არალეგალები აშშ-ში

ტრამპი კონგრესს არალეგალებისთვის კომერციული მართვის მოწმობების გაცემის აკრძალვას სთხოვს

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესს მოუწოდა, სწრაფად მიიღოს კანონპროექტი, რომელიც ნებისმიერ შტატს არალეგალი მიგრანტებისთვის კომერციული მძღოლის ლიცენზიის გაცემას აუკრძალავს.

"ბევრი, თუ არა უმეტესობა, არალეგალი უცხოელი არ ფლობს ინგლისურ ენას და ვერ კითხულობს საგზაო ნიშნების ყველაზე საბაზისო მითითებებსაც კი - მიმართულების, სიჩქარის, საფრთხის ან მდებარეობის შესახებ" - განაცხადა ტრამპმა 25 თებერვალს აშშ-ს კაპიტოლიუმში გამართულ მიმართვაში.

ტრამპმა კანონპროექტს "დელილაs კანონი" დაარქვა - დელილა კოლმანი 2024 წელს ხუთი წლის ასაკში მძიმედ დაშავდა, როდესაც არალეგალი მიგრანტი, რომელიც 18-ბორბლიან სატვირთოს მართავდა, მას შეეჯახა. ტრამპის თქმით, მძღოლი ქვეყანაში ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში უკანონოდ შევიდა და კალიფორნიის შტატმა მას კომერციული მართვის მოწმობა მისცა.

აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, დელილა შემთხვევას სასწაულებრივად გადაურჩა და მიღებული ტრავმების შემდეგ ის ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება. ტრამპის მიმართვისას დელილა, მამასთან ერთად, კაპიტოლიუმში იმყოფებოდა.

"სწორედ ამიტომ, დღეს საღამოს მოვუწოდებ კონგრესს მიიღოს ის, რასაც დელილას კანონს ვუწოდებთ, და რომელიც ნებისმიერ შტატს არალეგალი უცხოელებისთვის კომერციული მართვის მოწმობის გაცემას აუკრძალავს" - განაცხადა ტრამპმა.

კომენტარები