დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

მედია: ჟენევაში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა

Alex Wong/Getty Images/AFP & ირანის უზენაესი ლიდერი via AP

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჟენევაში აშშ-სა და ირანს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მხარეების დელეგაციებმა შეხვედრის ადგილი დატოვეს.

ამერიკელმა მაღალჩინოსანმა გამოცემა Axios-ს აცნობა, რომ მოლაპარაკებები დასრულდა, რაც ირანის სამთავრობო მედიამაც დაადასტურა.

"ჟენევაში ირანსა და აშშ-ს შორის გამართული ირიბი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა," წერს ახალი ამბების სააგენტო ISNA.

გამოცემა Times of Israel-ის მიხედვით, ჯერჯერობით უცნობია, მიაღწიეს თუ არა მხარეებმა მოლაპარაკებებზე პროგრესს. 

მოლაპარაკებების დამთავრებამდე ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი აშშ-ს დაემუქრა და განაცხადა, რომ "მსოფლიოში ყველაზე ძლიერი არმიაც შეიძლება" დამარცხდეს.

"ისინი გამუდმებით ამბობენ, რომ ირანისკენ ავიამზიდი გაგზავნეს. ძალიან კარგი, ავიამზიდი საშიში მოწყობილობაა, მაგრამ ავიამზიდზე უფრო საშიშია ის იარაღი, რომელსაც მისი ზღვის ფსკერზე ჩაძირვა შეუძლია." - თქვა ხამენეიმ.

ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ახლო აღმოსავლეთში მეორე ავიამზიდიც გაგზავნა იმ შემთხვევისთვის, თუკი ირანის რეჟიმი აშშ-სთან "სწორ შეთანხმებას" არ დადებს. პარალელურად, გამოცემა Reuters წერს, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალები ირანთან გრძელვადიანი დაპირისპირების შესაძლებლობისთვის ემზადება.

პარალელურად, X-ზე ღია წყაროების დაზვერვის (OSINT) ანალიტიკური წყაროები წერენ, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში ძალების მობილიზებას ამ დრომდე განაგრძობს.

კომენტარები