სასკოლო ფორმები

მიქანაძე: სასკოლო ფორმა ხელს უწყობს დისციპლინის ჩამოყალიბებას

ივანიშვილის განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ სასკოლო ფორმების შესახებ ისაუბრა.

"სასკოლო ფორმას აქვს როგორც საგანმანათლებლო, ასევე სოციალური და კულტურული მნიშვნელობა. სასკოლო ფორმა ხელს უწყობს დისციპლინისა და სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას; აძლიერებს მოსწავლის კუთვნილების განცდას საკუთარი სკოლის მიმართ; ამცირებს სოციალურ განსხვავებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ხშირად, მშობლებისთვის ყოველდღიურ ხარჯებსაც ამცირებს. აყალიბებს მოწესრიგებულ და აკადემიურ გარემოს [...]

სასკოლო ფორმა უნდა იქცეს არა მხოლოდ სავალდებულო ატრიბუტად, არამედ სკოლის იდენტობისა და კულტურის მნიშვნელოვან ნაწილად.". - თქვა მიქანაძემ ივანიშვილის პარლამენტში, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.

მიქანაძემ სასკოლო ფორმების შესყიდვასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და თქვა, რომ ბაზრის კვლევა განმეორებით გამოცხადდა.

"სამწუხაროდ, გამოვლენილმა კომპანიებმა მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს, რის გამოც პროცესი შეწყდა და ბაზრის კვლევა განმეორებით გამოცხადდა. ამ ეტაპზე, ბაზრის კვლევის დაზუსტების პროცედურები მიმდინარეობს და იმედი გვაქვს, გამარჯვებულ კომპანიას უახლოეს პერიოდში გამოვავლენთ [...] საუბარია მილიონ 800 000 ტანსაცმლის ერთეულის შესყიდვა-მოწოდებაზე. ეს ეტაპობრივად განხორციელდება.

ჩვენი მოლოდინია, რომ 15 სექტემბერს ყველა პირველკლასელი სასკოლო ფორმით უზრუნველყოფილი იქნება - ხოლო I სემესტრის განმავლობაში კი II, III, IV, V და VI კლასელებიც". - ამბობს მიქანაძე.

მიქანაძემ ასევე თქვა, რომ აპირებენ, ფორმები ყოველი მომდევნო სასწავლო წლიდან მაღალ კლასებშიც დაემატოს.

"საზოგადოებაში ძალიან ხშირად ისმის კითხვა, სასკოლო ფორმები რატომ უნდა იყოს მხოლოდ 1-დან მე-6 კლასის ჩათვლით და რატომ არა ზედა კლასებში. ჩვენ სკოლაში ფორმას კი არ ვაბრუნებთ, არამედ მისი კულტურა შემოგვაქვს. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საჯარო სკოლებში სასკოლო ფორმები არ ყოფილა. თაობები ისე გაიზარდნენ, მათ იცოდნენ, რომ სკოლის ფორმა დამკვიდრებული იყო კერძო სკოლებში, ისიც ყველგან არა. ჩვენს რეალობაში აპრობირებული არ იყო. ჩვენი მიზანია, ნებისმიერი ნაბიჯი, რომელსაც რეფორმის ფარგლებში გადავდგამთ, წინასწარ შეფასდეს, რა რისკებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, რაიმე კონფრონტაცია არ შექმნას მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის, სკოლის ადმინისტრაციასა და მოსწავლეებს შორის.

სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასკოლო ფორმის კულტურის დამკვიდრება ჯერ ქვედა კლასებში დავიწყოთ და ყოველწლიურად თითო კლასი დავამატოთ. თუკი მე-6 კლასელები წელს I სემესტრის განმავლობაში ფორმას ჩაიცვამენ, შემდგომში შესაბამის ნორმატიულ აქტში ცვლილება შევა და შემდეგი წლიდან მე-7 კლასი დაემატება, იმის შემდეგი წლიდან მე-8 კლასი და ასე, რამდენიმე წლის განმავლობაში, ეს ფორმის კულტურა ჩამოყალიბდება, ბავშვები შეეჩვევიან და არანაირ კონფრონტაცაის ადგილი არ ექნება". - განაცხადა მიქანაძემ.

კობახიძის განათლების რეფორმის ფარგლებში, ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, 2026 წლის სექტემბრიდან საჯარო სკოლებში სასკოლო ფორმების ტარება სავალდებულო გახდება პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით.

კომენტარები