აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

FT: აშშ ირანული დრონების მოსაგერიებლად უკრაინულ დრონსაწინააღმდეგო ტექნოლოგიას განიხილავს

Wild Hornets/X

გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის წყაროები ამბობენ, რომ პენტაგონი და სპარსეთის ყურის, სულ მცირე, ერთი სახელმწიფო მოლაპარაკებებს მართავენ უკრაინული დრონსაწინააღმდეგო აღჭურვილობის შესასყიდად, რათა ირანული დრონების იერიშები მოიგერიონ. 

FT-ს ცნობით, ბოლო დღეებში სპარსეთის ყურის ქვეყნები ირანული "შაჰედის" ტიპის დრონებისგან დასაცავად ძვირადღირებულ Patriot-ის რაკეტებს იყენებდნენ, თუმცა, მარაგების შემცირებასთან ერთად ახლა მათ უკრაინის გამოცდილებაზე დაყრდნობით სურთ უფრო იაფი ალტერნატიული გზის გამონახვა.

"შაჰედების" რუსული ვარიანტების მოსაგერიებლად უკრაინამ მოიერიშე დრონების ჩამომგდები დრონების მასობრივი წარმოება დაიწყო, რომელთა ღირებულებაც ათასობით დოლარი ღირს. ირანული "შაჰედების" ღირებულება $30 000-ს აღწევს, ამერიკული საჰაერო თავდაცვის რაკეტები კი, როგორიცაა Patriot-ის სისტემებში გამოყენებული PAC-3-ები, მილიონობით დოლარი ღირს. 

ერთ-ერთ უკრაინელმა მაღალჩინოსანმა Financial Times-თან საუბრისას აღნიშნა, რომ პენტაგონთან დისკუსიები "სენსიტიურია". "თუმცა, ცხადია, რომ მომატებული ინტერესია უკრაინულ ჩამომგდებ დრონებში, რომლებსაც შაჰედების ჩამოგდება ძალიან დაბალ ფასად შეუძლიათ." - აღნიშნა მაღალჩინოსანმა. 

ამავდროულად, თავდაცვის ინდუსტრიის წყარომ განაცხადა, რომ უკრაინული სისტემების გაყიდვა, მათ შორის, იმ სისტემებისაც, რომლებიც უკრაინის საზღვრებს მიღმა იწარმოება, კიევთან თანამშრომლობით უნდა მოხდეს.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კატარის ამირა შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანისთან და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ-ნაჰაიანთან საუბრები ჰქონდა უკრაინული დრონსაწინააღმდეგო ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით.

კომენტარები