ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, დააკავეს პაპუნა ლოცულაშვილი, პირი, რომელზედაც გორში პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს.
"როგორც ცნობილია, ახლახან გადაიყვანეს იზოლატორში, დააკავეს. მაგრამ ყველაზე ცინიკურია ის, რომ რომელი პოლიციელიც ძალადობდა, სწორედ მაგ პოლიციელმა ჩამოიყვანეს და გადაიყვანეს იზოლატორში. ერთი მხრივ, აკავებენ ადამიანს, რომელიც არის წამების მსხვერპლი და მეორე მხრივ ის მოძალადე პოლიციელები, რომლებმაც პირდაპირ წამება განახორციელეს, რამდენიმე წუთის განმავლობაში ძალადობდნენ მოქალაქეზე, ამ წუთამდე დაკავებულები არ არიან" - ამბობს ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე - მის კომენტარს "ქართლის ამბები" ავრცელებს
ინტერპრესნიუსის ცნობით, დაკავებულს ბრალდება 353-ე მუხლით წარედგინა, რაც წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას გულისხმობს საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ და 2-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.
ცნობისთვის, 27 მაისს, ქართლის ამბებმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს როგორ ძალადობენ ჯგუფურად პოლიციელები მოქალაქეზე, სავარაუდოდ, მისი დაკავების დროს.
პროკურატურის განცხადებით, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.




