ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ სამთავრობო მედიების, TV იმედის და POSTV-ს დასანქცირების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ დიდ ბრიტანეთში "არაფერი აღარ ფასობს" და აღნიშნული გადაწყვეტილება "არასერიოზული და სამარცხვინოა".
"სანქციებს ალბათ განსაკუთრებული კომენტარი არ სჭირდება, უბრალოდ ტრაგიკულია ის მდგომარეობა, რომელიც არის ჩამოყალიბებული დღეს ევროპულ ბიუროკრატიაში და ამ ტრაგიკული მდგომარეობის გამოხატულებაა ის გადაწყვეტილებაც, რომელიც ჩვენ ვიხილეთ. არაფერი აღარ ფასობს დიდ ბრიტანეთში, რომელიც თავის დროზე მიიჩნეოდა ადამიანის უფლებების სამშობლოდა და სამართლიანად მიიჩნეოდა. სწორედ აქ იწყება ადამიანის უფლებების ისტორია, ინგლისში. და დღეს არაფრად ფასობს ამ ქვეყანაში არც მედიის თავისუფლება, არც სხვა ადამიანის ძირითადი უფლებები. ასეთ ტრაგიკულ მდგომარეობამდე მიიყვანა პროცესებმა ევროპული ბიუროკრატია, მათ შორის, ბრიტანული ბიუროკრატია, რაც არის ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული მოვლენა. არასერიოზულია, სამარცხვინოა - ეს არის მოკლე კომენტარი". - თქვა კობახიძემ.
კობახიძე ასევე ამბობს, რომ "არცერთ ჟურნალისტს არცერთ ტელეკომპანიაში არ გაუუარესდება მდგომარეობა" და ამაზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლება იღებს.
"2007 წელსაც ძალიან ბევრ ადამიანს, ნაცებს უხაროდათ, როცა შეილახა იმედისთვის მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება. დღეს იგივე ადამიანები არიან აჟიტირებულები. თუმცა, თუ მაშინ ეფექტური იყო იმედის უფლებების შელახვა, ამ შემთხვევაში ეს არის აბსოლუტურად ფუჭი მცდელობა, რომ შეიზღუდოს იმედისთვის მედიის თავისუფელების ძირითადი უფლება.
ფურცელზე ეს არის, რა თქმა უნდა, მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების შელახვა, მაგრამ პრაქტიკაში ამას ვერ ექნება ეფექტი. ამ ქვეყანაში სახელმწიფო, ხელისუფლება, მთავრობა არის პასუხისმგებელი ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვაზე, მათ შორის, მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების დაცვაზე.
2012 წლამდე ამ ქვეყანაში იყო შელახული ადამიანის ძირითადი უფლებები, მათ შორის მედიის, სრული მონოპოლია იყო ჩამოყალიბებული და 2012 წელს სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ უზრუნველყო მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება და რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ არავის შევალახინებთ ამ ძირითად უფლებას. დაცული იქნება ეს უფლებები როგორც ტელევიზიისთვის, ასევე თითოეული ჟურნალისტისთვის იქნება დაცული მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება, როგორც TV იმედში, ისე POSTV-ში - ამაზე ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას. არცერთ ჟურნალისტს არცერთ ტელეკომპანიაში არ გაუუარესდება მდგომარეობა და პირიქით. მედიის თავისუფლებაზე ამ ქვეყანაში თავიდან ბოლომდე ხელისუფლება იღებს პასუხისმგებლობას". - თქვა კობახიძემ.
კობახიძის მტკიცებით, იმედი და POSTV მაუწყებლობას ჩვეულებრივად გააგრძელებს და ჟურნალისტების "უფლებები ბოლომდე დაცული იქნება".
"ყველა ქმედება განხორციელდება და ყველა შესაძლო ზომა იქნება მიღებული, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ TV იმედსა და POSTV-ის საქართველოში მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება არ შეელახოს [...] საქართველოს ხელისუფლება უკლებლივ ყველა ზომას მიიღებს იმისთვის, რომ დაცული იყოს TV იმედისა და POSTV-ის მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება - რისი შელახვაც სცადა ბრიტანეთმა, იმას ბოლომდე დავიცავთ. 2007 წლის შემდეგ, TV იმედისთვის მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების აღდგენას 5 წელი დასჭირდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, 5 წლის შემდეგ, ეს სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ უზრუნველყო. ახლა 5 წელი არ დაგვჭირდება, მაქსიმუმ 5 დღე დაგვჭირდება იმისთვის, რომ ამ ტელეკომპანიისთვის მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების დაცვა სრულად უზრუნველვყოთ [...] TV იმედი და POSTV მაუწყებლობას ჩვეულებრივად გააგრძელებს, ჟურნალისტების უფლებები ბოლომდე დაცული იქნება". - განაცხადა კობახიძემ.
24 თებერვალს გაერთიანებულმა სამეფომ პროპაგანდისტული სამთავრობო მედიები, TV იმედი და POSTV "რუსული დეზინფორმაციის გავრცელების" გამო სანქცირებულ ერთეულთა სიაში შეიყვანა, რის ფარგლებშიც მათ სამი კატეგორიის სანქციები შეეხოთ: აქტივების გაყინვა, სატრასტო მომსახურების სანქციები და დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქცია.
ამასთან, ექსპერტების აზრით, ბრიტანეთის მხრიდან TV იმედისა და POSTV-ს სანქცირება მნიშვნელოვნად ზრდის მათთან ბიზნესსაქმიანობის კეთების მხრივ სამართლებრივ და რეპუტაციულ რისკებს, რის გამოც ჩნდება საფუძვლიანი ვარაუდი, რომ კომპანიებმა შესაძლოა, მათთან სარეკლამო პარტნიორობები და სხვა სახის კომერციული კავშირები გაწყვიტონ.
"TV იმედი განზრახ ავრცელებს შეცდომაში შემყვან ინფორმაციას რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ, რაც მხარს უჭერს ან ხელს უწყობს პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც დესტაბილიზაციას ახდენს უკრაინაში, ან ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან უკრაინის დამოუკიდებლობას." - წერია სანქციების სიის დოკუმენტში. ანალოგიური შინაარსის დახასიათება თან ახლავს POSTV-ს სანქცირების მიზეზების განმარტებით ნაწილსაც.





