ტრამპის საგარეო პოლიტიკა

ტრამპი: ირანისკენ არმადა მიემართება, შესაძლოა, ამის გამოყენება არ დაგვჭირდეს

დონალდ ტრამპი
Brandon Bell/Getty Images

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რეპორტიორებს განუცხადა, რომ ირანისკენ აშშ-ს საზღვაო ძალების "არმადა" მიემართება, თუმცა, დაამატა, რომ "შესაძლოა," აშშ-ს ამ ძალის გამოყენება "არ დასჭირდეს".

"ჩვენ ირანს ვაკვირდებით. როგორც იცით, ბევრი ხომალდი მიცურავს ამ მიმართულებით, ყოველი შემთხვევისთვის, დიდი ფლოტილია მიემართება და ვნახავთ, რა მოხდება. ირანისკენ დიდი ძალები გადაგვყავს. მირჩევნია, რომ არაფერი მოხდეს, მაგრამ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით." - თქვა ტრამპმა.

ამას გარდა, ტრამპის თქმით, გასულ კვირას ირანი "ძირითადად, 837 ახალგაზრდა კაცის ჩამოხრჩობას აპირებდა".

"მე ვუთხარი, რომ თუ ამ ხალხს ჩამოახრჩობთ, იმაზე ძლიერად დაგარტყამთ, ვიდრე ოდესმე თქვენთვის დაურტყამთ, რაც ირანის ბირთვულ ობიექტებს გავუკეთეთ ამასთან არაფერი იქნება-მეთქი და ერთი საათით ადრე, სანამ ეს საშინელი რაღაც მოხდებოდა, მათ გააუქმეს, გააუქმეს, არ გადაუდიათ. ასე რომ, ეს კარგი ნიშანი იყო." - დაამატა მან.

ტრამპი ხაზს უსვამს, რომ ირანისკენ "არმადა" მიცურავს: "ირანისკენ მასობრივი ფლოტი მიემართება და შესაძლოა, ამის გამოყენება არ დაგვჭირდეს, ვნახოთ" - ამბობს აშშ-ს პრეზიდენტი.

კომენტარები