ცოფი

კარანტინი გურჯაანში - ცოფი დაუდასტურდა ძაღლს, რომელმაც ფერმაში ცხოველები დაკბინა

საილუსტრაციო ფოტო
shutterstock

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ. იორთან ახლოს), ფერმაში ცოფის შემთხვევა დადასტურდა.

"ფერმაში განთავსებულია 1 000 სული წვრილფეხა და 17 სული მსხვილფეხა საქონელი, 2 ცხენი და 6 ძაღლი. მიმდინარე წლის 14 მაისს ერთ-ერთმა ძაღლმა, რომელიც გამოირჩეოდა აგრესიით, დაკბინა ხუთი ძაღლი, ერთი ცხვარი და ერთი სული მსხვილფეხა საქონელი. ძაღლი რამდენიმე დღეში მოკვდა, რის შემდეგაც პათოლოგიური მასალა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გადაიგზავნა. ლაბორატორიული კვლევის შედეგად ძაღლს ცოფი დაუდასტურდა.

მოკვლევით დადგინდა, რომ აღნიშნული ცხოველები არ იყვნენ ვაქცინირებული ცოფის საწინააღმდეგოდ. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ცოფით დაინფიცირებაზე საეჭვო არავაქცინირებულ ცხოველებს დაუყოვნებლივ უნდა ჩაუტარდეს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და მფლობელის პასუხისმგებლობით დაწესდეს 6-თვიანი ზედამხედველობა" - აცხადებს სურსათის სააგენტო და ლაბორატორიის პასუხს აქვეყნებს.

სეს-ის ცნობითვე, დაინფიცირებულ პუნქტსა და საფრთხისშემცველ ტერიტორიაზე გამოცხადდა კარანტინი და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო ცოფის სალიკვიდაციო ღონისძიებები - დაავადების ამთვისებელი ცხოველების იძულებითი ვაქცინაცია, დეზინფექცია, ცხოველთა გადაადგილების შეზღუდვა და ცოფის ამთვისებელი ცხოველების ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა.

კომენტარები