ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში აშშ-ს საელჩოში აფეთქება მოხდა. ადგილობრივი პოლიციის მიხედვით, შემთხვევა შესაძლოა ტერორისტული აქტი ყოფილიყო.
აფეთქების შედეგად შენობა მსუბუქად დაზიანდა და არავინ დაშავებულა.
ტერაქტის ვერსიის შესახებ ნორვეგიის გამოძიებისა და დაზვერვის ერთობლივი დანაყოფის ხელმძღვანელმა, ფროდე ლარსენმა ნორვეგიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, NRK-სთან ილაპარაკა.
"ერთ-ერთი ჰიპოთეზა ის არის, რომ ეს ტერაქტია, თუმცა ამაზე სრულად მიჯაჭვულები არ ვართ". - თქვა ლარსენმა.
ლარსენმა ასევე დაამატა, რომ მომხდარის აღქმა "ახლანდელი უსაფრთხოების სიტუაციის ფონზე ბუნებრივია" და შესაძლოა, რომ თავდასხმა "აშშ-ს საელჩოს წინააღმდეგ განზრახ ყოფილიყო მიმართული".
თუმცა, ამასთან, ლარსენის თქმით, ასევე არ არის გამორიცხული, რომ აფეთქება სხვა მიზეზის გამო მომხდარიყო.
ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელმა ნორვეგიის საზოგადოებრივ მაუწყებელს, NRK-ს უთხრა, რომ აფეთქება შენობის შესასვლელთან მოხდა.
გამოცემა Reuters თვითმხილველებზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ აფეთქების შედეგად შენობის შესასვლელი მსუბუქად დაზიანდა.
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ესპენ ბართ ეიდეს განცხადების თანახმად, ნორვეგიის მთავრობამ აშშ-ს საელჩოში მაღალჩინოსნებთან გამოხატა, რომ "ეს მიუღებელი აქტია, რომელსაც ძალიან სერიოზულად ეპყრობიან".





