სარჯველაძე: სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტები ნებისმიერ აფთიაქს მარაგში უნდა ჰქონდეს

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე
ჯანდაცვის სამინისტრო

ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ TV იმედის ეთერში აფთიაქებში არსებულ ფასებზე ისაუბრა და თქვა, რომ მედიკამენტების დიდ ნაწილზე უკვე მოქმედებს რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი.

"ფაქტია, რომ რეფერენტული ფასები ამ დრომდე მუშაობს. ისე როგორც ბევრ განვითარებულ სახელმწიფოში, საქართველოშიც დანერგილია და მოიტანა დადებითი შედეგი. დაახლოებით 7 000 დასახელების მედიკამენტებზე რეფერენტული ფასი უკვე განსაზღვრულია და მოქმედებს. ეს ცოცხალი პროცესია.

ფარმაცევტული სექტორის გამოხმაურება კონსტრუქციული და ნორმალური იყო. რასაკვირველია ყველას კარგად ესმის, რომ ერთ-ერთი უპირველესი მექანიზმი ფასების რეგულირებისთვის, სწორედ რეფერენტული პოლიტიკის გატარებაა. ამაზე იყო საუბარი და სექტორს აქვს განწყობა, რომ აღნიშნულმა მიდგომამ შეიძლება იმუშაოს სხვა მედიკამენტებთან მიმართებითაც". - თქვა მან.

სარჯველაძემ ასევე ისაუბრა მედიკამენტების ხარისხზეც, და თქვა, რომ ფასების რეგულირება ხარისხის კონტროლის გარეშე ეფექტიანი ვერ იქნება.

"მედიკამენტი, რომელიც მინიმალურ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, ბაზარზე არ უნდა შემოდიოდეს, მიუხედავად იმისა, რამდენად მიმზიდველია ის ფასის თვალსაზრისით მეწარმისთვის, პაციენტისთვის თუ ექიმისთვის.

[...] როდესაც ვსაუბრობთ ხარისხსა და ფასზე, მაგალითად, ფსიქოტროპული მედიკამენტების რეგულირების შემდეგ, ზოგ შემთხვევაში ფასი 12-ჯერ, ზოგ შემთხვევაში კი 8-ჯერ შემცირდა.". - ამბობს სარჯველაძე.

ივანიშვილის მინისტრის განცხადებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტები ნებისმიერ აფთიაქს მარაგში უნდა ჰქონდეს, რისთვისაც, მისი თქმით, საჭირო იქნება "ოპტიმალური ხერხების შემოტანა, რომლითაც პრაქტიკულად, გამორიცხული იქნება ამგვარი პერიოდული დეფიციტები".

"ე.წ. ესენციური მედიკამენტები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ნებისმიერ აფთიაქს მარაგში უნდა ჰქონდეს. შევხედავთ, როგორ შეიძლება, დავაზღვიოთ ასეთი რისკებისგან მოქალაქეები. დაგვჭირდება ოპტიმალური ხერხების შემოტანა, რომლითაც პრაქტიკულად, გამორიცხული იქნება ამგვარი პერიოდული დეფიციტები". - თქვა სარჯველაძემ.

ივანიშვილის პრემიერი ირაკლი კობახიძე "სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის" სხდომაზე 25 ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.

კობახიძის თქმით, მთავრობა პასუხისმგებელია მოსახლეობის სოციალური ინტერესების დაცვაზე და "თუ სადმე არის გაუმჯობესების სივრცე, ამაზე უნდა ვიზრუნოთ მაქსიმალურად".

კომენტარები