საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომლითაც "გმობს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევას, რომლის შედეგადაც დაშავდა რამდენიმე მოქალაქე".
"მიუღებელია ნებისმიერი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ნორმებს და მიმართულია რეგიონში ვითარების ესკალაციისკენ.
საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული მტკიცე მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის გათვალისწინებით საქართველო გამოხატავს სოლიდარობას მოძმე აზერბაიჯანის მიმართ ამ რთულ ვითარებაში" - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, საგარეო უწყების ცნობით, მაკა ბოჭორიშვილი ტელეფონით ესაუბრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიჰუნ ბაირამოვს.
"მინისტრმა გამოხატა ღრმა შეშფოთება აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც დაშავდა რამდენიმე მოქალაქე. მინისტრმა ხაზი გაუსვა რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობას.
მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული და მეგობრული ურთიერთობის სიმტკიცე" - ნათქვამია საგარეო უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ირანის ტერიტორიიდან ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაზე დრონებით იერიშები მიიტანეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ერთი უპილოტო აპარატი ნახიჩივანის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის შენობას მოხვდა, ხოლო მეორე - სკოლასთან ახლოს ჩამოვარდა, შეკერაბადის სოფელში. სამინისტროს ცნობით, შემთხვევის შედეგად აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დაშავდა.
"ჩვენ ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიიდან ამ უპილოტო თავდასხმებს კატეგორიულად ვგმობთ, რომლებმაც აეროპორტის შენობის დაზიანება და ორი სამოქალაქო პირის დაშავება გამოიწვია.
აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განხორციელებული ეს თავდასხმა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს და ხელს უწყობს რეგიონში დაძაბულობის ზრდას. მოვითხოვთ, რომ ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ უმოკლეს ვადაში განმარტოს აღნიშნული საკითხი, წარმოადგინოს ახსნა-განმარტებები და მიიღოს აუცილებელი გადაუდებელი ზომები მსგავსი ინციდენტების მომავალში განმეორების თავიდან ასაცილებლად.
აზერბაიჯანული მხარე იტოვებს უფლებას მიიღოს შესაბამისი საპასუხო ზომები" - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.





