დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

Axios: ტრამპის თქმით, "დიდი არმადის" მიახლოების ფონზე ირანის რეჟიმს შეთანხმების დადება სურს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Neil Hall/EPA/Bloomberg

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოცემა Axios-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანთან მიმართებით არსებული სიტუაცია ცვალებადია, რადგან მან ახლო აღმოსავლეთში "დიდი არმადა" გაგზავნა, თუმცა, ასევე ფიქრობს, რომ ხამენეის რეჟიმს აშშ-სთან შეთანხმების დადება სურს. 

თეთრი სახლის მაღალჩინოსნებმა გამოცემას განუცხადეს, რომ ირანზე იერიშები კვლავ განიხილება, მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმმა ანტისამთავრობო დემონსტრაციები მეტწილად ჩაახშო. ირანში ათასობით დემონსტრანტის დახოცვის გამო ტრამპი ახლოს იყო რეჟიმის სამიზნეებზე იერიშების დაწყებაზე ბრძანების გაცემასთან, თუმცა, მან გადაწყვეტილების მიღება გადადო და რეგიონში დამატებითი სამხედრო ძალები გაგზავნა, მათ შორის, ავიამზიდიც.

Axios-ის წყაროები ამბობენ, რომ ტრამპს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია და, დიდი ალბათობით, ამ კვირაში დამატებით კონსულტაციებს გამართავს, რის ფარგლებშიც მას ახალ სამხედრო ვარიანტებს გააცნობენ. პარალელურად, ახლო აღმოსავლეთში უკვე ჩავიდა USS Lincoln, თავის მოიერიშე ჯგუფთან ერთად, რაც დამატებით სამ საესკადრო ნაღმოსანს მოიცავს. 

გამოცემასთან ინტერვიუში ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ს ირანთან ახლოს დიდი არმადა ჰყავს განლაგებული. "ვენესუელაზე დიდი". - დაამატა მან. 

Axios-თან საუბრისას ტრამპმა უარი თქვა მისთვის წარდგენილი სამოქმედო ვარიანტების განხილვაზე, თუმცა, აღნიშნა, რომ ირანთან დიპლომატიისთვის კარი კვლავ ღიაა. "მათ შეთანხმების დადება სურთ, ეს ვიცი. მათ რამდენჯერმე დარეკეს. ლაპარაკი უნდათ." - ამბობს აშშ-ს პრეზიდენტი. 


ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა კვლავ მაღალ დონეზეა იმ ფონზე, როცა ირანის რეჟიმის მხრიდან 28 დეკემბერს დაწყებული ანტისამთავრობო დემონსტრაციების სასტიკი დარბევის შემდეგ აშშ-მ რეგიონში დამატებითი სამხედრო ძალები, მათ შორის, ავიამზიდი გაგზავნა. 

საპროტესტო აქციები ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის გამო დაიწყო და მალევე რეჟიმის საწინააღმდეგო დემონსტრაციებში გადაიზარდა. გამოცემა New York Times წერდა, რომ დეკემბრის ბოლოს ირანის ვალუტა აშშ-ს დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, ხოლო დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 42.2 პროცენტს მიაღწია.

ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს ბოლო მონაცემებით, ამ დრომდე აქციებზე დაღუპულთა რაოდენობა 5 137-ს აღწევს, ხოლო რეჟიმის მიერ დაკავებულთა რიცხვი 27 797-ია. თუმცა, აქტივისტების ცნობით, დაკავებული პირების რაოდენობა შესაძლოა, 40 000-საც აღემატებოდეს. ამავდროულად, უკვე ორ კვირაზე მეტია, მთელი ქვეყნის მასშტაბით გათიშულია ინტერნეტიც.

აქციების პარალელურად, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეირანს საპასუხო ქმედებებით დაემუქრა, თუკი რეჟიმი მშვიდობიან დემონსტრანტებს დახოცავდა და აქციებზე დაკავებულ ხალხს სიკვდილით დასჯიდა. 

მას შემდეგ ტრამპმა არაერთხელ თქვა, რომ ხამენეის რეჟიმმა 800-ზე მეტი ადამიანის ჩამოხრჩობა გააუქმა, თუმცა, ამის პარალელურად, პრეზიდენტმა ტრამპმა 23 იანვარს განაცხადა, რომ ირანისკენ აშშ-ს საზღვაო ძალების "არმადა" მიემართება და დაამატა, რომ ამერიკა ირანს "ყურადღებით აკვირდება".

"ჩვენ ირანს ვაკვირდებით. როგორც იცით, ბევრი ხომალდი მიცურავს ამ მიმართულებით, ყოველი შემთხვევისთვის, დიდი ფლოტილია მიემართება და ვნახავთ, რა მოხდება. ირანისკენ დიდი ძალები გადაგვყავს. მირჩევნია, რომ არაფერი მოხდეს, მაგრამ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით." - თქვა ტრამპმა.

გავრცელებული ცნობებით, ირანს ინდოეთის ოკეანიდან უკვე მიუახლოვდა USS Lincoln-ის მოიერიშე ჯგუფი, რომელიც ავიამზიდთან ერთად სამ საესკადრო ნაღმოსანსაც მოიცავს.

ამას გარდა, აშშ-სა და ირანს შორის შესაძლო სამხედრო დაპირისპირების საფრთხის გამო რამდენიმემ მსხვილმა ავიაკომპანიამ, მათ შორის, KLM-მა, Lufthansa-მ და Air France-მა, ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ფრენები შეაჩერეს.

თავის მხრივ, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაურმა აშშ გააფრთხილა, რომ მისი ძალები "იმაზე უფრო მზადაა, ვიდრე ოდესმე ყოფილა". 

ირანის უზენაეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან დაახლოებული გამოცემის, Nournews-ის მიხედვით, გენერალმა მოჰამად პაკპურმა აშშ და ისრაელი გააფრთხილა, რომ "ნებისმიერი არასწორი გაანგარიშება თავიდან აირიდონ".

კომენტარები