პარტია გახარია საქართველოსთვის პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის გიგა ფარულავას განცხადებით, გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეზე ძალადობა აჩვენებს, რომ სისტემა მოქალაქეების დაცვის ნაცვლად, მათ წინააღმდეგ მოქმედებს.
ფარულავამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "სანქცირებული პირების დაწინაურება და მაღალ თანამდებობებზე დანიშვნა სამართალდამცავებისთვის პირდაპირი სიგნალია, რომ ძალადობასა და უფლებამოსილების გადამეტებას პასუხისმგებლობა არ მოჰყვება".
"გორში დღეს მომხდარი ძალადობა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქვეყანაში სამართალდამცავი სისტემა მოქალაქეების დაცვის ნაცვლად მათ წინააღმდეგ მოქმედებს. პოლიციელებისთვის შექმნილია დაუსჯელობის განცდა, რასაც წლების განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან წახალისება და მოძალადე პრაქტიკის დაფარვა განაპირობებდა. სწორედ ამიტომ ვხედავთ ძალადობის მსგავს შემთხვევებს დღესაც და არსებობს საფრთხე, რომ მომავალშიც გაგრძელდება.
მინისტრების ცვლილება ვერ ცვლის სისტემას, როდესაც თავად სისტემა არის ძალადობაზე, კორუფციასა და მოქალაქეების დაშინებაზე დაფუძნებული. რიგითი ადამიანი დაუცველია როგორც პოლიციის ძალადობისგან, ისე ხელისუფლების კორუფციისგან. პოლიცია, რომელიც უნდა იცავდეს მოქალაქეებს, ხშირ შემთხვევაში თავად იქცევა ძალადობის წყაროდ, ხოლო სახელმწიფო უწყებები მოქალაქის გვერდით დგომის ნაცვლად დუმილს ირჩევენ.
განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ სანქცირებული პირების დაწინაურება და მაღალ თანამდებობებზე დანიშვნა სამართალდამცავებისთვის პირდაპირი სიგნალია, რომ ძალადობასა და უფლებამოსილების გადამეტებას პასუხისმგებლობა არ მოჰყვება. ეს ქმნის სისტემურ პრობლემას, რომლის შედეგსაც საზოგადოება ყოველდღიურად ხედავს.
გორში მომხდარი ფაქტი არ არის ერთეული შემთხვევა, ეს არის სისტემური დანაშაული, რომელიც ჯგუფურად, რამდენიმე პირის მონაწილეობით განხორციელდა და საჭიროებს სრულ, დამოუკიდებელ და გამჭვირვალე გამოძიებას. ყველა მონაწილე პირი უნდა იყოს იდენტიფიცირებული და კანონის სრული სიმკაცრით დასჯილი. ასევე აუცილებელია, ასეთ ადამიანებს სამომავლოდ აეკრძალოთ სამართალდამცავ სისტემაში საქმიანობა.
საზოგადოებას აქვს უფლება ცხოვრობდეს ქვეყანაში, სადაც პოლიცია იცავს მოქალაქეს და არა ძალადობს მასზე, ხოლო ხელისუფლება პასუხისმგებელია ხალხის წინაშე და არა საკუთარ ძალაუფლებაზე". - განაცხადა ფარულავამ.
ცნობისთვის, 27 მაისს, ქართლის ამბებმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს როგორ ძალადობენ ჯგუფურად პოლიციელები მოქალაქეზე, სავარაუდოდ, მისი დაკავების დროს.
პროკურატურის განცხადებით, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, დააკავეს პაპუნა ლოცულაშვილი, პირი, რომელზედაც გორში პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს.




