ირანის უზენაესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, ალი ლარიჯანის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყანა "უსამართლო ომში" ჩაითრია. მან X-ზე ასევე დაწერა, რომ აიათოლა ხამენეის მკვლელობისთვის ტრამპი "მძიმე ფასს" გადაიხდის.
"ტრამპმა, ნეთანიაჰუს კლოუნური ხრიკებით, ამერიკელი ხალხი ირანთა უსამართლო ომში ჩაითრია." - დაწერა მან.
ლარიჯანის მტკიცებით, ირანმა კონფლიქტში 500 ამერიკელ სამხედროზე მეტი დახოცა. აშშ-ს არმიის ცნობით, 28 თებერვალს ირანზე იერიშების დაწყებიდან აშშ-ს ექვსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
"ახლა გამოთვალეთ, ბოლო დღეებში 500-ზე მეტი დაღუპული ამერიკელი სამხედროთი, ისევ ამერიკა უპირველეს ყოვლისაა, თუ ისრაელი უპირველეს ყოვლისა?" - დაამატა ლარიჯანმა.
მან ასევე განაცხადა, რომ "იმამ ხამენეის მოწამეობრივ აღრულებას მძიმე ფასი ექნება" პრეზიდენტი დონალდ ტრამპისთვის.
ცნობისთვის, 28 თებერვალს აშშ-მ და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ერთობლივად წამოიწყეს მასშტაბური იერიშების კამპანია. პირველადი დარტყმების შედეგად ისრაელმა მოკლა ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი და კიდევ 40-მდე სამხედრო მეთაური და მაღალჩინოსანი.
მოკლულთა შორის ასევე არიან ირანის თავდაცვის მინისტრი აზიზ ნასირზადე, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაური მოჰამედ პაკპური, ირანის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ალი შამხანი და ქვეყნის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი, აბდოლრაჰიმ მუსავი.
1-ელ მარტს ირანული სამთავრობო მედიები წერდნენ, რომ იერიშებს ემსხვერპლნენ ხამენეის ოჯახის სხვა წევრებიც, მათ შორის, მისი ქალიშვილი, შვილიშვილი, სიძე და რძალიც. მომდევნო დღეს იერიშით მიღებულ ჭრილობებს ემსხვერპლა ხამენეის ცოლიც.
აშშ-ისრაელის იერიშებზე პასუხად ირანმა ისრაელისა და რეგიონის არაბული სახელმწიფოების წინააღმდეგ დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების გაშვება დაიწყო. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ისრაელის პასუხად "ისლამური რესპუბლიკის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველ თავდასხმით ოპერაციას" იწყებდა, თუმცა, ტრამპი უპრეცედენტო ძალის გამოყენებით დაიმუქრა იმ შემთხვევაში, თუ ირანი თავდასხმით ოპერაციას დაიწყებს.
ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ ტრამპმა მედიას განუცხადა, რომ მისი გათვლებით, ირანთან ომი დაახლოებით "ოთხ კვირამდე" გაგრძელდება, თუმცა, ასევე მიანიშნა, რომ ეს დრო შესაძლოა, შემცირდეს. ხოლო თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა თქვა, რომ აშშ-ს არმია მზადაა, ირანის წინააღმდეგ კამპანია უფრო დიდხანსაც გაგრძელდეს. მან ასევე IRGC-ს, ირანელ სამხედროებსა და პოლიციას იარაღის დაყრისკენაც მოუწოდა.
პარალელურად, ირანის უზენაესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ალი ლარიჯანმა X-ზე დაწერა, რომ ირანი "აშშ-სთან მოლაპარაკებას არ აპირებს."
2 მარტს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ირანთან კონფლიქტის ფარგლებში დაიღუპა ექვსი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, თუმცა, ტრამპმა განაცხადა, რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ გაიზრდება.





