ივანიშვილის დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ პროპაგანდისტული რუსთავი 2-ის ეთერში გამართული დებატებისას, რომელიც სიძულვილის ენას შეეხება, განაცხადა რომ გარე აქტორები ცდილობენ წაახალისონ საქართველოში სიძულვილის ენა.
გორდულაძემ ეთერში მაყურებელს საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის, ასევე ევროპარლამენტარი ვიოლა ფულ კარმონის ფოტოები აჩვენა.
გორდულაძის თქმით, ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ "საქართველოს მოქალაქეებს შორის არ უნდა არსებობდეს ინფორმაციის გაცვლის, კამათისა და დისკუსიის რაციონალური და ამავდროულად ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული პრინციპები."
"სამწუხაროდ, ჩვენ არაერთი მაგალითი გვაქვს იმისა, რომ გარე აქტორები, სხვადასხვა პირები ცდილობენ, რომ წაახალისონ სიძულვილის ენა და სიძულვილის კამპანიები.
მხოლოდ რამდენიმე მაგალითს განახებთ, არის კონკრეტული შეკრება, რომელიც საზოგადოებისთვის აშკარად ცნობილია, ამ შეკრებაზე ვინ არის გამოხატული და რა ფონის წინ ზის ადამიანი. მაგალითად, ეს ადამიანი არის გერმანიის ელჩი, გერმანიაში ასეთი განაცხადის წინ დადგომა და დისკუსიაში ჩართვა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში თურმე ამაზე პასუხის გაცემა ელჩზე თავდასხმაა. შეგახსენებთ, რომ ასეთი ქმედებები უფრო შორსაც მიდის.
მაგალითისათვის, სულ ორიოდე წლის წინანდელი შემთხვევა შეგვიძლია გავიხსენოთ, სადაც აქციაზე ევროპარლამენტარი ვიოლა ფულ კრამონი დგას და არ გაინტერესებთ, ეს აქცია რა არის? აქცია მიძღვნილია მოლოტოვის კოქტეილის სროლის რომანტიზებისათვის, "მე ვისროლე" სახელწოდებით.
ბატონი ელჩი, რომელიც აკონტროლებს მაგალითად სასამართლო სისტემა როგორ ფუნქციონირებს [აჩვენებს ფიშერის ფოტოს სასამართლოდან]
სამწუხაროდ, არაერთი შემთხვევა შეგვიძლია გავიხსენოთ, როდესაც გარკვეული პირები პირდაპირ ახალისებდნენ ჩვენს ქვეყანაში სიძულვილს და ერთმანეთის ლანძღვა-გინებას და აქ მთავარია კითხვა რატომ? იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეებს შორის არ უნდა არსებობდეს ინფორმაციის გაცვლის, კამათისა და დისკუსიის რაციონალური და ამავდროულად ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული პრინციპები, რომ ადამიანებს არ ჰქონდეთ შესაძლებლობა იმისათვის, რომ დისკუსიაში და კამათში ჭეშმარიტება დაიბადოს და შემდეგ ამით უკვე მარტივად შესაძლებელი გახდება, რომ დეზინფორმაცია გავრცელდეს და ვიღებთ პოლარიზაციას." - თქვა გორდულაძემ.
ცნობისთვის, დღეს, ივანიშვილის წარმომადგენლმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ შსს-ში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის მთავარი ფუნქციაც "საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება"




