აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

პუტინმა არაბულ ქვეყნებს ირანთან შუამავლობა შესთავაზა რეგიონში სიმშვიდის აღსადგენად

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2 მარტს სატელეფონო საუბრები გამართა არაბულ სახელმწიფოებთან და მათ რუსეთ-ირანის კავშირების გამოყენება შესთავაზა ახლო აღმოსავლეთში ვითარების დეესკალაციისთვის აშშ-ისრაელის იერიშების შემდეგ, რაც მან დაგმო.

არაბთა გაერთიანებული საამიროების, საუდის არაბეთის, ბაჰრეინისა და კატარის ლიდერებთან საუბრისას პუტინმა გააკრიტიკა ირანზე აშშ-ისრაელის იერიშები, რასაც კრემლმა "არაპროვოცირებული აგრესია" უწოდა.

კრემლის მიხედვით, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანთან საუბრისას პუტინმა მას შესთავაზა, რომ ურანთან უშუამავლებდა და თეირანს იერიშებთან დაკავშირებით საამიროების საჩივარს გადასცემდა. 

ამასთან, კრემლმა განაცხადა, რომ კატარის ემირ შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანისა და პუტინს შორის საუბრისას კი ორივე ლიდერმა გამოხატა შეშფოთება კონფლიქტის შესაძლო გაფართოებასთან და მასში სხვა ქვეყნების ჩართვასთან დაკავშირებით. ხოლო ბაჰრეინის მეფეს პუტინმა უთხრა, რომ რუსეთი მზადაა, გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლია, რათა რეგიონში ვითარება დასტაბილურდეს. 

საბოლოოდ, კრემლის ცნობით, საუდის არაბეთის პრინც მოჰამედ ბინ სალმანთან საუბრისას პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთს შეუძლია, სტაბილიზატორის როლი ითამაშოს როგორც ირანთან, ისე სპარსეთის ყურის სახელმწიფოებთან მეგობრული კავშირებიდან გამომდინარე. 

მანამდე კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ რუსეთი მუდმივ კონტაქტზეა ირანის ხელმძღვანელობასთან და კონფლიქტის გარშემო შექმნილ ვითარებას განიხილავს. მან ასევე იმედგაცრუება გამოხატა აშშ-ირანის მოლაპარაკებების წარუმატებლობის გამო.

კომენტარები