გრანტების რუსული კანონი

ემიგრანტების შეზღუდვის შესახებ ჩანაწერი არსად არაა - გორდულაძე გრანტების კანონზე

ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ გრანტების კანონის გამკაცრებაზე საუბრის დროს ემიგრანტების თემაზეც გააკეთა განცხადება. 

"ვრცელდება ტყუილი, რომ თითქოს, ემიგრანტის მიერ საქართველოში, თავის ოჯახში, საყოფაცხოვრებო მიზნით ჩარიცხული თანხა შეუძლებელია, რომ თანხმობის გარეშე ჩაირიცხოს, ჩარიცხვის შემთხვევაში კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს - ეს ტყუილია [...] თუ ემიგრანტი ოჯახში თანხას რიცხავს საყოფაცხოვრებო მიზნებიდან გამომდინარე, ეს გრანტად არ ჩაითვლება [...]

თუ საქართველოს მოქალაქე, ეროვნებით ქართველი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა იმიტომ, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო, როგორც, სამწუხაროდ, ბევრი ემიგრანტია, და ემიგრანტი საკუთარ ოჯახის წევრს: შვილს, შვილიშვილს, ძმისშვილს, დისშვილს და ა.შ. ჩაურიცხავს თანხას ნებისმიერი საყოფაცხოვრებო მიზნიდან გამომდინარე, მასზე გრანტების შესახებ კანონი არ გავრცელდება და არც შესაბამის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას არ გამოიწვევს [...]

თუ ემიგრანტი საქართველოს მოქალაქეს ჩაურიცხავს თანხას, რომელიც საყოფაცხოვრებო მიზნისთვის იქნება გამოსაყენებელი, ეს სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობას არ გამოიწვევს - იმის მიუხედავად, თუ დასაჩუქრებული პირი გადაწყვეტს, რომ პოლიტიკური საქმიანობით დაკავდეს. ემიგრანტებთან დაკავშირებით არავითარი შეზღუდვის შესახებ ჩანაწერი არსად არაა ". - თქვა გორდულაძემ გრანტების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვის დროს. 

დღეს ივანიშვილის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გრანტების კანონის გამკაცრებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს.

28 იანვარს უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ივანიშვილის წარმომადგენელმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ ცვლილებები შეაქვთ გრანტების შესახებ კანონში. შემოაქვთ ახალი ტერმინთა განმარტება და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობები - გრანტების კანონის დარღვევა 6 წლამდე პატიმრობას გამოიწვევს. 

კომენტარები