CNN-ის ცნობით, კრემლმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს დაცვა გაუძლიერა და მის ახლო გარემოცვაში მყოფი თანამშრომლების სახლებში სათვალთვალო სისტემები დაამონტაჟა მას შემდეგ, რაც მომრავლდა რუსი მაღალჩინოსნების მკვლელობები და გაიზარდა აჯანყების შიში.
ტელეარხის ინფორმაციით, უშუალოდ პრეზიდენტთან მომუშავე მზარეულებს, დაცვას და ფოტოგრაფებს აეკრძალათ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება. CNN-ის მიერ ნანახი დოსიეს მიხედვით, პუტინის სტუმრები ორჯერ უნდა შემოწმდნენ, ხოლო მასთან ახლოს მომუშავე პირებს მხოლოდ ინტერნეტთან წვდომის არმქონე ტელეფონების გამოყენება შეუძლიათ.
CNN იუწყება, რომ კრემლმა ზოგიერთი ზომა მიიღო დეკემბერში მაღალი რანგის გენერლის მკვლელობის შემდეგ, რამაც რუსეთის უსაფრთხოების უმაღლეს თანამდებობებს შორის უთანხმოება გამოიწვია. მათივე ცნობით, საბუთები მიუთითებენ კრემლში მზარდ შფოთვაზე, რაც გამოიწვია შინაგანმა და საგარეო პრობლემებმა, როგორიცაა ეკონომიკური დაბრკოლებები, მთავრობის მიმართ წინააღმდეგობის მატება და უკრაინასთან ბრძოლის ველზე მიღებული დანაკარგები.
დოსიეს მიხედვით, რუსეთის უსაფრთხოების მაღალჩინოსნებმა მკვეთრად შეამცირეს იმ ადგილების რაოდენობა, რომლებსაც პუტინი რეგულარულად სტუმრობს. CNN-ის ცნობით, მან და მისმა ოჯახმა შეწყვიტეს სიარული მათ ჩვეულ საცხოვრებელ ადგილებში, მოსკოვის რეგიონში და ვალდაიში, სადაც რუსეთის პრეზიდენტის დედაქალაქსა და სანქტ პეტერბურგს შორის განთავსებული იზოლირებული საზაფხულო საკუთრება მდებარეობს.
CNN-ის ინფორმაციით, 2025 წლის ხშირი სტუმრობების მიუხედავად, პუტინს წელს სამხედრო ობიექტი არ მოუნახულებია. ამასთან ერთად, ტელეარხი იუწყება, რომ შეზღუდვების გვერდის ასავლელად კრემლი პრეზიდენტის წინასწარ ჩაწერილ ფოტო და ვიდეომასალას აქვეყნებს.
CNN-ის მიერ ნანახ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ, პუტინი კვირებს ატარებს განახლებულ ბუნკერებში, ძირითადად კრასნოდარში.
დოსიე CNN-სა და სხვა მედიასაშუალებებს გადასცა ევროპულ დაზვერვასთან დაახლოებულმა პირმა.
ანგარიში ასახულია იშვიათი დეტალები მოსკოვის შიდა უსაფრთხოების გაუარესებასთან დაკავშირებით. მასში ასევე აღწერილია რუსეთის უშიშროებისა და სამხედრო სარდლობის პოტენციურად უხერხული დეტალები იმის შესახებ, თუ ვინ იყო პასუხისმგებელი უმაღლესი თანამდებობის პირების დაცვაზე, რამაც, ანგარიშის მიხედვით, პუტინის პროტოკოლების გადახედვა და პირადი უსაფრთხოების უფრო მაღალი დონის დაწესება კიდევ 10 უმაღლესი რანგის პირისთვის გახადა საჭირო.
დოსიეს მიხედვით, 2026 წლის მარტის დასაწყისიდან "კრემლი და თავად ვლადიმირ პუტინი შეწუხებულნი არიან მგრძნობიარე ინფორმაციის პოტენციური გაჟონვით, ასევე რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ შეთქმულების ან გადატრიალების მცდელობის რისკით. ის განსაკუთრებით ფრთხილობს რუსეთის პოლიტიკური ელიტის წევრების მიერ შესაძლო მკვლელობის მცდელობისთვის დრონების გამოყენებასთან დაკავშირებით."
