პოლიციელების მხრიდან ძალადობა

მათში გამჯდარია და გარანტია აქვთ დაუსჯელობის სინდრომის - სამუშია პოლიციელებზე

ლელო-ძლიერი საქართველოს წევრი, ლევან სამუშია გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეზე ძალადობის ფაქტს გამოეხმაურა. 

"დღეს გავრცელდა უმძიმესი კადრები უმძიმესი დანაშაულის შესახებ, რომელსაც პოლიციელები საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ სჩადიან. დაკავებამდე და სავარაუდოდ, დაკავების შემდეგ, სახეზეა უმძიმესი ფაქტი, დამამცირებელი მოპყრობა, ძალადობა და არაადამიანური მოპყრობა. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, ფაქტი ჩადენილია ჯგუფურად. უმძიმესია საყურებლად და აღსაქმელად, როცა ვხედავთ, რომ პოლიციელები დანაშაულს ჯგუფურად სჩადიან და მათ შორის ერთი პოლიციელიც კი არ გამოერია, რომ დანაშაული აღეკვეთა და თავისი კოლეგებისთვის ხელი შეეშალა. ეს გვაფიქრებინებს, რომ მათში გამჯდარია და გარანტია აქვთ დაუსჯელობის სინდრომის, თუ ფაქტები ასე სააშკარაოზე არ გამოვა. 

მინდა, პროკურატურას მივმართო. მხოლოდ გამოძიების დაწყება არ კმარა. სახეზეა პოლიციელების მხრიდან ჩადენილი ჯგუფური დანაშაული. ამის დამალვა არ შეიძლება და ამას შესაბამისი ყურადღება მიექცევა [...] პროკურატურისგან და შესაბამისი ორგანოებისგან უსწრაფესად მოვითხოვთ გამოძიების შედეგებს". - თქვა სამუშიამ კოალიციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

ლევან სამუშიამ პოლიციელების მხრიდან ძალადობასთან დაკავშირებით, ქართული ოცნების პოლიტიკური პასუხისმგებლობის შესახებაც ისაუბრა.

"სად არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, როცა ძალადობა უკვე ღიად, დღისით-მზისით ხდება. სად არის პოლიტიკური გუნდისა და ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხი? - გამოვიდეს და თქვას, ელემენტარულად პოლიტიკურ პასუხისმგებლობას თუ გრძნობს და ეს რაში მდგომარეობს, როცა აქციების დარბევიდან მოყოლებული, ათეულობით სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებულია გამოძიება, მაგრამ შედეგები თითქმის არცერთ საქმეზე არაა". - განაცხადა სამუშიამ.

პროკურატურის განცხადებით, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ცნობისთვის, ქართლის ამბებმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს როგორ ძალადობენ ჯგუფურად პოლიციელები მოქალაქეზე, სავარაუდოდ, მისი დაკავების დროს.

კომენტარები