პარტია ფედერალისტების განცხადებით, აზერბაიჯანში, ნახიჩევანის აეროპორტზე ირანული დრონების თავდასხმა "ერთხელ შეგვახსენებს, თუ რამხელა საფრთხის წინაშე დააყენა ივანიშვილის რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოება".
მათი განცხადებით, ქვეყნის თავდაცვის გაძლიერების ნაცვლად, რეჟიმი "აგრძელებს მოქალაქეების მოტყუებას", რომ ირანის რეჟიმისთვის მხარდაჭერის გამოხატვით საქართველო დაიცვა.
"აზერბაიჯანში, ნახიჭევანის აეროპორტზე ირანული დრონის თავდასხმა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ირანის რეჟიმს შეშლილი ფანატიკოსები მართავენ, რომლებიც ყოველგვარი დიპლომატიური ჟესტის მიუხედავად, მზად არიან კონფლიქტის არამონაწილე ქვეყნის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმები განახორციელონ.
მსგავსი ესკალაცია საქართველოს საზღვრებიდან 200 კილომეტრში კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რამხელა საფრთხის წინაშე დააყენა ივანიშვილის რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოება, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის მიზანმიმართულად ჩამოშლით.
საქართველო ბოლო 13 წელია რეგიონში ყველაზე ნაკლებს ხარჯავს თავდაცვაზე, რის გამოც ქვეყანა საერთოდ დაუცველია მის წინაშე არსებული მყისიერი საფრთხეებისგან.
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების ნაცვლად, რეჟიმი განაგრძობს საზოგადოების მოტყუებას, რომ ირანის ისლამისტური რეჟიმის მხარდაჭერით და დიპლომატიური ჟესტებით საქართველო დაიცვა, როდესაც აზერბაიჯანზე თავდასხმა საპირისპიროს დასტურია.
სინამდვილეში, ივანიშვილმა საქართველო დაასუსტა შიგნიდან და მსგავსი საფრთხეების პირობებში, ქართველ ხალხს მოკავშირეების გარეშე ტოვებს.
სანამ მისი რეჟიმი ძალაუფლებას ინარჩუნებს, საქართველოს მოქალაქეები არ იქნებიან უსაფრთხოდ და ქვეყანაში მშვიდობა თავზეხელაღებული ტერორისტების კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული.
ქართველები გრძელვადიან უსაფრთხოებას მივაღწევთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქვეყნის ეროვნული ინტერესების მოღალატე რეჟიმს ძალაუფლებას ჩამოვაშორებთ, საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებს მნიშნველოვნად გავაძლიერებთ და საქართველოს ევრო-ატლანტიკური განვითარების გზაზე დავაბრუნებთ.
რეგიონში კი მშვიდობა დამყარდება მაშინ, როდესაც თავისუფალი სამყაროს ერთიანი ძალისხმევით ირანში ტერორისტული რეჟიმის ნარჩენები სრულად განეიტრალდება და ირანელ ხალხს მიეცემა შესაძლებლობა, თავისუფლად განსაზღვროს თავისი მომავალი". - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ირანის ტერიტორიიდან ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაზე დრონებით იერიშები მიიტანეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ერთი უპილოტო აპარატი ნახიჩივანის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის შენობას მოხვდა, ხოლო მეორე - სკოლასთან ახლოს ჩამოვარდა, შეკერაბადის სოფელში. სამინისტროს ცნობით, შემთხვევის შედეგად აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დაშავდა.
შემთხვევას განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც წერს, რომ "გმობს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევას, რომლის შედეგადაც დაშავდა რამდენიმე მოქალაქე".





