სააგენტო Bloomberg-ი ახლო აღმოსავლეთის ბუნებრივი აირის კომპანიების ხელმძღვანელების ანონიმურ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ჩინეთი ფარულად ცდილობს ზეწოლას ირანელ მაღალჩინოსნებზე, რათა საკუთარი ქმედებებით ჰორმუზის სრუტეში კატარის გაზის ან სხვა სახის ენერგეტიკული ტვირთის გადაზიდვა არ შეაჩერონ.
არაბული ქვეყნების გაზის სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვანელების თქმით, ჩინეთის ხელისუფლება ირანელ მაღალჩინოსნებზე ზრდის წნეხს, რომ თეირანმა არ მიიტანოს იერიშები ნავთობისა და გაზის გადამტან ტანკერებზე, რომლებიც ჰორმუზის სრუტის გავლით გადიან. ჯერჯერობით, ბოლო მოვლენების დროს დაზიანდა ოთხი სავაჭრო ხომალდი.
ამავე წყაროების ცნობით, ირანელ მაღალჩინოსნებს ჩინეთის წარმომადგენლები სთხოვენ, რომ თავი აარიდონ საექსპორტო ჰაბებზე იერიშებს, როგორიცაა კატარი, რომელიც ჩინეთის თხევადი გაზის 30%-ს აწვდის.
ჩინეთი ნავთობისა და გაზის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია და ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა ამ ენერგორესურსების მიღებაში ხელს შეუშლის. დეკემბერში ამ გზის გავლით ჩინეთმა ნედლი რესურსების თითქმის ნახევარი მიიღო. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მაო ნინგმა საჯარო განცხადებაში ხაზი გაუსვა, რომ ჰორმუზის სრუტეში ზღვაოსნობის უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს.
ჩინეთი ირანის ნავთობის ერთ-ერთი მთავარი მყიდველი ქვეყანაა.





