის, პარტიაში გჭირდება სრულფასოვანი ლეგიტიმაცია და სრულფასოვან ლეგიტიმაცაის გაძლევს არჩევნები". - თქვა ჟორჟოლიანმა.
ჟორჟოლიანის თქმით, ეფექტური იქნებოდა, თუკი ის "ქვეყნის შიგნით", ხოლო ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა "ქვეყნის გარეთ" იმუშავებდნენ, თუმცა, "ახლა უნდა იარსებოს ისეთმა ადამიანმა, რომელიც საგარეო მდივნის სტატუსით ამ ყველაფერს უზრუნველყოფს".
"თინასთან [ბოკუჩავა] დაკავშირებით გულწრფელი ვიყავი, რომ მეტი კომპეტენციაა, ცოდნაა, გამცოდილებაა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ურთიერთობები, რაც მთავარი ამბავია ამ პარტიაში. წელიწადში 6 თვე ქვეყნის გარეთ მუშაობდა ამ პარტიის ძირითადი ნაწილი, შესაბამისად, ეს ხაზი უნდა დარჩეს. ეს ხაზი უნდა დარჩეს სხვა ადამიანთან ერთად, რომელსაც აქვს კომპეტენცია და გამოცდილება, რაც მე არ მაქვს. სწორედ ამიტომ იქნებოდა ეფექტური ფორმატის გათვალისწინება, მე ქვეყნის შიგნით, თინა ქვეყნის გარეთ. მე ვფიქრობ, რომ კარგი ფორმულა იყო, მაგრამ ახლა უნდა იარსებოს ისეთმა ადამიანმა, რომელიც საგარეო მდივნის სტატუსით ამ ყველაფერს უზრუნველყოფს". - უთხრა ჟორჟოლიანმა TV პირველს.
ცნობისთვის, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის პოსტს, სადაც მე-3 პრეზიდენტი წერს, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მისი კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანია. ბოკუჩავას თქმით, სააკაშვილის პოსტი მისთვის მოულოდნელი იყო და მიაჩნია, რომ "ამგვარმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ".
შეგახსენებთ, რომ პარტიაში ცვლილებების შესახებ პოსტი მიხეილ სააკაშვილმა 10 ივნისს გამოაქვეყნა.
"ჩემი, ლევანის, სხვა ლიდერების ციხეში ყოფნის პირობებში, პარტიას სჭირდება გაცოცხლება, ფუნდამენტური განახლება და გააქტიურება და ამ მიზნით ჩვენ ერთობლივად შევთანხმდით რომ პარტიის რეფორმირებისთვის შემოვიერთოთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი შესანიშნავი გუნდი."
იმავე დღეს ჟორჟოლიანმა დაწერა, რომ ენმ-სთან მოლაპარაკებების ეტაპზე არიან.
11 ივნისს, ჟორჟოლიანმა ფორმულასთან განაცხადა, რომ სააკაშვილმა მას პარტიის თავმჯდომარეობა შესთავაზა, რაზეც მან უარი განაცხადა.




