უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა დაადასტურა, რომ 21 მაისს, უკრაინული დრონებით მიტანილი იერიშის შემდეგ, რუსეთს სამარის ოლქში მდებარე ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეწყვიტა.
"უკრაინის თავდაცვის ძალები გააგრძელებენ სისტემატური ზომების მიღებას, რათა რუსეთის ფედერაციას უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის შეწყვეტა აიძულონ." – განაცხადა გენშტაბმა Telegram-ზე გავრცელებულ განცხადებაში.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 21 მაისს დაადასტურა, რომ დრონების მეშვეობით უკრაინულმა ძალებმა საზღვრიდან 800 კილომეტრის დაშორებით მდებარე ნავთობქარხანას დაარტყეს.
უკრაინას რუსეთის სიღრმეში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ინფრასტრუქტურაზე იერიშები ხშირად მიაქვს, რათა კრემლს ომის წარმოების გაგრძელება გაურთულდეს. კიევი თვლის, რომ ენერგოინფრასტრუქტურა სამხედრო სამიზნეს წარმოადგენს, ვინაიდან ენერგო ობიექტები რუსეთის ომის მანქანას ნავთობითა და ფულით ამარაგებენ.
"ეს რუსული ნავთობგადამამუშავებელი ინდუსტრიის წინააღმდეგ ჩვენი მხრიდან მორიგი შორი რადიუსის სანქციაა და ამ მიმართულებით არ გავჩერდებით." – აღნიშნა ზელენსკიმ.
სიზრანის ქარხანას, რომელიც "როსნეფტს" ეკუთვნის, ყოველწლიურად დაახლოებით 9 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავება შეუძლია და ის ცენტრალურ და სამხრეთ რუსეთში რუსეთის საჰაერო ძალებსა და სამხედრო დანაყოფებს ამარაგებს, ხოლო კასპიის ზღვისა და მდინარე ვოლგას გავლით ნავთობპროდუქტები ექსპორტზე გააქვს.
მანამდე უკრაინის გენშტაბში განაცხადეს, რომ 18-19 მაისს უკრაინამ იაროსლავლის ოლქში, მოსკოვის მახლობლად, რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ და ნავთობსატუმბ ქარხანას დაარტყა.
ამ ფონზე გამოცემა Reuters გასულ კვირაში წერდა, რომ ბოლო პერიოდში უკრაინული დრონებით მიტანილი იერიშების გამო ცენტრალურ რუსეთში თითქმის ყველა მსხვილი ნავთობქარხანა იძულებული გახდა, შეეჩერებინა ან შეეზღუდა საწვავის წარმოება.