CNN-ის ცნობით, ანგარიშში ასევე წერია, რომ სერგეი შოიგუ, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რომელიც ამჟამად უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობას იკავებს, "ასოცირდება გადატრიალების რისკთან, რადგან ის მნიშვნელოვან გავლენას ინარჩუნებს სამხედრო უმაღლეს სარდლობაში“.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ 5 მარტს შოიგუს ყოფილი მოადგილისა და ახლო თანამშრომელის, რუსლან ცალიკოვის დაპატიმრება "ელიტებს შორის ფარული დაცვის შეთანხმებების დარღვევად"ითვლება, რაც შოიგუს ასუსტებს და ზრდის იმის ალბათობას, რომ ის თავად შეიძლება სასამართლო გამოძიების სამიზნე გახდეს."
მარტში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ ცალიკოვი დააკავეს მითვისების, ფულის გათეთრებისა და მექრთამეობის ბრალდებით.
CNN-ის ცნობით, ანგარიშში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები შოიგუს წინააღმდეგ ბრალდებების დასადასტურებლად, რომელიც ადრე პუტინთან ძალიან დაახლოებულ პირად ითვლებოდა. ტელეარხი ასევე აღნიშნავს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ანგარიშის გამოქვეყნება შესაძლოა კრემლის დესტაბილიზაციისკენ იყოს მიმართული, აღსანიშნავია, რომ ევროპული დაზვერვა ამავდროულად ეფექტურად აფრთხილებს კრემლს შესაძლო გადატრიალების შესახებ.
დაზვერვის ანგარიშის თანახმად, გასული წლის ბოლოს კრემლში პუტინთან შეხვედრაზე მაღალი თანამდებობის პირებს შორის დაძაბულმა დაპირისპირებამ ნაწილობრივ გამოიწვია ახალი ზომების მიღება. 2025 წლის 22 დეკემბერს მოსკოვში გენერალ-ლეიტენანტი ფანილ სარვაროვის მკვლელობის შემდეგ, სავარაუდოდ, უკრაინელი აგენტების მიერ, პუტინმა სამი დღის შემდეგ უსაფრთხოების ძირითადი პერსონალი დაიბარა.
CNN-ის ინფორმაციით, შეხვედრის დროს გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა გააკრიტიკა ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) ხელმძღვანელი ალექსანდრე ბორტნიკოვი თავისი ოფიცრების დაცვის უუნარობის გამო, რომელიც, თავის მხრივ, ჩიოდა სამუშაოს შესასრულებლად საჭირო რესურსებისა და პერსონალის ნაკლებობას.
ანგარიშში ასევე წერია, რომ "ამ დაძაბული შეხვედრის ბოლოს, ვლადიმირ პუტინმა მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა, შესთავაზა ალტერნატიული სამუშაო ფორმატი და დაავალა, ერთი კვირის განმავლობაში წარმოედგინათ საკითხის გადასაწყვეტად კონკრეტული ნაბიჯები." ეს გულისხმობდა პუტინის მიერ საკუთარი ფედერალური დაცვის სამსახურის (ФСО) მოქმედების არეალის გაფართოებას - რომელიც იმ დროს მხოლოდ გერასიმოვს იცავდა სამხედრო სარდლობაში - რათა უზრუნველყოფილიყო კიდევ 10 უფროსი მეთაურის უსაფრთხოება.
ანგარიშის მიხედვით, სწორედ ამას მოჰყვა პუტინის პირადი დაცვის გაძლიერება.
ცნობისთვის, რუსეთი ამცირებს 9 მაისის გამარჯვების დღის აღლუმს მოსკოვში და ღონისძიებაზე სამხედრო ტექნიკას არ გამოიყვანს, რაც ყოველ წელს ტრადიციულად მისი სამხედრო ძალის დემონსტრირებას ემსახურებოდა.
შემცირებული ფორმატის აღლუმი, რომელიც წითელ მოედანზე გაიმართება, არ მოიცავს სამხედრო ტექნიკის ტრადიციულ კოლონას "არსებული ოპერატიული ვითარების გამო", განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.





